ეს ჩვენი ერთ-ერთი მკითხველის წერილია და მას სურს, ბევრმა წაიკითხოს და გაითვალისწინოს მისი წუხილი.
"ძალიან მიხარია ასეთი ვებ-გვერდების არსებობა, მაგრამ ვფიქრობ, დიდი საუშაოა ამ მხრივ ჩასატარებელი საქართველოში, ვგულისხმობ ბავშვის სწორად აღზრდას. ბავშვის აღზრდა საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლო საკითხი რომ არის, ეს ყველა მშობელმა ვიცით, მაგრამ მეორე საკითხია, რას ვგულისხმობთ "აღზრდაში".
მაგალითად, დაახლოებით 1 თვის წინ მე და ჩემი 4 წლის გოგონა ერთ-ერთ მარკეტში ვიყავით, სალაროს რიგში ვიდექით. ბავშვმა ხელი წაავლო ჯოხს (არ ვიცი რა ჰქვია), რომლითაც პროდუქტს ვტიხრავთ, ჩვენ წინ მდგომმა შუახნის ქალბატონმა ისეთი აგრესიით გამოგლიჯა ხელიდან ჯოხი და ისე დააგდო დახლზე, ბავშვი შეხტა მოულოდნელობისგან!
მეორე - სულ რამდენიმე დღის წინ მე და ჩემი შვილი მეტროთი ვმგზავრობდით. ჩვენ წინ ისხდნენ ასაკოვანი ქალბატონები, რომლებიც ყურადღებით ადევნებდნენ თვალს ჩემი შვილის ცელქობას (არ დაჯდა საკამზე, მღეროდა და რაღაცეებს მაიმუნობდა, იყო ძალიან მხიარულ განწყობაზე). როგორც კი მატარებელი გაჩერდა, ერთ-ერთმა ქალბატონმა პირდაპირ ბავშვს მიმართა, რომ სასწრაფოდ გაჩერებულიყო (ძალიან მკაცრად) და ამას მოჰყვა მთელი რიგი აღმზრდელობითი ტექსტი ბავშვის მისამართით! მე თვალით ვანიშნე, რომ გაჩერებულიყო, მაგრამ ის მაინც აგრძელებდა... სწრაფი ნაბიჯით გამოვეცალეთ იქაურობას, ბავშვი იყო ძალიან დათრგული, ამ ქალბატონს კი მივუბრუნდი და ვუთხარი, ბავშვს ნუ მიშინებ-თქო (სამწუხაროდ, ძალიან გავბრაზდი და ვავმჯობინე ბავშვის თანდასწრებით არ ავფეთქებულიყავი, რაც შემდგომში ძალიან ვინანე). ამას მოჰყვა ასეთი ტექსტი: "ძალიან კარგი, თუ შეეშინდა, შენ 3-ჯერ უთხარი და არ დაგიჯერა, გათამამებული გყავს, აბა, ჩემთან გაბედოს!"
აღარ ვამბობ იმას რომ ყველა უცნობი ქუჩაში სეირნობისას საჭიროდ თვლის, რჩევა მოგცეს და გასწავლოს, როგორ "აღზარდო" შვილი...
ჩემი შვილი არის ბავშვი, რომელსაც სიცოცხლე უხარია, დარბის, მღერის როცა ემღერება, უყვარს თანატოლები, თამაში და ა.შ., რაც საქართველოში თურმე პრობლემა ყოფილა! არ მინდა, იყოს დათრგუნული და სხვის აზრს და ქცევებს მორგებული ადამიანი, რომელსაც საკუთარი აზრი არ გააჩნია! არ მინდა დავღალო ბავშვი გაუთავებელი შენიშვნებით, არც ის მინდა, 100%-ით მემორჩილებოდეს და თვალებში შემომყურებდეს, არც ის, რომ ასეთ "ქალბატონებს" მოსწონდეთ! არც იმის მომხრე ვარ, თვალები ვუბრიალო, თუ ჭამის დროს ტანსაცმელი დაისვარა, ან სასრიალოზე სრიალის დროს ხმამაღლა, გულიანად იცინა!
ეს არის რეალური სურათი საქართველოში, იმის ნაცვლად რომ ბავშვის დანახვა უხაროდეთ, ტკბებოდნენ ბავშვების ანცობით, აგრესია ეძალება და პატარა ბავშვს ქცევებს უკონტროლებენ, ხოლო დედებს - აღზრდის მეთოდებს! გაგრძელება