1. 3 წლის შემდეგ შემიძლია სახლიდან გაგაგდო, თუმცა, ორი ვარიანტი გაქვს: ან უმაღლესში ჩააბარო, მე დაგეხმარები, როგორც შევძლებ, ან სამსახური მოძებნო და საკუთარი თავი თავად არჩინო. არანაირი სურვილი არ მაქვს, ვარჩინო 18+ წლის გოგონა, ეს არასწორია. შენ გაქვს 3 წელი, რომ მიიღო გადაწყვეტილება. სხვათა შორის, შენს ოთახში ჩვენი საძინებლის მოწყობას ვაპირებთ.
2. მშვენიერი ხარ, ლამაზი და ჭკვიანი. იმაზე უკეთესი ხარ, ვიდრე მე ვიყავი შენს ასაკში. უკვე 15 წელია გიცნობ. იმაზე უკეთესი ხარ, ვიდრე ვიფიქრებდი. ნუ, ცოტა მამასაც ჰგავხარ.
3. შენთვის სამაგალითო არ ვარ. სრულიად განსხვავებული ხარ ჩემგან, არ უნდა მოგწონდეს ის, რაც მე მომწონს. მე ჩემი ღირებულებები მაქვს, შენ შენი.
4. თავისუფალი ხარ. შენგან არაფერს ველი. შეგიძლია მეეზოვე გამოხვიდე, დიასახლისი, ოფის-მენეჯერი, ანალიტიკოსი. არასდროს ჩავერევი შენს არჩევანში.
5. არ ხარ ჩემ წინაშე ვალდებული. იმისთვის არ გამიჩენიხარ, რომ ვალი დამიბრუნო. არ ველი შენგან ჭიქა წყალს. არ ველოდები, რომ როცა მოვხუცდები, უნდა შემინახო. შენი ცხოვრება შენი არჩევანია.
6. შენ გაქვს სახლი. რაც არ უნდა მოხდეს შენს ცხოვრებაში, მე შენ გვერდით ვიქნები. დაგეხმარები, რითიც შემეძლება. თუმცა, თვითნებურად შენს საქმეებში არ ჩავერევი.
7. მე მაქვს ჩემი ცხოვრება. არ ვარ ვალდებული, ხელის დაქნევისთანავე შენთან გავჩნდე. არ ვარ ვალდებული, ჩემი კომფორტი შევწირო შენს კეთილდღეობას. შემიძლია, მაგრამ ვალდებული არ ვარ.
8. შენ შენი ცხოვრება გაქვს. გათხოვდი, გააჩინე შვილები, იმუშავე, მიიღე პოლიტიკური გადაწყვეტილებები. შეიცვალე მრწამსი, სქესი. ისე უნდა მოიქცე, როგორც გული გიკარნახებს. ამით არ დამკარგავ და არასდროს გახდები ჩემთვის პერსონა ნონ-გრატა.
9. არავინ არ ცდილობს, ზიანი მოგაყენოს. უბრალოდ, ყველას საკუთარი მოსაზრება აქვს. ფსიქიკურად ჯანმრთელი ადამიანი არ ეცდება, განზრახ მოგაყენოს ზიანი.
10. ცხოვრება არასამართლიანია. ვერ შეძლებ სამყაროს გაკონტროლებას. შეიძლება ყველაფერი სწორად აკეთო, მაგრამ მაინც წაგებული აღმოჩნდე. ერთადერთი, რაც უნდა გაღელვებდეს, სამართლიანობაა. იფიქრე და აკეთე ისე, როგორც შენთვის იქნება კარგი.
11. შენი ”კარგი” შეიძლება ვიღაცისთვის ”ცუდი” იყოს. შეიძლება ვიღაცის ადგილი დაიკავო სამსახურში ან ვიღაცის მთელი ცხოვრების სიყვარულს ხვდებოდე. თუმცა, ისიც გახსოვდეს, რომ შენი ”ცუდი” სხვისთვის ”კარგია”.
12. 100 პროცენტით მხოლოდ მარტო საკუთარი თავის უნდა გჯეროდეს. მხოლოდ შენ იცი, რისი შესაძლებლობა გაქვს. შეგიძლია რაღაც არ მითხრა, დამიმალო. მეც მოვქცეულვარ ასე, მეც მყავს დედა. მთავარია, საკუთარ თავთან იყო მართალი.
13. საკუთარ თავზე პასუხისმგებელი თავად ხარ. ნუ გექნება ნურავის იმედი. გააჩინე შვილი, თუ მისი გაზრდის საშუალება გექნება. დაიწყე პროექტზე მუშაობა, თუ კოლეგებს თავს არ მოაბეზრებ დახმარების თხოვნით. გახსოვდეს, არავინ არაა შენ წინაშე ვალდებული.
14. გაითვალისწინე, რომ ნებისმიერ მოვლენას მოჰყვება შედეგი. შეიძლება სწორი ვარიანტი ვერ გამოიცნო, მაგრამ გაითვალისწინე რამდენიმე ვარიანტი.
15. არ დამიჯერო, 14 პუნქტი ჩამოვწერე, ჩემი შეხედულებიდან გამომდინარე. არ შემედარო, არ იფიქრო, რომ რასაც მე ვიტყვი, ისაა სწორი. იქონიე შენი აზრი. მე გავაჩინე ადამიანი, რომელსაც მსურს, რომ საკუთარი აზრი გააჩნდეს.
15. ა) მაგრამ მერე არ იწუწუნო.
15. ბ) და არ გამორთო მობილური, ვნერვიულობ.