სოფო 11 წლისაა. ის სათვალეს ატარებს. ამის გამო მას ხშირად დასცინიან. თამუნა კარგად ვერ სწავლობს, რის გამოც კლასელები მას "ოროსანს" ეძახიან. არსებობს კიდევ უფრო მძიმე შემთხვევები - 11 წლის ბიჭი, რომელმაც თავი იმიტომ მოიკლა, რომ თანატოლები მას დასცინოდნენ. ეს ბულინგია.
ბულინგი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფორმაა, რომელიც ძირითადად მოზარდ თანატოლთა შორის არის გავრცელებული და ერთი მხარის მიერ მეორის დაჩაგვრასა და დაცინვაში გამოიხატება. შეიძლება ერთი ბავშვი ძალადობდეს მეორეზე ან ჯგუფი - ჯგუფზე, ანდა ჯგუფი - ერთ კონკრეტულ ბავშვზე. ბულინგის მიზეზი კი შეიძლება გახდეს განსხვავებულობა, ფიზიკური ნაკლი, განსხვავებული აზრი და სხვა.
2008 წლის გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხული ბავშვების 80%-მა თანატოლების მხრიდან ერთხელ მაინც განიცადა ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ძალადობა.
ბულინგი პრობლემაა მსოფლიოში და პრობლემაა საქართველოშიც.
Allnews.ge დაინტერესდა, რა კეთდება ბულინგის პრევენციისთვის და როგორ უნდა მოიქცეს ზრდასრული ადამიანი მსგავს შემთხვევაში.
როგორც ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა აცხადებს, ბულინგი სკოლებში ახალი არ არის და ის ყოველთვის არსებობდა.
"ბულინგის მიზეზები განსხვავებულია, თუმცა მთავარი მაინც სოციალური მდგომარეობაა. აგრესორ ბავშვს სიღარიბის შიში აქვს, ამიტომაც სოციალურად დაუცველის დაცინვით, თითქოს თავს იცავს. აღსანიშნავია, რომ აგრესორი შეიძლება თავად განიცდიდეს ჩაგვრას. ბულინგის შედეგები უმძიმესია. ბავშვი, ვისზეც ძალადობენ, დიდი ალბათობით, თავად გახდება აგრესორი", - განაცხადა ფსიქოლოგმა.
როგორც "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" აღმასრულებელმა დირექტორმა ანა არგანაშვილმა Allnews-სთან საუბრისას აღნიშნა, ბავშვი, რომელიც კარგ გარემოშია და კარგ განათლებას იღებს, ბულინგის ინიციატორი არასოდეს ხდება.
"დღეს ბავშვს სკოლაში იმედი არ აქვს, რომ ვინმეს დახმარებისთვის მიმართავს. ამიტომაც ხშირად ბავშვები ჩუმად არიან და პრობლემების მოგვარებას თავად ცდილობენ. ძალიან ხშირად მინახავს, რომ ისინი ბულერი ბავშვის კეთილგანწყობის მოპოვებას ცდილობენ, ნივთებს ჩუქნიან, დავალებებს ასრულებენ. მათი პრობლების გადაჭრაზე მიდგომები არაჯანსაღია, იქიდან გამომდინარე, რომ ზრდასრულები არ ერევიან.
არაკვალიფიციური პედაგოგი, მანდატური პასიურია. ასევე პასიურია ოჯახი და ბავშვი, რომელმაც არ იცის, რა გააკეთოს, ამ პრობლემის წინაშე მარტო რჩება", - აღნიშნა არგანაშვილმა.
მისივე თქმით, ხშირია შემთხვევები, როდესაც ბულერს თავად პედაგოგი ახალისებს, რა დროსაც სიტუაცია კიდევ უფრო მძიმდება. გაგრძელება