ნიტა ლომიძემ საზოგადოება შოუში "შენ შეგიძლია ცეკვა" გამოსვლით კიდევ ერთხელ გააოცა.
თეა გობეჯიშვილის და ნიკა ლომიძის ქალიშვილს მაყურებელი ეკრანიდან, თეატრიდან, ფილმებიდან "ანო და ვანოს თავგადასავალი", "ცელქი ბავშვები", "ცელქი ბავშვები-2", "ვისი სული გსურს", "ლურჯი ფრინველი" იცნობდა, თუმცა რაც მან შოუში გააკეთა, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა - აატირა მაყურებელი და საზოგადოების დიდი სიყვარულიც დაიმსახურა. ჩვენ გადავწყვიტეთ, ნიტას შესახებ მის ასევე ნიჭიერ და წარმატებულ დედას, მოცეკვავე და ქორეოგრაფ თეა გობეჯიშვილს გავსაუბრებოდით.
- ძალიან პატარა იყო, როცა ტანვარჯიშზე შევიყვანე, 5 წლის ასაკიდან უკვე დარბაზში იყო და შესაბამისად, ამ რეჟიმს ბავშვობიდან მიეჩვია. ისე იზრდებოდა, რომ ჩვენთვის ყოველთვის პრიორიტეტი იყო ვარჯიში, მუშაობა, ვიდრე დაბადების დღეებზე ან სხვა გასართობებზე სიარული. შაბათ-კვირასაც კი ვარჯიშობდა, აღარაფერს ვამბობ სამუშაო დღეებზე, როცა ბაღის შემდეგ მიდიოდა ვარჯიშზე. პატარა ამ ატმოსფეროს კარგად მიეჩვია. მერე, უკვე 6 წლის ასაკში სკოლაში შევიდა, თავისთავად გაკვეთილების მომზადებისთვის დრო სჭირდებოდა, ვარჯიშს ხომ ცალკე დრო ჰქონდა დათმობილი, მაგრამ რაღაცნაირად მაინც ასწრებდა. რაც უფრო იზრდებოდა, მეტის კეთების, მეტის სწავლის სურვილი უჩნდებოდა და შესაბამისად, უფრო მეტი ჰქონდა მოსასწრები უფრო მცირე დროში. რეჟიმი უცვლელი იყო, მუშაობდა ყოველდღე, არ არსებობდა შაბათი და კვირა, სულ გადარბენაზე იყო. განზრახ არ შევედით კერძო სკოლაში, მივხვდით, 6 საათამდე მხოლოდ სკოლისთვის რომ დაგვეთმო დრო, ამდენს ვეღარ მოვასწრებდით. ამიტომ სწავლა საჯარო სკოლაში გადავწყვიტეთ, რის ხარჯზეც სხვადასხვა წრისთვის გვრჩებოდა დრო. სიმღერაზეც დადიოდა, ინსტრუმენტზეც გვინდოდა შესვლა, მაგრამ ამას ფიზიკურად ვეღარ მოასწრებდა. მერე და მერე ამ ჩვენს რეჟიმს დაემატა ფილმები, რამაც კიდევ უფრო დაძაბა ჩვენი ისედაც დატვირთული გრაფიკი. მაგრამ არასდროს არაფერი დამიძალებია ნიტასთვის. უბრალოდ, იცოდა, რომ ვერ გააცდენდა ვერცერთ გაკვეთილს, ვარჯიშს და აზრადაც არ მოსვლია, ეთქვა, რომ სადმე არ წავიდოდა. პირიქით, სულ ვეუბნებოდი, ძალიან დაიღლები და ისევ შენ გამო, ხომ არ ჯობია, ფილმზე ამ ეტაპზე უარი ვთქვათ-მეთქი. მაგრამ იმდენად მოსწონს ფილმში თამაში, რომ დამპირდა, არასდროს ვიტყვი, დავიღალე, მეცდინეობითაც ვიმეცადინებ, არაფერს გავაცდენ და ყველაფერს მოვასწრებო და ასეც იყო - იღლებოდა თუ არ იღლებოდა, არასდროს წუწუნებდა, სიამოვნებით აკეთებდა ყველაფერს. ამ რეჟიმმა ძალიან დამოუკიდებელი და მოწესრიგებული გახადა, იცის დროის ფასი, როგორ გადაანაწილოს საქმე.
სწავლითაც კარგად სწავლობს. ვერ ვიტყვი, რომ ათოსანია, მაგრამ იმის ფონზე, რომ ყოველთვის დროის დეფიციტს განიცდის, მაინც ასწრებს გაკვეთილების მომზადებას. ძალიან გონებაგახსნილია, მალე ითვისებს და ეს ეხმარება. გაკვეთილებს ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება. თუ მასალა გამოტოვებული აქვს, ცდილობს, აინაზღაუროს, როცა ამის საშუალება და დრო აქვს, მაგალითად, დასვენების დღეებში. მიუხედავად ამისა, სულ გვგონია, რომ არ გვყოფნის დრო, 48 საათი რომ გვქონდეს, ბევრად უფრო ბევრ რამეს მოვასწრებდით, მივაქცევდით ყურადღებას იმასაც, რაზეც თვითონ გული სწყდება, მაგალითად, სიმღერას, შევისწავლიდით ინსტრუმენტზე დაკვრას. იხილეთ სრულად