სანტას ერთ-ერთი მთავარი მისიაა, აუსრულოს პატარებს სურვილები. საშობაოდ ბავშვები სანტასგან ტკბილეულსა და სათამაშოებს ითხოვენ, მაგრამ ზოგიერთ პატარას განსაკუთრებული სურვილები აქვს.
ერიკ შმიტ-მატცენი პროფესიონალი სანტა კლაუსია, მაგრამ არც ის იყო მზად ამ შეხვედრისთვის.
60 წლის სანტას, ერიკ შმიტ-მატცენს უჩვეულო, სულისშემძვრელი კითხვა დაუსვეს. პროფესიონალურად მომზადებული ერიკი - ფაფუკი თეთრი წვერით, 2-მეტრიანი მამაკაცი, წონით 140 კილო, ბავშვებისთვის ნამდვილი სანტა კლაუსის განსახიერება იყო. მათში სიხარულსა და ღიმილს იწვევდა.
მაგრამ ამ შეხვედრამ დაამწუხრა იგი.
”იმ დღეს სამსახურიდან დავბრუნდი, - გვიყვება ერიკი. ის პროფესიით ინჟინერ-მექანიკოსია, სამშენებლო კომპანიის პრეზიდენტი. - ტელეფონმა დარეკა. საავადმყოფოდან ნაცნობმა მედდამ მითხრა, რომ 5 წლის ავადმყოფ ბიჭს სანტა კლაუსის ნახვა სურდა”.
ერიკმა, დაღლილობის მიუხედავად, სანტას ფორმა ჩაიცვა და საავადმყოფოსკენ გაემართა. ბიჭუნას სიცოცხლის დრო ძალიან მცირე ჰქონდა. ის შეხვდა და გაესაუბრა ბიჭის დედას და ოჯახის წევრებს. ”ჩვენ სათამაშო ვუყიდეთ და გვინდა, რომ მას თქვენ გადასცეთ”, - უთხრეს სანტას.
”სიტუაცია შევაფასე და ვუთხარი: თუ ხვდებით, რომ ვერ გაუძლებთ, დატოვეთ ოთახი. თუ დავინახავ, რომ ტირით, ჩემს სამუშაოს ვერ შევასრულებ”.
ერიკი ინტენსიური თერაპიის პალატაში შევიდა.
”ბიჭუნა საწოლზე იწვა. ავადმყოფობას საბოლოოდ დაესუსტებინა იგი. საწოლზე ჩამოვუჯექი და ვკითხე: ამბობენ, რომ შობაზე მოწყენილად ყოფნას აპირებ, მართალია? შენ არ შეგიძლია შობა გააცდინო, შენ ხომ ჩემი პირველი ელფი ხარ?!”.
”თვალები ძლივს გაახილა და მკითხა: ვინ, მეე?”
”რა თქმა უნდა - ვუპასუხე”.
მან ძლივძლივობით, დასუსტებული ხელებით გახსნა საჩუქარი. გახარებულმა და ამავე დროს, ნაღვლიანმა ბიჭმა ერიკს ჰკითხა: ”ისინი ამბობენ, რომ მოვკვდები. რა ვუთხრა, როცა მოვხვდები იქ, სადაც მივდივარ?”
”უთხარი, რომ სანტას პირველი ელფი ხარ და შეგიშვებენ. თვალები სიხარულით გაუბრწყინდა, წამოიწია და გულში ჩამეკრა”.
”სანტა, შეგიძლია დამეხმარო?”
”სანამ რამის თქმას მოვასწრებდი, ის გარდაიცვალა, ჩემს გულზე მოხუტებული გარდაიცვალა და კარგა ხანს მყავდა ჩახუტებული”.
”დერეფანში მიხვდნენ, რაც მოხდა და დედამისი ტირილით შემოვარდა პალატაში. შვილი გადავეცი და სწრაფად გავეცალე იქაურობას”.
ამ ბიჭის ისტორიამ ძალიან იმოქმედა ერიკზე.
”მთელი გზა ვტიროდი, ცრემლები მდიოდა და რამდენჯერმე ლამის საავარიო სიტუაცია შევქმენი”.
ამ შეხვედრის შემდეგ ერიკი მიხვდა, რაოდენ მნიშვნელოვანია მისი საქმე.
”მხოლოდ ბავშვების სიცილმა დამაბრუნა ცხოვრებაში. ეს ფაქტი დამეხმარა, გამეცნობიერებინა, რამდენად მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებ მათთვის და საკუთარი თავისთვისაც”.