"წლების მანძილზე იწყობ ცხოვრებას, ფიქრობ მომავალზე, ქმნი ოჯახს. ყველაფერი კარგადაა. მერე უცებ იგებ, რომ თურმე მუცლით ბედნიერებას ატარებ, შვილს.
კულულებიან გოგოს ან ცომივით ბიჭს. გიხარია, ბედნიერი ხარ...
გადის დღეები, თვეები, ელოდები, ელოდები, კიდევ ელოდები, ვეღარ ითმენ. ხანდახან იტყუები, რომ მუცელი გტკივა, რომ როგორმე დაჩქარდეს მშობიარობა. აღარაფრის არც თავი გაქვს, არც ძალა. მერე საიდანღაც თეთრ ხალათში შემოსილი ექიმი მოდის, შიშის ჟრუანტელი გივლის. ტკივილი ისეთი ძლიერია, არც შვილი გინდა, არც დედა, არც მამა. გგონია, ახლა მორჩება, ახლა და არ მთავრდება... უკვე რომ გადაწყვეტ, რომ მორჩა და ტკივილს ვერ უძლებ, მოგახუტებს ექიმი მოცუცქნულ არსებას და გეუბნება: გილოცაავ, დედა გახდი!
შემდეგ იწყება უარესი. გეძინება, ყველაფერი გტკივა, გშია, გწყურია. ვერ ჭამ, რძემ რომ ბავშვს არ აწყინოს. ვერ სვამ, რომ ბევრი არ დაგროვდეს. ვერსად მიდიხარ თოთო ბავშვით. მისჩერებიხარ ამ შენს შვილს და მერე ყალიბდები შენც. დღითიდღე გიყვარდება, უკვე ძალით აღვიძებ, რომ მიიხუტო, გულში ჩაიკრა, მოეფერო... პირველი გაღიმება, პირველი თითის დაჭერა - ყველაფერი პირველია შენთვის. გაურკვევლობაში ხარ, უყურებ დაჟინებით. შენი შვილი მთელ პლანეტაზე ყველაზე ლამაზია, ყველაზე სათნოა, ყველაზე ტკბილია...
წამოიზრდება და ერთ დღესაც დაიწყებს უმიზეზოდ ტირილს. შორიდან თითქოს უბრალოდ ახირება აქვს, მაგრამ გახშირების შემდეგ საავადმყოფოს კარს ადგები. იქ ექიმები ისე დადიან, როგორც ჯალათები. იქ საოპერაციო გილიოტინას ჰგავს. სიკვდილმისჯილი ხარ იქ. გეუბნებიან, რომ შენი შვილი ცუდადაა. აი, ზუსტად ის ბავშვიაო ცუდად, რომელიც 9 თვე ატარე მუცლით. ის, რომლის გამოც ლამის მოკვდი მშობიარობისას. ის, რომელსაც ძალით აღვიძებდი მოსაფერებლად. ექიმი ამბობს, რომ თქვენს ბედს ფული წყვეტს. შენ კი ჯიბეშიც და სხვა ბიუჯეტშიც, სულ რომ ყველაფერი გაყიდო, იმის ნახევარიც არ გაქვს, რაც საჭიროა. ჯდები და იწყებ ფიქრს. უნებურად მოაქვს გონებას ცუდი.
ყველა ტკბილი მოგონება, რაც დავიწყებული გეგონა, ერთად იღვიძებს.
გიყურებს შენი პატარა შვილი თვალებში და გრძნობ, როგორ ელის შენგან შველას. მას ჰგონია, რომ როგორც წაქცეულს აყენებდი, ახლაც ისე წამოაყენებ. ისევ მოსწმენდ ცრემლებს, ისევ აკოცებ მტკივან ადგილას და გაუვლის. დედამიწაზე მილიარდობით ადამიანში სულ მარტო რჩები. უყურებ ყველას და ყველაფერს, მაგრამ ვერაფერს აღიქვამ. ვერაფერს იგებ. კარგავ ღიმილის უნარს... ბედნიერების ყველა უჯრედი იძინებს და კვდება... სანამ შენ ფიქრობ, რა გააკეთო, ბავშვი უფრო მძიმდება. ღმერთს შესთხოვო? როგორ გულითაც უნდა შესთხოვო, თითქოს მანაც მიგატოვა. საშველი არსაიდან ჩანს... სრულად იკითხეთ mshoblebi.ge-ზე.