ნებისმიერ წიგნის მაღაზიაში საბავშვო ენციკლოპედიების ყოველთვის დიდი არჩევანი დაგხვდებათ. როგორც ვაკვირდები, რამდენჯერაც უნდა გამოიცეს, ამ ენციკლოპედიების მიმართ ინტერესი ყოველთვის არის.
მაგალითად, ახლახან წიგნის მაღაზიებში ახალი ენციკლოპედია გამოჩნდა, სახელწოდებით "8000 საოცარი ფაქტი, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდე" - როცა ბავშვისთვის ახალ წიგნს ვეძებდი, კონსულტანტმა შემომთავაზა. მართალი გითხრათ, სათაურმა მიმიზიდა, თუმცა ჩემ გვერდით ერთი ქალის რეპლიკამ, ცოტა არ იყოს, დამაეჭვა. "დღევანდელი ბავშვი ყველაფერს ინტერნეტში პოულობს, რა საჭიროა ამდენი ენციკლოპედია?" - ამბობდა ეს ქალბატონი და მეც დავფიქრდი - საჭიროა კი ენციკლოპედია ბავშვისთვის, რომელსაც მასწავლებელიც კი მასალის ინტერნეტში მოძებნას ავალებს?
*თუ ბავშვს კომპიუტერი ყველა თამაშს ურჩევნია - როგორ ავიცილოთ თავიდან კიბერნეტიკული საფრთხე
ბევრი რომ არ გავაგრძელო, დავინტერესდი, გამერკვია, მართლაც რამდენად სჭირდებათ ჩვენს შვილებს მსგავსი ლიტერატურა. დავძებნე ფსიქოლოგების მოსაზრებებიც, ავტორთა შეხედულებებიც და... ბოლოს მაინც შევიძინე "8000 საოცარი ფაქტი, რომელიც უნდა იცოდე". მივხვდი, რომ ბევრ მშობელს მინიმუმ 5 მცდარი შეხედულება აქვს საბავშვო ენციკლოპედიასთან მიმართებაში. ვეცდები, ჩამოვთვალო ყველა მათგანი.
1. რა საჭიროა საბავშვო ენციკლოპედია ბავშვისთვის? ინტერნეტში ხომ ყველაფერს პოულობს...
სინამდვილეში ინტერნეტში სანდო და ბავშვისთვის ადვილად გასაგებ ენაზე მოწოდებული ინფორმაცია ქართულ ენაზე ძალიან ცოტაა. სანამ ბავშვი რამდენიმე საიტს სათითაოდ გახსნის და თავის კითხვებზე გასაგებ პასუხებს იპოვის, უამრავი დრო იკარგება და თვალებიც სტკივდება. ვინ წერს ამ ინფორმაციებს ინტერნეტსაიტებზე და რამდენად სწორია, არავინ იცის. ენციკლოპედიებზე კი მეცნიერები მუშაობენ და იქ მოცემული ინფორმაცია საინტერესო და უზუსტესია. ახლავს უამრავი ფოტო და ილუსტრაცია. ასეთ ვიზუალურ მასალაზე ბავშვები ხომ "გიჟდებიან".
2. მეცადინეობაც ეზარება და ენციკლოპედიას წაიკითხავს?
ძალიან დიდი განსხვავებაა სასწავლად მოცემულ მასალასა და დათვალიერებისას აღმოჩენილ საინტერესო დეტალს შორის, რომელზეც თავისი სურვილით შეეცდება და დეტალებს გაარკვევს. ენციკლოპედიის კითხვა ბავშვს ინფორმაციას ნელ-ნელა აწვდის და აღარ გჭირდება ახალგაგებულ სიტყვაზე ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში.
3. რაც ადრე, მით უკეთესი
როდის უნდა აღმოჩნდეს ენციკლოპედია ბავშვის ხელში? ფსიქოლოგები გირჩევენ, რომ არ აჩქარდეთ. წიგნთან უინტერესოდ და ძალდატანებით დაწყებულმა ურთიერთობამ შეიძლება საერთოდ შეაძულოს კითხვა და წიგნები. უპირველესად, ენციკლოპედია უნდა იყოს "ნახატებიანი წიგნი", რომელიც დააინტერესებს ბავშვს და დათვალიერების სურვილს აღუძრავს. საუკეთესოა, თუ ენციკლოპედიას თავდაპირველად ბავშვთან ერთად დაათვალიერებთ. გაგრძელება