ზღაპარი მითოლოგიის ნაშიერია და სიმბოლოების ენით მეტყველებს. ეს ენა კი ბავშვებს შესანიშნავად ესმით.
ქართული ხალხური ზღაპრები ქართული ზეპირსიტყვიერების საგანძურია. მას აქტუალობა საუკუნეების მანძილზე არ დაუკარგავს. ქართულ ხალხურ ზღაპრებში არის ეპიზოდები, რომლებიც ხშირად მშობელთა გულისწყრომას იწვევს.
როგორ იქმნებოდა ეს ზღაპრები და როგორ უნდა გაიგოს ბავშვმა ესა თუ ისე ეპიზოდი, ამაზე კომენტარი ლიტერატურის კრიტიკოსს, ლევან ბრეგაძეს ვთხოვეთ:
- ქართული ზღაპრები (ჯადოსნური ზღაპრები მაქვს მხედველობაში), ისევე, როგორც ყველა სხვა ხალხის ზღაპრები, მითოლოგიური წარმომავლობისაა, ანუ კაცობრიობის უშორეს წარსულში აქვთ ფესვი გადგმული. ბევრ მათგანში შეიძლება ამოვიცნოთ ესა თუ ის მითოლოგიური სიუჟეტი ან მითოლოგიური წარმოდგენები საგნებსა თუ მოვლენებზე.
იმავე საგნებსა თუ მოვლენებზე თანამედროვე ადამიანს უკვე სულ სხვაგვარი, ანუ მეცნიერული შეხედულებები აქვს შემუშავებული. თუ ასეა, რა განაპირობებს ზღაპრებისადმი იმ ინტერესს, რაც დღემდე შემოგვრჩა? თუკი ადრეულ ასაკში ზღაპრების სიყვარული იმით შეიძლება აიხსნას, რომ ბავშვი სამყაროს მითოლოგიური თვალთახედვით აღიქვამს, რისი გამოხატულება თუნდაც ის არის, რომ უსულო საგნებსაც სულიერ არსებებად მიიჩნევს, ზრდასრულთ რატომღა უნდა იტაცებდეთ ეს ჟანრი, - მაინცდამაინც ხალხური ზღაპარი თუ არა, მის ყაიდაზე შექმნილი ლიტერატურული ზღაპრები ხომ დიდების საყვარელი საკითხავიც არის, ვთქვათ, ანდერსენისა, ოსკარ უაილდისა თუ ჰოფმანისა?
საქმე ის გახლავთ, რომ მითოლოგიური წარმოდგენებისგან მთლიანად როდი გათავისუფლდა ადამიანი (მთლიანად ამისგან ვერც ვერასოდეს გათავისუფლდება მოკვდავი), - მითოლოგია განაგრძობს არსებობას ჩვენს არაცნობიერში, - როგორც პიროვნულ, ასევე კოლექტიურ არაცნობიერში; განაგრძობს ე. წ. არქეტიპების სახით (კარლ გუსტავ იუნგის მიერ დამკვიდრებული ტერმინია). აი, ეს არქეტიპები საზრდოობენ ზღაპრებით და ზღაპრებსაც, თავის მხრივ, ამ არქეტიპებით უდგათ სული.
- რამდენად სწორია, როდესაც ზღაპრებში უხვადაა საშინელებათა ჟანრის მომენტები?
- ხელოვნების ნაწარმოებით მოგვრილ შიშს არ უნდა ვუფრთხოდეთ, ეს საჭირო შიშია - იგი კათარზისს იწვევს. ჯერ კიდევ როდის, არისტოტელემ შენიშნა, რომ ტრაგედია აღძრავს თანაგანცდას (სიბრალულს) და შიშს, ხოლო ესენი - კათარზისს, ანუ ადამიანის სულიერ განწმენდას იწვევს.
- რამდენად სწორად გაიგებს პატარა ჩიტი-ჩიორას მიერ მელასთვის შვილის გადაგდების მონაკვეთს?
- ზღაპარი სიმბოლოების ენით გველაპარაკება. ბავშვი, როგორც ვთქვით, სამყაროს მითოლოგიური თვალთახედვით აღიქვამს, ანუ ბავშვის აზროვნება სიმბოლურია. ამრიგად, ბავშვი და ზღაპრები ერთ ენაზე მეტყველებენ, რის გამოც ისინი კარგად უგებენ ერთმანეთს. ასე რომ, ზღაპრებთან მიმართებით ბავშვების დარდი ნუ გვექნება.
იხილეთ სრულად: ambebi.ge