უშვილობის პრობლემა მსოფლიოს მოსახლეობის არცთუ ისე მცირე ნაწილს აწუხებს. რა იწვევს უშვილობას და რით შეიძლება ვუმკურნალოთ მას. უფრო დაწვრილებით ექიმი-რეპროდუქტოლოგი, ენდოკრინოლოგი ბარბარე (დოდო) გორგოშიძე გვესაუბრება.
- როგორია დღეს უშვილობის სტატისტიკა ჩვენს ქვეყანაში?
- უნაყოფობა გვხვდება ყველა ქორწინების 10-20%-ში და წარმოადგენს მნიშვნელოვან სამედიცინო და სოციალურ პრობლემას, რადგან გავლენას ახდენს შობადობის მაჩვენებლებზე. მიზეზი 40%-ში მამაკაცის და 60%-ში ქალის ფაქტორები შეიძლება იყოს. თუმცა არაიშვიათია ამ ფაქტორების თანხვედრა (15-20%).
- რა შეიძლება იყოს უშვილობის გამომწვევი მიზეზი?
- უშვილობის მიზეზი შეიძლება იყოს სასქესო ორგანოების სხვადასხვა ინფექციით გამოწვეული ანთებითი დაავადებები, შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების დაავადებები, სქესობრივი ორგანოების განუვითარებლობა (ინფანტილიზმი, ჰიპოპლაზია), სასქესო ორგანოების არასწორი მდებარეობა, ენდომეტრიოზი, სასქესო ორგანოების სიმსივნეები, ექსტრაგენიტალიური დაავადებები (რევმატიზმი, ტუბერკულოზი და სხვა).
არასრულფასოვანი კვება, როგორც რაოდენობრივად, ასევე ხარისხობრივად და შედეგად მეტაბოლური დარღვევები (წონის სიჭარბე ან დეფიციტი). ასევე - იმუნური ფაქტორები.
- თქვენი აზრით, როდის უნდა მიაკითხოს წყვილმა ექიმ-რეპროდუქტოლოგს?
- იდეალური ვარიანტია, წყვილმა დაქორწინებამდე მიმართოს ექიმს და ჩაიტაროს გამოკვლევები. თუ დადგინდა რაიმე ინფექციური ან ენდოკრინული ფაქტორი, დაქორწინებამდე ჩატარდეს მკურნალობა. ეს კულტურა, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ჯერ ვერ დაინერგა. ქორწინების შემდეგ თუ წყვილს არაფერი აწუხებს და რეგულარული სქესობრივი კავშირის ფონზე 1 წლის განმავლობაში ორსულობა არ დადგა, უნდა მიმართონ ექიმ-რეპროდუქტოლოგს.
ასევე, თუ რაიმე ჩივილები გაუჩნდათ (ტკივილები, ინფექციის ნიშნები და სხვა), უნდა მიმართონ მაშინვე. ხოლო თუ წყვილი დაქორწინდა 30-40 წლის ასაკში, უმჯობესია, მალევე მიმართონ რეპროდუქტოლოგს.
იხილეთ სრულად: mshoblebi.ge