ზღაპრულ კუნძულზე...
ზღაპრულ კუნძულზე...
ქართველს, რომელმაც ბაობაბების, ორქიდეების, ლოტოსის მინდვრების, მსოფლიოში ყველაზე სურნელოვანი ჩაის, მიწაში ჩაფლული ძვირფასი თვლების, სპილოების, ნიანგებისა და ტროპიკული წვიმების ქვეყანაში ორი არაჩვეულებრივი წელი გაატარა, სურს ამ ქვეყნის შესახებ თავისი გადაღებული დოკუმენტური ფილმი გვაჩვენოს. ამბობს, რომ თვითონ ამ ფილმის მთავარი გმირი კი არა, რეჟისორია...

ფიქრია აფხაიძე - ენათმეცნიერი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, ამჟამად არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი. შრი-ლანკაში სამეცნიერო მივლინებით ორი წელი იმყოფებოდა.

შრი-ლანკის ქელანიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაამთავრა ფილოსოფიური მაგისტრატურის კურსი ენათმეცნიერების განხრით; დაიცვა სამაგისტრო დისერტაცია; პრაქტიკულად შეისწავლა თანამედროვე ინდოარიული ენა სინჰალა და კოლომბოში (შრი-ლანკის დედაქალაქი).

გამოაქვეყნა "შვიდი ქართული ხალხური თქმულება" სინჰალურ ენაზე, რის გამოც სინჰალურმა მასმედიამ ის პოპულარულ რესპონდენტად აქცია.

მასზე წერდნენ ინგლისურ-სინჰალურენოვანი გაზეთები, ჟურნალები, სპეციალურ გადაცემებში იწვევდნენ ადგილობრივ რადიოსა და ტელევიზიაში.

როცა თვითმფრინავის ფანჯრიდან გადავხედე მზით განათებულ, ლურჯად მოკამკამე ინდოეთის ოკეანეს და ქოქოსის პალმებით გარშემორტყმულ ოქროსფერ ქვიშის სანაპიროს, მეგონა, რომ უკაცრიელ კუნძულზე ჩავდიოდი და ორი წელი რობინზონივით უნდა მეცხოვრა.

ტრაპიდან გადმოსულმა, პირველად ტროპიკული უცხო ჰაერი რომ ჩავისუნთქე, მომეჩვენა, თითქოს გავიგუდე. საქართველოს ზომიერ ჰავას შეჩვეულისთვის, მძიმე იყო სრულიად უცხო ტროპიკული ჰავა. მახსოვს ის შიში, რომელიც მაშინ დამეუფლა - აქ როგორ უნდა ვისუნთქო?

პირველი კვირა, რომელიც მასპინძელ სინჰალელ ოჯახთან ერთად გავატარე, მაგონებს ინდურ ფილმებში ნანახ ეპიზოდებს მდიდარი და ლამაზი ინდოელების ოჯახის ცხოვრების შესახებ. ჩემთვის თითოეული დღე იყო უჩვეულოდ ხანგრძლივი, სავსე საკვირველებითა და სასიამოვნო სიურპრიზებით.

შრი-ლანკა მაღალმთიან და სანაპირო რეგიონებად იყოფა. მათი კლიმატი და ბუნება ერთმანეთისაგან მეტად განსხვავებულია, საერთო კი ის არის, რომ აქ ზამთარი არ არსებობს და თოვლიც არავის უნახავს.

მათთვის, ვისაც ზღვაზე დასვენება უყვარს, ქვეყნის სამხრეთ-სანაპირო ზოლში, ოკეანის პირას, ინდოეთის ოკეანისპირა ოქროსფერ პლაჟებზე განლაგებულია მდიდრული სასტუმროები. ჰავა იმდენად ცხელია, რომ შეუძლებელია მზის ქოლგის გარეშე გარეთ გასვლა.

ამის მიუხედავად, მოსავალი აქ წელიწადში ოთხჯერ მოდის. ლოტოსის მინდვრები, ქოქოსისა და ბანანის პალმები, ორქიდეები, ანანასის ბაღები, მანგოს ხეები ქვეყნის ამ რეგიონს ნამდვილ წალკოტად ხდის.

მათ, ვინც დასასვენებლად მთას ანიჭებს უპირატესობას, შეუძლიათ მაღალმთიან შრი-ლანკას მიაშურონ, სადაც თვალწინ იშლება ულამაზესი ჩაის პლანტაციები, აქა-იქ ბანანისა და ავოკადოს ხეებსაც მოჰკრავთ თვალს. მოასფალტებული დაგრაგნილი გზები მთებს შემოხვევია, მიჰყვები ამ გზებს და თითქოს ცაში ადიხარ, სადაც სქელი ნისლი ნახევრად ფარავს მთის წვერიდან გადმოვარდნილ ჩანჩქერებს.

ჩაის სურნელი მყუდრო ჩაიხანამდე მიგიყვანს, სადაც ქაშანურის ფინჯნებით მოგართმევენ ცეილონურ ჩაის, რომელიც შიმშილის გრძნობასაც კი აქრობს.

მაღალმთიანი შრი-ლანკის ულამაზესი ქალაქია ნუვარა (ინგლისური სახელწოდებაა: Kანდყ) - ანტიკური ცეილონის მეფეების სატახტო ქალაქი. უფრო მაღლა კი ნუერელია და ბანდაარაველაა - მსოფლიოში სახელგანთქმული საუკეთესო ჩაის პლანტაციებში ჩაფლული პატარა ქალაქები.

მთებში ბევრი ისეთი მცენარეა, რომლებიც სუბტროპიკულ ქვეყნებშიც გვხვდება. სოფლებში ჩვენთვის ნაცნობი ბოსტნეულიდან შეიძლება მხოლოდ პრასი, ნიორი ან ოხრახუში გამოიცნოთ, მაგრამ თუ ბაზარში მოხვდებით, იქ ისეთი ხილი და ბოსტნეული იყიდება, რომელთა ქართულ ენაზე შესატყვისის პოვნა შეუძლებელია.

სუბტროპიკული ხილიდან მაღალმთიან რეგიონში მარწყვი, ციტრუსები, ზეთისხილი ხარობს, ხოლო წიწვოვანი მცენარეები, კაუჩუკის და კაკაოს ხეები ამ რეგიონის დამახასიათებელი მცენარეული საფარველია. განსაკუთრებით განსხვავებული ხილის სახეობაა "დუმრიანი", რომლის ნაყოფიც ფორმით ძალიან ჰგავს ადამიანის ტვინს.

მსოფლიო ბაზარზე ეს ხილი ძალიან ძვირია, მაგრამ როდესაც შემომთავაზეს, მისი გასინჯვა ვერ შევძელი, რადგან სპეციფიკური სუნი და ფორმა ჰქონდა.

ამ რეგიონში ტემპერატურა წლის ნებისმიერ დროს +18 გრადუსს არასოდეს აღემატება, გრილა და იქაური კლიმატი ძალიან მოგვაგონებს ბორჯომის ჰავას. სასტუმროებში საღამოობით ლამაზ ბუხრებს ანთებენ. ზოგჯერ დილის სიგრილეში, ნაწვიმარზე მწვანე მინდვრებს მოთეთრო თრთვილი დაედება, რაზეც იქაურები ამბობენ, აი, ჩვენებური თოვლიც ესააო.

ნუერელიაში ბევრი გოლფის სათამაშო მოედანია, თუმცა შრი-ლანკაში მაინც ყველაზე პოპულარული სპორტი კრიკეტი და მინდვრის ჰოკეია. ულამაზესი სასტუმროები და ბაღები ბრიტანულ იერს წარმოაჩენს, ამ მხარეს "პუნჩი ინგლენდს" (პატარა ინგლისსაც) ეძახიან.

მაშინ, როცა ცოცხალი ვარდების სილამაზით მხოლოდ მაღალმთიან შრი-ლანკის ბაღებში შეიძლება დატკბეთ (ბარში ის არ ხარობს, ძალიან ძვირია და ამიტომ იქ ლარნაკებს მხოლოდ ხელოვნური ვარდები ამშვენებს), დაბლობში ვარდზე უფრო ძვირად ღირებული ყვავილი - ორქიდეა ხარობს.

ორქიდეის პლანტაციების მოსავლელად და შემდეგ გასაყიდად შექმნილია საგანგებო ორგანიზაცია, რომელსაც თავისი პრეზიდენტი ჰყავს.

მაღალმთიანი და სამხრეთი სანაპირო ზოლის შრი-ლანკა ერთმანეთისაგან წეს-ჩვეულებებით, ტრადიციული ჩაცმულობითაც განსხვავდება. მთის და ბარის ქალებს სხვადასხვანაირი სტილის სარი აცვიათ და განსხვავებული სამკაულები ამშვენებთ.

ქორწილში პატარძლების სადაურობა სწორედ ამ ნიშნით შეიძლება გამოიცნო. ამ ორი რეგიონის მოსახლეობა განსხვავებულად იკვებება, - სამხრეთში ყოველდღიურად წითელ ბრინჯს მიირთმევენ, მთაში კი თეთრ ბრინჯს - "ბასმატის" ან "სამბას" ანიჭებენ უპირატესობას.

განსხვავებულია მთის და სამხრეთ-სანაპირო რეგიონის მოსახლეობის სინჰალური მეტყველებაც, თუმცა სპეციალისტები ამ განსხვავებას დიალექტურ სტატუსს არ ანიჭებენ და რეგიონულ ნაირსახეობად მიიჩნევენ.

სინჰალური დამწერლობაც ძალიან რთულია, მარცვლოვანი სისტემისაა. 53 თანხმოვნისა და 14 ხმოვნის კომბინაცია გრაფიკულად ასობით განსხვავებულ მარცვალს ქმნის. სალიტერატურო ტრადიციები საკმაოდ ძველია, პირველი წარწერები თარიღდება ძვ. წელთაღრიცხვის III საუკუნით.

ჩასვლისთანავე, სინჰალური სიტყვების დამახსოვრება და გამოყენება დავიწყე, ერთი სული მქონდა, გამეგო, რას ამბობდნენ უცნაურ ენაზე მოლაპარაკე უცხო ადამიანები.

ჩემი პირველი სინჰალური სიტყვა იყო "გასლაბუ" (პაპაია). როდესაც დავინახე მაღალი ხის კენწეროზე ჩამოკიდებული ოქროსფერი, ნესვის მსგავსი ნაყოფი, რომლის გემოთიც შემდეგ სადილზე დავტკბი, მაშინვე დავიზეპირე ეს სიტყვა. ა

მ სიტყვის ჟღერადობა რატომღაც აბორიგენულ შთაბეჭდილებას ტოვებდა ჩემზე - მე ხომ შრი-ლანკაში ყველგან და ყველაფერში აბორიგენული და ეგზოტიკური ბუნების საიდუმლოს ვეძებდი.

ნამდვილი აბორიგენები, მართლაც არსებობენ შრი-ლანკაში. აბორიგენული ტომი ვედო ცივილიზაციას და პოლიტიკას განრიდებული, განმარტოებით ცხოვრობს ჯუნგლებში. ვედოს ტომს განსხვავებული ენა აქვს და მისი სარწმუნოებრივი კერპია იაკკა, ანუ "თეთრი ეშმაკი".

ვედოს ტომი მშვიდობისმოყვარე ხალხია. ისინი სხეულის ტანსაცმლით შემოსვით დიდად არ იწუხებენ თავს და საკვებს მშვილდ-ისრით მოიპოვებენ.

შრი-ლანკაში მულტიეთნიკური მოსახლეობა ცხოვრობს. მოსახლეობის უმრავლესობას სინჰალები (14 მილიონამდე) შეადგენენ. სინჰალების გარდა, აქ ცხოვრობენ თამილები (უძველესი დრავიდული მოსახლეობა, ვისი სამშობლოც ინდოეთშია, სადაც არსებობს ცალკე შტატი თამილ ნადუ, დედაქალაქი - მადრასი).

შრილანკელ თამილებს ქვეყნის ჩრდილორეგიონში რიცხობრივი უპირატესობა აქვთ. მათი მთავარი ქალაქი არის ჯეფნა.
შრი-ლანკაში ცხოვრობენ არაბული წარმომავლობის მუსლიმანებიც, სინჰალური ადგილობრივი მოსახლეობის მცირე ნაწილი კი ნახევრად პორტუგალიური და დანიური წარმომავლობისაა, რასაც მათი არასინჰალური გვარებიც ადასტურებს.

მათი წარმომავლობა უკავშირდება შრი-ლანკაში მე-16 საუკუნიდან პორტუგალიელი და ჰოლანდიელი დამპყრობლების შემოჭრას. ადგილობრივი მოსახლეობა არა მარტო ეთნიკურად, რელიგიურადაც ჭრელია, სინჰალელების უმრავლესობა ბუდიზმის მიმდევარია, დანარჩენები კი ქრისტიანები, მუსლიმები და ჰინდუიზმის მიმდევრები არიან.

რელიგიური სხვადასხვაობა ამ ქვეყნის კულტურულ თვითმყოფადობაზე მკვეთრად აისახება. არსებობს მრავალფეროვანი სახალხო და ოჯახური ტრადიციები. მათ შორის ახალი წელი ერთ-ერთი გრანდიოზული დღესასწაულია. ქრისტიანები და ბუდისტები მას სხვადასხვა დროს აღნიშნავენ.

ქრისტიანული ახალი წელი დასავლურ კათოლიკურ კალენდარს ემთხვევა, ხოლო ბუდისტური - აპრილშია. მიუხედავად იმისა, რომ ბუდისტები ადგილობრივ ქრისტიანებზე მეტნი არიან, 25 და 31 დეკემბერი გრანდიოზულად აღინიშნება.

ამ დროს მთელი შრი-ლანკა კაშკაშებს, ქუჩები მორთულია ქრისტიანული დეკორაციებით, ეწყობა ფოიერვერკები.
დედაქალაქში ამ დროს ყველა სასტუმროს წინ ნაძვის ხე დგას, ხოლო ცოცხალი სანტა-კლაუსები პაპანაქება სიცხის გამო, სიმწრის ოფლს იწმენდენ.

საახალწლო სუფრას ნაციონალური კერძები ამშვენებს. აუცილებელია საგანგებო საახალწლო ნამცხვარი, რომელშიც 25 სახეობის ხილია გამოყენებული. აგრეთვე ნაციონალური სინჰალური კერძი "ქირიბათ" (რძიანი ბრინჯი), რომელიც თითქმის ყველა დღესასწაულზე მზადდება.

ბუდისტური ახალი წელი აპრილშია და მის მოსვლას სპეციალური საახალწლო ყვავილების აყვავება გვამცნობს. ამ დროს საახალწლო ყვავილები წითლად გადაიპენტება ხოლმე. ბუდისტური ახალი წლის მთელი დღის ცერემონია და რეჟიმი, ჰოროსკოპის მიხედვით, გაზეთებში იბეჭდება, იმ დღეს ყველა დიასახლისს ხელში გაზეთი უჭირავს და თითოეულ ნაბიჯს გაზეთის რჩევის თანახმად დგამს.

საახალწლო სუფრა დღის ბოლოს იშლება. სუფრის წევრები პირით ფანჯრისკენ სხედან. ახალ წელს აუცილებლად ბუდისტურ ტაძარშიც მიდიან სალოცავად. მლოცველები თავიანთ შესაწირს - ლოტოსის ყვავილებს პეშვით მიართმევენ ბუდას ქანდაკებას.

დაბინდებისთანავე და ახალი წლის მეორე დილას იწყება ლანგარზე დაწყობილი ნაირ-ნაირი ტკბილეულის მეზობლებისთვის მირთმევა.

კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ტრადიციული სახალხო დღესასწაული იმართება მაისში, ბუდას დაბადების დღეს. მთელი ქვეყანა საზეიმოდაა მორთული, ქუჩებში დადის მანქანები უზარმაზარი სტენდებით, სადაც ფერადი ნათურებით არის გამოსახული ბუდას ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდი.

ამ დღესაც ყველას თეთრი ტანსაცმელი აცვია. როგორც საპატიო სტუმარი, ერთხელ მეც მიმიწვიეს ამ დღესასწაულზე. ვნახე, როგორ ამზადებდნენ ბრინჯისაგან ბუდას საპატივცემულო "წმინდა საჭმელს" თეთრსამოსიანი ქალები.

თურმე შეიძლება მათმა სუნთქვამაც კი წმინდა საჭმელი დააბინძუროს, ამიტომ მზადების პროცესში მათ პირი თეთრი დოლბანდით აქვთ ახვეული.

მახსოვს, გათენების მოლოდინში, ბუდისტური ტაძრის ქვის იატაკზე მოკალათებულს ჩამეძინა. დილით გარიჟრაჟზე მეგობრებმა გამაღვიძეს და მითხრეს, რომ ზეიმი იწყებოდა.

ჩამაცვეს თეთრი სამოსი და თეთრ სილაში ფეხშიშველა ლოტოსის ყვავილებით სავსე ვერცხლის ლანგრით ხელში დამაყენეს მლოცველების გრძელი რიგის თავში. ტამტამების ხმაზე შემოვუარეთ ტაძარს, მლოცველები დროდადრო ხმამაღლა შესძახებდნენ ხოლმე: "საადუ საადუ!" ("დიდება ბუდას").

გიამბობთ კიდევ ერთ საინტერესო ტრადიციაზე. ეს კარნავალი ეწყობა ქალაქ ქენდიში, სადაც უამრავი სპილო მონაწილეობს (შრი-ლანკაში არის სპილოების სპეციალური ნაკრძალი "პინნავალა", მსოფლიოში სპილოების ერთადერთი საშენი, რომელსაც თავის დროზე ჯორჯ ბუშიც აფინანსებდა).

ნაკრძალში სპლიყვს შეიძლება საწოვარიანი ბოთლით რძეც დაალევინო. კენდის კარნავალზე აწყობენ საინტერესო სანახაობებს - სხეულში ირჭობენ ლურსმანს ან ცეცხლს ყლაპავენ.

სინჰალებისთვის კოცნა ტრადიციული არ არის. კოცნის ნაცვლად ისინი ერთმანეთს გულში იკრავენ, თავებს მიუახლოებენ და ყურთან ყნოსავენ. ამიტომ ენაში კოცნის და ყნოსვის აღსანიშნავად მხოლოდ ერთი სიტყვა, "იმბინავა" აქვთ.

ფილმის "რეჟისორი" ამბობს, რომ ერთ მშვენიერ დღეს ისევ გადაიღებს მომდევნო სერიას ან თვითონ დაწერს წიგნს თავის ზღაპრულ კუნძულზე.

ჟურნალი "ბომონდი"
მანანა გაბრიჭიძე

კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
არქივის კალენდარი