როგორც წესი, საახალწლოდ ერთ ნაძვის ხეს ვდგამთ და კიდევ, მაქსიმუმ, ნაძვის ტოტებით ვაფორმებთ სახლს. თუმცა ეს ჩვენებური ტრადიცია ამერიკაში ზოგიერთს, შესაძლოა, უცნაურადაც მოეჩვენოს, განსაკუთრებით - ვინმე სელია ტომასს, კენტუკის შტატიდან.
პროფესიით ექთანმა სელია ტომასმა საშობაოდ მზადება ჯერ კიდევ "ჰელოუინის" დღესასწაულიდან დაიწყო. რატომ ასე ადრე? იმიტომ, რომ მას ბევრი სამუშაო ედო წინ – სახლში ნაძვის ხეების მთელი კოლექცია უნდა დაედგა.
ტომასმა სახლი 76 ხელოვნური ნაძვით მორთო. "ხეები ყუთებშია შეფუთული და თითოეულ მათგანზე აწერია, რომელ ოთახში უნდა იდგეს ესა თუ ის ხე. მოსართავები აკურატულად აწყვია კონტეინერებში, რომლებზეც ასევე მითითებულია, რომელი ხისთვის არის ისინი განკუთვნილი" – ამბობს სელია.
ექთნის სახლის ყველა ოთახში ნაძვის ხეები დგას, მათ შორის აბაზანაში და ავტოსადგმოშიც. და რაც მთავარია, ყველა ნაძვის ხე განსხვავებულია.
რად უნდა სელიას ამდენი ნაძვის ხე? პასუხი მარტივია – ქალს სურს, რომ ჯადოსნური ატმოსფერო შექმნას: "მომწონს მათი ნათება, სიკაშკაშე, ყველაფერი ეს ბედნიერს მხდის და საშობაო განწყობას მიქმნის".
ტომასების სახლში ბევრი ნაძვის ხის დადგმის ტრადიციას ჯერ კიდევ 30 წლის წინ ჩაეყარა საფუძველი, მაშინ, როცა სელია გათხოვდა.