ოჯახურ პირობებში საპნების მომზადება ერთ-ერთი სასიამოვნო ხელსაქმეა, რომელიც შეიძლება ჯერ ჰობის დონეზე შეიყვაროთ, მერე კი პატარა ბიზნესადაც აქციოთ.
თავდაპირველად ეს ძნელად მოგეჩვენებათ, თუმცა ამ საქმიანობამ ისევე შეიძლება გაგიტაცოთ, როგორც კულინარიამ.
რატომ შეიძლება გაგვიჩნდეს ამის სურვილი?
პირველ რიგში, ოჯახურ პირობებში მომზადებული საპონი ეკოლოგიურად სუფთაა, რაც დღეს ბაზარზე დიდ დეფიციტს წარმოადგენს. ეს ნატურალური პროდუქტი უნიკალურია როგორც ფორმით, ასევე შინაარსით. ნაყიდი, ქიმიური ნივთიერებებით გაჯერებული საპნებისგან განსხვავებით, ის არ აშრობს კანს, არამედ ზრუნავს მასზე.
თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ საპონი იმ ნატურალური პროდუქტებით გაამდიდროთ, რომელიც კონკრეტულად თქვენი კანის ტიპს შეესაბამება. ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა ეთერზეთი, თაფლი, ბალახეულის ნახარში, ციტრუსის ცედრა, ნატურალური ყავა, შვრიის ფანტელი, წყალმცენარეები, ყვავილები და შოკოლადიც კი.
საპნის დამზადება მეტად სასიამოვნო და შემოქმედებითი პროცესია. ფორმა და შინაარსი მთლიანად თქვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული. ხშირად ასეთი საპნების სურნელი მადისაღმძვრელია...
სახლის პირობებში საპნის დასამზადებლად საჭირო მასალა:
1. საპნის ფუძე (გამჭვირვალე): შეგიძლიათ შეიძინოთ სპეციალურ მაღაზიებში ან მის ნაცვლად შეგიძლიათ ბავშვის თეთრი საპონი გამოიყენოთ. გამჭვირვალე ფუძე გაცილებით ლამაზი საპნების მომზადების საშუალებას იძლევა. თუმცა პირველ ცდაზე შეგიძლიათ საბავშვო საპნით დაიწყოთ.
2. საბაზო საპონი: ნუშის, ზეთისხილის, ატმის - მოკლედ, ნებისმიერი, გემოვნების მიხედვით.
3. ეთერზეთები: ზეთი თქვენი კანის მოთხოვნის მიხედვით შეარჩიეთ. მაგალითად, ჩაის ზეთი ცხიმიანი და პრობლემური კანისთვის; ფორთოხალი – ცელულიტისკენ მიდრეკილი უხეში კანისთვის, ილანგ-ილანგის ზეთი მშრალი კანისთვის.
4. საღებავები – შეგიძლიათ შეიძინოთ ან ნატურალური გამოიყენოთ: კაკაო, შოკოლადი, ხილის წვენი.
5. დანამატები: გლიცერინი, ნაღები, თაფლი, ბალახეულის ნაყენი და ხმელი ყვავილები.
6. თუ საპონს სკრაბის ფუნქცია გინდათ დაურთოთ, დაუმატეთ მსხვილად დაფქული ყავა, შვრიის ფანტელი.
7. ყალიბები – რაშიც სასურველ საპონს მოამზადებთ.
8. სპირტი – ყალიბების გასაპრიალებლად.
9. თბილი რძე, ბალახის ნაყენი ან წყალი საპნის ფუძის გასაზავებლად.
• როცა ყველა მასალა ხელთ გაქვთ: პირველ რიგში, დაჭერით გამჭვირვალე ფუძე პატარა ნაჭრებად ან თუ თეთრ საპონს მოიხმართ, გახეხეთ სახეხზე.
• გაალღვეთ მიღებული მასა ორთქლის აბაზანაზე. დროდადრო მოურიეთ.
• დაუმატეთ გახეხილი საბაზო საპონი, 100 გრამ ფუძეზე – 3 ჩაის კოვზი
• სანამ მასა ლღვება, ნელ-ნელა დაამატეთ რძე ან ნაღები, რომ არაჟნის კონსისტენციამდე მიიყვანოთ. შეგიძლიათ რძის ნაცვლად წყლის წვეთი ან მწიკვი შაქარი დაუმატოთ.
• როცა მასა ბოლომდე გალღვება, უმატებთ 5 წვეთ სასურველ ეთერზეთს.
• აგრეთვე, უმატებთ ერთ ჩაის კოვზ გლიცერინს, საღებავს, არომატიზატორსა და სხვა თქვენთვის სასურველ კომპონენტებს.
• მიღებული მასა უნდა მოათავსოთ ყალიბებში და სპირტით დანამოთ, რომ ბუშტუკები გაქრეს.
• საპონი ყალიბებში სრულ გაგრილებამდე უნდა დატოვოთ, შეიძლება მაცივარშიც კი შედგათ. ორი დღის შემდეგ, როცა საპონი მთლიანად გამოშრება, გადმოიღეთ ყალიბებიდან და დატკბით შედეგით.
ზემოთ მითითებული წესით შეგიძლიათ დაამზადოთ სხვადასხვა ტიპის საპონი:
სახის საპონი – საპნის თეთრი ფუძე - 100 გრამი, 2 სუფრის კოვზი ლანოლინი, 1 ჩაის კოვზი სასურველი ეთერზეთი, 1 სუფრის კოვზი შვრიის ფანტელი, 1 სუფრის კოვზი დაფქული ნუში, რამდენიმე წვეთი მზესუმზირის ზეთი, დაფხვნილი ხმელი ყვავილები.
შოკოლადის საპონი – საბავშვო საპნის ნატეხს დაუმატეთ ვანილის ეთერზეთი, კაკაოს კარაქი ან კაკაოს ფხვნილი, შვრიის ფანტელი, დაფქული ყავა, ნუშის ან ავოკადოს ზეთი, ზეთოვანი E ვიტამინი, ილანგ–ილანგის ზეთის რამდენიმე წვეთი და თაფლი.
სკრაბი საპონი: საბავშვო საპონი, ზეითუნის ზეთი, გლიცერინი, მწვანე ჩაის ნაყენი, კოსმეტიკური თიხა, წვრილად დაფქული შვრიის ფანტელი.
ამავე წესებით თქვენ ათასგვარი საპნის დამზადება შეგიძლიათ. შეგიძლიათ მიანიჭოთ მათ მრავალგვარი ფერი და ფორმა, მიიღოთ დიდი სარგებლობა და სიამოვნება.
ინა ნერგაძე
ჟურნალი "და ქალი"
(აპრილის ნომერი)