როგორ მოვუაროთ ოთახის იას?
როგორ მოვუაროთ ოთახის იას?
ქალბატონებო, ალბათ, ჩემსავით თქვენც ხშირად გსმენიათ სიტყვები, რომ სრულყოფილება არ არსებობს, ყველაფერს აქვს გარკვეული ნაკლი და ა.შ.

თუმცა მე მაინც ვფიქრობ, რომ ღმერთმა ამქვეყნად შექმნა მართლაც რომ ბუნების სრულყოფილი ქმნილებები. მათ აქვთ უნარი იმისა, რომ დაგვამშვიდონ, გაგვახალისონ და დათესონ ჩვენში სიკეთის გრძნობა. ბუნების ამ სრულყოფილებას მცენარეები ჰქვია.

მცენარეები, რომლებიც ათასფრად გვიფერადებენ და გვილამაზებენ ცხოვრებას. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, ჩვენს პატარა და დახვეწილ ჟურნალს ყვავილების სურნელება შევმატო და ყოველ ნომერში წარმოგიდგენთ ცნობილი ბიოლოგისა და ბოტანიკოსის, ქალბატონ ირინა დანელიას ინტერვიუს სხვადასხვა სახეობის ყვავილის მოვლის და გამრავლების შესახებ.

ამჯერად გაგაცნობთ პატარა და საოცრად ლამაზ მცენარეს - "ოთახის იას".

ირინა დანელია:
ოთახის ია, იგივე "სენპოლია", ათწლეულების მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დეკორატიული მცენარეა. მისი სახელწოდება "ია" სინამდვილეში არავითარ კავშირშია ჩვენთვის კარგად ნაცნობ, გაზაფხულის არაჩვეულებრივ მაცნესთან, ტყის იასთან. ეს ორი სახეობა არც კი ენათესავება ერთმანეთს.

უბრალოდ, გამომდინარე იქიდან, რომ ყვავილის ფერით და ფორმით გვანან ერთმანეთს, ამ დეკორატიულ მცენარეებსაც "ია" უწოდეს. რაც შეეხება სახელს "სენპოლიას", იგი დაკავშირებულია ცნობილ ინგლისელ ბარონთან სენ პოლთან, რომელიც გახლდათ მოგზაური და ბოტანიკოსი.

სწორედ მან ტანზანიაში მოგზაურობისას აღმოაჩინა ერთი ძალიან პატარა მცენარე ლამაზი ყვავილებით. როდესაც ეს მცენარე ევროპაში გააგზავნა და აღწერეს ახალ სახეობად, აღმომჩენის პატივსაცემად "სენპოლია" უწოდეს. თუმცა, გარდა ამ სახელწოდებისა, იგი მსოფლიოში ასევე ცნობილია სახელწოდებით "უზამბარის ია". ეს სახელიც სწორედ იმ გავრცელების ადგილიდან მოდის, სადაც მოგზაურმა სენ პოლმა აღმოაჩინა.

მცენარე თავიდანვე ძალიან პოპულარული გახდა. ათწლეულების მანძილზე სელექციონერებმა შეძლეს და გამოიყვანეს მისი ძალიან ბევრი ჯიში. არსებობს რთულყვავილიანი და მარტივყვავილიანი ჯიში. ასევე გვხვდება ჭრელფოთლიანებიც.

- ქალბატონო ირინა, როგორ პირობებს საჭიროებს "ოთახის ია"?

- გამომდინარე იქიდან, რომ "ოთახის ია" წარმოშობით ტროპიკებიდან არის, მას მთელი წლის განმავლობაში ერთნაირი პირობები და მოვლა სჭირდება. ყურადღება უნდა მიექცეს მის ადგილმდებარეობას, ქოთანს, ნიადაგს, კვებას, ჰიგიენას და ა.შ. მაგალითად:

ადგილმდებარეობა: ადგილი, სადაც იას მოათავსებთ, უნდა იყოს განათებული, მაგრამ არ უნდა ხვდებოდეს პირდაპირი მზის სხივები, რადგან ხშირად სწორედ ეს ხდება მისი დაზიანებისა და სხვადასხვა დაავადების გაჩენის მიზეზი.

მორწყვა: მორწყვისას იას ფოთოლზე არ უნდა მოხვდეს წყალი. მოგეხსენებათ, მას აქვს ძალიან ნაზი ფოთლები ბუსუსებიანი ზედაპირით. ამიტომ მასზე მოხვედრილი წყალი დიდხანს რჩება, რაც აზიანებს და ალპობს მცენარეს. ამიტომ უმჯობესია იები მოვრწყათ უშუალოდ მიწის ზედაპირზე, ან თუ ძალიან პატარაა, შეიძლება ქოთნის სადგამი თეფშიდან მოირწყას.

მორწყვის სიხშირე: ია განეკუთვნება იმ ოთახის მცენარეების რიცხვს, რომელთაც უყვართ ზომიერი მორწყვა. ამიტომ ჩვენ ვურჩევთ მათ, ვისაც აქვს ოთახის იები, რომ როდესაც ნიადაგის ზედაპირი შეშრება და არა - გამოშრება, მხოლოდ ამის შემდეგ მორწყან. ანუ ზედა ფენა უნდა იყოს შემშრალი, მაგრამ შიგნით უნდა იყოს ოდნავი სინესტე.

არ ამყოფოთ იები დიდხანს სველ გარემოში. განსაკუთრებით ეს ეხება ზამთრის პერიოდს. ამ პერიოდში ჩვენ, ფაქტობრივად, ვუნახევრებთ იებს მორწყვას. ეს, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ ბინაში სიგრილეა; მაგრამ თუ პირიქით, ჰაერის სიმშრალეა, მაშინ მორწყვის ინტენსივობა იგივე რჩება, რაც წელიწადის სხვა დროს.

ჰიგიენა: თუ იას დაემტვერა ფოთლები, მისი გასუფთავება უმჯობესია თმის საშრობი ფენის დახმარებით, მაგრამ ძალიან დაბალი სიმძლავრით. ასევე შესაძლებელია ძალიან რბილი ფუნჯითაც მტვრის გადაბერტყვა. მისი გასუფთავება არ არის სასურველი ბამბით ან ღრუბლით, რადგან ასე შეიძლება მას დავუზიანოთ ნაზი ფოთლები.

ნიადაგი და მისი გამოცვლის სიხშირე: წყალში დაფესვიანებული ფოთოლი უმჯობესია პირველი ერთი წლის მანძილზე რაც შეიძლება მსუბუქ ნიადაგში ვამყოფოთ. იგი უნდა იყოს ნოყიერი მიწისა და ქვიშის ნარევი, რათა ფესვთა სისტემა თავისუფლად განვითარდეს. რაც შეეხება ნიადაგის გამოცვლას, ოთახის ია არ საჭიროებს ხშირ გადარგვას. თუ მას კარგად აქვს მოღონიერებული ძირი, მაშინ ორი-სამი წლის განმავლობაში თავისუფლად შეიძლება იგი ერთსა და იმავე ქოთანში ვამყოფოთ.

ქოთნის ზომა და ფორმა: ქოთნის ზომა და ფორმა ერთ-ერთ მნიშვნელოვანია მცენარისთვის. ოთახის იებისთვის ქოთნის ზომა უნდა შეირჩეს თვითონ იის ზომის მიხედვით. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება პატარა მცენარე ჩარგოთ დიდ ქოთანში.

რადგან თუ მიწა ბევრია და ჩვენ მას ზედმეტად მოვრწყავთ, მცირე ზომის მცენარე ვერ მოასწრებს ნიადაგიდან წყლის ამოღებას, რაც შემდეგ მის დალპობას გამოიწვევს. იმის გათვალისწინებით, რომ ოთახის იების ფესვთა სისტემა საკმაოდ ზედაპირულია, უმჯობესია იგი ჩავრგათ განიერ და დაბალ ქოთანში. ასეთ ვითარებაში მას საკმარისი ადგილი ექნება ახალი ნაყარისთვის.

- როგორ მრავლდება ოთახის ია?

- როგორც წესი, ოთახის იები მრავლდება ფოთლის დაფესვიანებით და ძირის გაყოფით. ასევე შესაძლებელია თესლით გამრავლება. ყველაზე მარტივი მაინც ფოთლის დაფესვიანებაა. უმჯობესია გამრავლდეს მეორე რიგის და არა პირველი რიგის ფოთლით, რომელიც უშუალოდ მიწას ეხება.

მეორე რიგში აარჩიეთ ის ფოთოლი, რომელსაც უფრო მოგრძო, დაახლოებით 2 სმ-ის ყუნწი ექნება, მოათავსეთ იგი წყალში მანამ, სანამ დაფესვიანდება და შემდეგ გადარგეთ ქოთანში.

- რამდენად საჭიროებს ოთახის ია კვების მხრივ რაიმე სახის დანამატს?

- თუ მცენარე არის ახალგადარგული და ნიადაგი ახალი აქვს, ასეთ შემთხვევაში ის საერთოდ არ საჭიროებს არავითარ დამატებით კვებას. რაც შეეხება თავად კვებით დანამატებს, დღეს უკვე შემოსულია სპეციალური სასუქები, რომლებიც თავიანთი შემადგენლობის მიხედვით გამოიყენება მოყვავილე მცენარეებისთვისაც, ფოთლოვან-დეკორატიულებისთვისაც და ა.შ.

იებისთვის კი უნდა ვიხმაროთ მოყვავილე დეკორატიული მცენარეებისთვის განკუთვნილი თხევადი სასუქი. აქვე პატარა რჩევა ქალბატონებს - იმის გამო, რომ იას ძალიან ნაზი და მგრძნობიარე ფესვები აქვს, უმჯობესია სასუქი კიდევ ცოტა უფრო მეტად გააზავოთ და ისე გამოიყენოთ.

- როგორ შეიძლება ვუმკურნალოთ დაავადებულ, დაზიანებულ ოთახის იას?

- ძირითად შემთხვევებში ოთახის ია ავადდება სოკოვანი დაავადებებით. ამიტომ თუ მცენარეს გაუჩნდა სოკოვანი დაავადება, ამ შემთხვევაში მხოლოდ სპეციალისტის კონსულტაციით უნდა მოხდეს მკურნალობა. არის შემთხვევები, როდესაც მცენარეს უჩნდება ბუგრები.

ასეთი შემთხვევისთვის ერთ პატარა რჩევას მივცემ ქალბატონებს: გადააფარეთ მცენარეს პოლიეთილენის პაკეტი, შეუშვით შიგნით სიგარეტის ბოლი და გააჩერეთ ცოტა ხნით ამ მდგომარეობაში. ასეთი შემთხვევაში ბუგრები ნამდვილად დაიხოცებიან.

ეს ქმედება შეიძლება საბოლოო გამოსავლად არ ჩაითვალოს, მაგრამ პირველ ეტაპზე შედეგი ნამდვილად ექნება.

- ქალბატონები ხშირად წუხან, რომ მათი ოთახის ია უწინდებურად აღარ ყვავის, მას ყვავილის ხარისხი გაუფუჭდა და ა.შ. როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ მსგავს პრობლემას არ ჰქონდეს ადგილი?

- ოთახის ია, თავისი ტროპიკული წარმოშობიდან გამომდინარე, თითქმის მთელი წლის განმავლობაში ყვავის, მაგრამ თუ მან დაკარგა ეს თვისება, ამის მიზეზად სხვადასხვა ფაქტორი შეიძლება დასახელდეს.

მაგალითად, იგივე, რაც უკვე აღვნიშნეთ, რომ პატარა მცენარეს რგავენ ძალიან დიდ ქოთანში, ან არასწორ ადგილმდებარეობას ურჩევენ. ახალი ადგილმდებარეობის შესაგუებლად მას შეიძლება გარკვეული პერიოდი დასჭირდეს და ამიტომაც, შესაძლოა, შეწყვიტოს ყვავილობა.

ნინო ჯანიძე
ჟურნალი "და ქალი"
(აპრილის ნომერი)

კომენტარები (13)
თიკო
იას ფოთლებიულპება და რისი ბრალია ან როგორ უშველო?
ნინო 15
სიტბოში გამოტანა ტუ შეიდცლება იების ?მყავს და ასე მგონია სიცივე არ მოსცონტ მოიცყინეს
ია
იას ფესვში გაუჩნდა ჭია როგორ უნდა ვუმკურნალო?
თეა აზაურაშვილი
იას ბევრი ფოთლები ამოაქვს კვავილები არა, რა სჭირდება?
ფიქრიას ყვავილები
იასტვის საუკეთესო სასუქია ერთი ჩაის კოვზი ნაცარი გახსნილი ერთლიტრ წყალში.ტუ ია ჯანმრთელია მას მტვერი არ ედება.ბუსუსებით თვითონ დევნის მას.დამტვერილი მცენარე 33–35გრადუსიანი დუშით ჩამორეცხეთ.მიწას ცელოფანი დააფარეთ.
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
იაპონელებმა მსოფლიოში პირველი ცისფერი ორქიდეას ჯიში გამოიყვანეს
15:30 / 07-02-2013
იაპონიის უნივერსიტეტის, ტიბის მეცნიერებმა ცისფერი ორქიდეას უნიკალური ჯიში გამოიყვანეს.
საშობაო ვარსკვლავი - როგორ მოვუაროთ პუანსეტიას?
14:33 / 18-01-2013
პუანსეტია უნიკალური და ძალიან ლამაზი საშობაო მცენარეა. მას სხვაგვარად ბეთლემის ან საშობაო ვარსკვლავს, რძიანას და ეურფობიასაც უწოდებენ. მასთან დაკავშირებით ასეთი ლეგენდაც არსებობს:
წიწაკა კვერცხის სატენით
11:00 / 02-01-2013
ამ მსუბუქი, ორიგინალური და გემრიელი კერძით ნამდვილად შეძლებთ სტუმრების აღფრთოვანებას
რას გვიქადის  სიყვარულისა და ნაყოფიერების ხეები
15:40 / 05-04-2012
ფენ-შუის ხელოვნება, უამრავ რჩევასთან ერთად, თილისმებსაც გვთავაზობს. სწორედ ფენ-შუის თილისმებადაა მიჩნეული სხვადასხვა სახეობის ჯუჯა ხე, რომლებიც ბიზნესში, კარიერასა და პირად ცხოვრებაში წარმატებას გვპირდებიან.
ზამთრის მოყვარულებმა შემოდგომა ქრიზანთემების ფესტივალით გააცილეს
15:30 / 16-11-2011
ბავშვთა კრეატიული განვითარების ცენტრმა "ბლესსინგმა" ქრიზანთემების ფესტივალს უმასპინძლა.
გააკეთებინეთ კაცებს
13:15 / 03-06-2011
დარწმუნებული ვარ, თითოეულ თქვენგანს სახლში თუ აგარაკზე, აუცილებლად მოგეძებნებათ უსარგებლო ნივთები, რომელთა გადაყრაც გენანებათ, მაგრამ უკვე წლებია, არაფერში გამოგიყენებიათ. თუ ფოტოებს კარგად დააკვირდებით, ძალიან ადვილად შეძლებთ მათ "მეორე სიცოცხლე" დაუბრუნოთ.
თაიგულმა რომ დიდხანს გაძლოს...
11:20 / 12-05-2011
ყვავილები თითქმის ყველა ქალს უყვარს. თაიგულიც ყველაზე გავრცელებული საჩუქარია საჩუქართა შორის. ზოგჯერ სათქმელს ყვავილების ენით გვითვლიან: წითელი ვარდები სიყვარულისა და ვნების სიმბოლოა. თეთრი - უმანკოების. ვადისფერ ვარდებს კი მსუბუქი გატაცების ნიშნად ჩუქნიან.
კამელია - უსულგულო ყვავილი
14:00 / 09-05-2011
ანტიკურ მითოლოგიაში აღწერილია კამელიის წარმოშობის ამბავი: სიყვარულის ღმერთმა ამურმა დედამიწის ბინადარნი თავისი ისრებით დაჭრა და სატურნისკენ გაფრინდა. იქ მან ყინულის მზეთუნახავები იხილა. სამწუხაროდ, ამურის სასიყვარულო ისრებმა მათ ცივ გულებში ვერ შეაღწია.
მექსიკის სიმბოლო
15:06 / 04-04-2011
მექსიკისათვის აგავა უფრო მეტია, ვიდრე მცენარე - ცოცხალი ბუნების ეს წარმომადგენელი ქვეყნის სიმბოლოა. უზარმაზარი ზომის, წვეტიანი, წყლიანი ფოთლების გამო, აგავას ყველა დროში დიდ პატივს სცემდნენ, თუმცა მისი ეშინოდათ კიდეც.
ოქროს ყვავილი
17:07 / 01-04-2011
ქრიზანთემა ლათინური სიტყვაა და "ოქროს ყვავილს" ნიშნავს. 150 სახეობის ქრიზანთემა, ძირითადად ევროპაში, აზიისა და აფრიკის ქვეყნებში ხარობს.
არქივის კალენდარი