შედიხარ ბინაში და ვერ წარმოგიდგენია, როგორ შეიძლება ადამიანს ასე უყვარდეს ყვავილები, თანაც კაქტუსები და როგორ ახერხებს კორპუსის ბინაში აცხოვროს ამდენი მცენარე ერთად...
მსოფლიოს ცხოვრების რიტმი ჩქარია, ამ საუკუნეში ტექნოლოგიებმა და კომპიუტერმა ადამიანები ლამის რობოტებად გადააქცია- დილას იღვიძებენ, სახლიდან სამსახურში მიიჩქარიან, ოფისებში საღამომდე დაჰყოფენ, მერე სახლი ან სულ ცოტა გართობა და მეორე დღიდან ყველაფერი ისევ თავიდან იწყება.
ადამიანების სახეზეც კი შესაძლებელია ამოიკითხო ის საზრუნავი, რომელიც აწუხებთ და ხელს უშლით ”ნორმალურად”ცხოვრებაში. სადღაც დაიკარგა და გაქრა სილამაზე, ესთეტიკა და სულიერი საზრდო, რის მეშვეობითაც შესაძლებელი იყო გადარჩენა...
სილამაზეც კომერციული გახდა, სულიერებაც და შესაბამისად, არც ერთია ნამდვილი. იშვიათად, მაგრამ მაინც არსებობენ ისეთი ადამიანები, ვისთვისაც თითქმის არაფერი შეცვლილა. ისინი დღესაც განაგრძობენ იმ ღირებულებებით ცხოვრებას, რასაც მათი სულიერი მოთხოვნილება კარნახობს. ასეთები საქართველოშიც არიან, ისინი ემსახურებიან ხელოვნებას, სილამაზეს, სიყვარულს, ისინი ჩვენ შორის ცხოვრობენ.
თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, ერთი, სრულიად ჩვეულებრივი კორპუსი დგას. მისი მობინადრენი თითქმის არაფრით
გამოირჩევიან დედაქალაქის სხვა მცხოვრებთაგან, უბრალოდ, ერთ-ერთი სადარბაზოს ერთ სართულზე თუ მოხვდით, თქვენს გაოცებას საზღვარი არ ექნება.
ზარს რეკავ და ჯერჯერობით ყველაფერი რიგზეა. კარს სიმპათიური ქალბატონი აღებს, მისი ცისფერი თვალები უკვე აბრწყინებს რაღაც შინაგანს, რაღაც ძალიან უცხოს...
შედიხარ ბინაში და ვერ წარმოგიდგენია, როგორ შეიძლება ადამიანს ასე უყვარდეს ყვავილები, თანაც კაქტუსები და როგორ ახერხებს კორპუსის ბინაში აცხოვროს ამდენი მცენარე ერთად...
ყვავილების დედოფალი წარმოშობით რუსეთიდანაა და სიყვარულმა ჩვენს ქვეყანაში ჩამოიყვანა. ქალბატონმა სვეტლანამ საქართველოში ჩამოიყვანა ბავშვი, წამოიღო მისი საკვები და... რამდენიმე განსხვავებული ჯიშის კაქტუსი.
სწორედ ესენი წარმოადგენდა მაშინაც და ახლაც მისთვის მთავარ სიმდიდრეს. თუმცა მცენარის ამ ჯიშით გაცილებით ადრე, რუსეთში დაინტერესდა, როდესაც მომავალი მეუღლე გაიცნო. ერთ დღეს, სტუმრად მისულმა მამაკაცმა ქალს ასეთი კითხვა დაუსვა: რატომ არ გაქვს სახლში არც ერთი მცენარე, მე ძალიან მიყვარს ყვავილები, შენ?
ქალმა უპასუხა, რომ მცენარეებს ვერ უგებს, რადგან, მის ხელში ისინი მალე კვდებიან. თუმცა მამაკაცისგან ნათქვამი სიტყვები მეხსიერებაში ჩაებეჭდა და აზარტშიც ჩავარდა. მაშინ გაახსენდა, რომ ერთხელ ის სრულიად შემთხვევით მოხვდა ყვავილების გამოფენაზე და ნახა კაქტუსის უამრავი სახეობა.
ახსოვს პირველი გაოცებაც, რადგან კაქტუსი მისთვის მოგრძო, ეკლიანი მცენარე იყო. ეს ამბავი საყვარელ მამაკაცს გაუმხილა და მანაც პირველი კაქტუსი აჩუქა. მას შემდეგ ქალბატონი სვეტა კაქტუსით ცხოვრობს, ამ სიტყვის პირდაპირი და ირიბი მნიშვნელობით.
მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა და დღეს უკვე მის კოლექციაში არაერთი უნიკალური ჯიშია. წარმოუდგენელია, რომ ყვავილი არა მხოლოდ სუნთქავს და ცოცხლობს, არამედ სულიც აქვს და ხასიათიც. ამ ყველაფერში წლებმა და გამოცდილებამ დაარწმუნა.
მაგალითად, როდესაც რაღაც პრობლემა აქვს ან უბრალოდ თავს ცუდად გრძნობს, იცის, საკუთარ თავს როგორ დაეხმაროს- კაქტუსებთან მიდის. ასე ეხმარებიან ცხოვრებაში ადამიანს ყვავილები.
ქალბატონი სვეტა მათზე განსაკუთრებით ზრუნავს, დილას ახალგაღვიძებული პირველად მათთან მიდის და უვლის. სახლიდან გასული ცდილობს არ დაიგვიანოს, რადგან იცის, მას ელიან...
თითოეულ ქოთანში მცხოვრებ თითოეულ მცენარეს პატარა ბავშვით ეფერება. კაქტუსი ის მცენარეა, რომელიც ცოცხლობს მაშინაც კი, თუ წყალს კვირაში ერთხელ დაუსხამ. თუმცა ქალბატონი სვეტა მათ ყოველდღე აძლევს საზრდოს, ამას იმით ხსნის, რომ მათთან ყოველდღიურ კონტაქტს ამყარებს და მათ შორის სულიერი კავშირი მყარდება. ამ დროს ორ ცოცხალ არსებას ერთმანეთის ესმის, გრძნობს და უყვარს...
ყვავილების დედოფალია და ბუნებრივიცაა, მათი ენა იცოდეს. ძალიან არ მოსწონს, როდესაც აწყდება ადამიანებს, ვინც გულგრილად ეკიდება მცენარეებს, მათ მოვლას. გული სტკივა, გავრცელებული აზრის გამო, თითქოს ეს მცენარე კომპიუტერთან უნდა დაიდგას, რათა გამოსხივება შთანთქას.
ის მართლაც იღებს აურას, ენერგიას, მაგრამ ამ დროს არავინ ფიქრობს მცენარეზე! ის წლობით იზრდება, ნელა, ძალიან ნელა და ვიღაც მას მოკლავს, იმის გამო, რომ გაუგონია: კომპიუტერთან უნდა იდგეს! ძალიან ეცოდება მცენარე ისეთი ადამიანის ხელშიც, ვინც არ და ვერ მოუვლის მას.
როდესაც მისგან ვინმეს მიჰყავს მცენარე, ზუსტად იცის, ის რამდენად მზადაა ჰქონდეს სახლში კაქტუსი და მოუაროს მას. ადამიანებთან და მცენარეებთან ურთიერთობამ ქალბატონ სვეტას მათი გემოვნებისა და ხასიათის გამოცნობა ასწავლა: ამბობს, რომ როგორც წესი, მასთან მისული საუბარს ყოველთვის იმით იწყებს, რომ მცენარეებზე გიჟდება და უვლის.
შემდეგ ამდენ ქოთანს რომ დაინახავს, იმის მიხედვით, პირველად რომელს მიაქცევს განსაკუთრებულ ყურადღებას, იცის, ვინ არის ის, როგორი გემოვნება აქვს, მართლა უყვარს თუ არა ყვავილები.
დღეს ქალბატონი სვეტლანას შემოსავლის წყარო სწორედ ყვავილებია, რთულმა ცხოვრებამ გაიყვანა ბაზარზე, სადაც დგას და კაქტუსებს ყიდის. თუმცა არასდროს გაუტანია გასაყიდად იშვიათი ჯიში კოლექციიდან. ამბობს, რომ ძალიან ძნელია აიღო ქოთანი და წაიღო, ვიღაცას მიჰყიდო, ის ხომ შენთან იყო, ამდენ ხანს ზრდიდი, მით უმეტეს, თუ ატყობ, რომ ადამიანი არ არის მზად მას მოუაროს.
თორმეტი წელია, რაც გაერთიანებულია ”კაქტუსების მოყვარულთა კლუბში”, სადაც მისნაირი ადამიანები ერთმანეთს მცენარეების სიყვარულსა და გამოცდილებას უზიარებენ. ამ კლუბის ფარგლებში ჰოლანდიიდან, აფრიკიდან და სხვა ქვეყნებიდან კაქტუსის უცხო ჯიშის თესლებს უკვეთენ.
ამ კლუბისვე ფარგლებში ყოველწლიურად ეწყობა გამოფენა-გაყიდვები. ფასს მეყვავილე ინდივიდუალურად აწესებს. ფასი დამოკიდებულია არა სიდიდეზე (დიდი მცენარე არ ნიშნავს კარგს, ის უბრალოდ დიდი ხნისაა, ან მალე იზრდება), არამედ ჯიშის იშვიათობაზე. ზოგ მცენარეს მოვლა იქამდე სჭირდება, სანამ იმხელა გახდება, რომ გაყიდოს.
არის ჯიში, რომელიც წელიწადში მხოლოდ რამდენიმე მილიმეტრით იზრდება. ამის გათვალისწინებით შეიძლება განა 2 ლარად გაიყიდოს?
ქალბატონმა სვეტამ რთული ცხოვრება გამოიარა. იხსენებს, რომ იყო დრო, როდესაც შვილი ცარიელ ჩაისა და პურზე ჰყავდა და ამ დროს მისი კოლექციიდან კაქტუსის ერთი ჯიში რომ გაეყიდა...
მაგრამ ეს არ გააკეთა და ამით ამაყობს კიდეც. იცის, რომ ოდესღაც ამ ქვეყნიდან წავა და იმედი აქვს, მისი შვილი გააგრძელებს ამ საქმეს. მის უნიკალურ კოლექციას, იშვიათ ჯიშებს ხომ დასჭირდებათ ახალი მომვლელი, თუმცა იქამდე ქალბატონი სვეტა მზადაა ემსახუროს სილამაზეს. განსაკუთრებით განიცდის, როდესაც მცენარე კვდება, ხან სიბერის და ხან დაავადების გამო.
ჟურნალი ”ბომონდი”
ქეთი მიქანაძე