ნოემბერი დრამატიზმით აღსავსე, ექსპანსიური და მგრძნობიარე მორიელისა და იდეალისტი, რომანტიკული მშვილდოსნის მმართველობის ხანაა.
ამიტომ ამ პერიოდში დაწყებული ურთიერთობები ყოველთვის გამოირჩევა არაპროგნოზირებადი სცენარითა და ემოციების სიუხვით... მოდით, გადავხედოთ რას უმზადებს ამ ჯერზე ნოემბერი ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის წარმომადგენლებს.
ვერძი
ნოემბერში მარტოხელა ვერძების დიდ ნაწილს საკუთარ გრძნობებში გარკვევა გაუჭირდება. საქმე იმაშია, რომ ბედის ირონიით, არა ერთი და ორი, შესაძლოა სამი პრეტენდენტიც კი შეეცილოს ერთმანეთს თქვენი გულის მოსაპოვებლად.
ამიტომ მათ შორის ღირსეული უნდა აარჩიოთ, რაც ერთობ რთული საქმე იქნება. ასეთ შემთხვევაში ასტროლოგები გირჩევენ, ყური გონების კარნახს უფრო დაუგდოთ, ვიდრე გულს. შესაძლოა საბოლოოდ არჩეული კანდიდატი, ერთი შეხედვით, ძალზე უბრალოდ გამოიყურებოდეს, მაგრამ სწორედ მასთან გექნებათ სამომავლოდ მშვიდი და სტაბილური ურთიერთობის პერსპექტივა.
კურო
კუროების დიდი ნაწილი ნოემბრის თვეში სასიყვარულო ფრონტზე წამოჭრილი საკითხების მარტივად გადაჭრას მოინდომებს და გადაწყვეტს, რომ მხოლოდ იმ ხალხს დაუთმოს ყურადღება, ვისგანაც თანმხვედრ სიმპათიას იგრძნობს. თუმცა პრობლემა იმაშია, რომ ადამიანი, რომელიც რეალურად განიცდის თქვენ მიმართ სერიოზულ გრძნობებს, ამ ეტაპზე ჩრდილში ყოფნას ამჯობინებს და ძალიან იტანჯება იმით, რომ თქვენ ამ დროს სხვა კანდიდატურებით ირთობთ თავს.
თუმცა უკვე თვის ბოლოსკენ, ბურუსით მოცული სიტუაცია თავისით დასტაბილურდება და ურთიერთობები, რომლებსაც ამ დროს ჩაეყრება საფუძველი, სამომავლოდ არაერთ ლამაზ წუთს გაჩუქებთ.
ტყუპი
ნოემბრის თვეში ტყუპის ისედაც გაორებული ხასიათი კიდევ ცვალებადი და ნევროზული ხდება. ბევრი თქვენგანი თავადაც ვერ ახსნის, რა უბიძგებს ათასგვარი სახის აბსურდული და არაპროგნოზირებადი საქციელის ჩადენისკენ. თუმცაღა მოთხოვნილება, პარალელურად რამდენიმე თაყვანისმცემელთან ერთდროულად გააბათ ფლირტი, ამ ჯერზე თქვენი რეპუტაციის შელახვით არ დასრულდება და სიტუაციიდან "მშრალად" გამოძვრომასაც შეძლებთ.
თუმცა თვის მეორე დეკადაში, შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაში ერთობ ფატალურმა სასიყვარულო ურთიერთობამ შემოაბიჯოს ადამიანთან, რომლისთვისაც საზოგადოებრივი აზრი და ის, თუ რას იტყვიან სხვები თქვენზე, საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება. ამიტომ კარგად დაფიქრდით, სანამ თვის დასაწყისში ერთი შეხედვით უვნებელ ფლირტში გადაეშვებოდეთ თავით.
კირჩხიბი
კირჩხიბების უმრავლესობა ნოემბერს გადატვირთულ სამუშაო რეჟიმში ხვდება და საერთოდ არ იტოვებს დროს პირადი ცხოვრებისთვის. თუმცა სწორედ ნოემბერს შეუძლია მოიტანოს თქვენს ცხოვრებაში ის სასიკეთო ძვრები, რასაც მთელი წლის მანძილზე ამაოდ ელოდით.
განსაკუთრებით გაუმართლებთ იმ კირჩხიბებს, რომელთაც უკვე ჰყავთ მეორე ნახევარი ან საყვარელი ადამიანი, რომელთანაც ბოლო პერიოდში ურთიერთობა დაეძაბათ. ნოემბერი ამ მხრივ, ბევრ საჭირბოროტო საკითხს დაუსვამს წერტილს.
ლომი
ლომების დიდი ნაწილისთვის ნოემბერი, რომანტიკული ურთიერთობების კუთხით, ძალზე აქტიური და დასამახსოვრებელი თვეა. თუკი თქვენ ქვეყნის საზღვრებს გარეთ გეგმავთ გამგზავრებას, შესაძლოა, "ამურის ისრები" სწორედ მგზავრობისას წამოგეწიოთ. თუმცა ლომების იმ ნაწილს, ვინც სამშობლოში ამჯობინებს დარჩენას, ნოემბრის თვე, შეიძლება ითქვას, "ლანგრით მიართმევს" ნანატრ ურთიერთობას.
ერთადერთ პრობლემას ის ფაქტი შექმნის, რომ შესაძლოა ამ დროს დაწყებული რომანი, საწყის ეტაპზე შორ დისტანციაზე (მიწერ-მოწერით) განვითარდეს. თუმცა საბოლოოდ იგი მაინც მიიღებს სერიოზულ ფორმებს.
ქალწული
თუკი თქვენ ზოდიაქოს ნიშნით ქალწული ხართ და საკუთარ თავს არაერთგზის მიეცით პირობა, რომ ერთი და იმავე ორმოში აღარასოდეს ჩავარდებით სიყვარულის გამო, იცოდეთ, რომ ნოემბრის თვე აუცილებლად გაიძულებთ ამ პირობის დარღვევას.
ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, თუ ერთი შეხედვით "პერსპექტიულად" დაწყებული რომანტიკული ურთიერთობა სამომავლოდ ზუსტად იმავე სცენარით დაიწყებს განვითარებას, როგორც ვითარდებოდა მისი წინამორბედი რომანები ადრე.
თუმცა, კაცმა რომ თქვას, ამ ისტორიის სცენარი ხომ თქვენზე კარგად არავინ იცის. ჰოდა, ფინალის სასიკეთოდ შეცვლას რაღა უდგას წინ?