ზოგს მიაჩნია, რომ ეჭვიანობა სიყვარულის თანმდევი მოვლენაა; ზოგი კი თვლის, რომ ამ გრძნობით კომპლექსების მქონე ხალხი იტანჯება მხოლოდ.
როგორ ფიქრობთ თქვენ? ნამდვილი სიყვარული ხომ საყვარელი ადამიანის დაკარგვის გარკვეულ შიშსაც მოიაზრებს თავის თავში და თუკი დაკარგვა არ გაშინებთ, ე.ი. გრძნობაც არ არის ნამდვილი და წრფელი.
ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ ზოგადად, ეჭვიანობის გრძნობით ნებისმიერი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანი შეიძლება დაიტანჯოს იმ შემთხვევაში, თუკი ურთიერთობა კარმული და დესტრუქციულია. თუმცა არსებობენ კონკრეტული ნიშნები, რომელთაც ერთმნიშვნელოვნად ძალზე ეჭვიანი და მესაკუთრე ბუნება გააჩნიათ.
ყველაზე ეჭვიანთა რიგში შედიან მორიელის, კირჩხიბისა და კუროს ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები. ამ ხალხში განსაკუთრებული სიძლიერით ვლინდება ეჭვიანობა, ამ სიტყვის პირდაპირი და კლასიკური გაგებით.
ამასთან, კუროს მესაკუთრული გრძნობები ამოძრავებს, პრინციპით – "რაც ჩემია, ჩემთან უნდა იყოს", მორიელს კი დესტრუქციული ბუნება უბიძგებს ეჭვიანობისკენ. მას, ზოგადად, ახასიათებს, ეჭვი შეიტანოს ყველასა და ყველაფერში ამქვეყნად.
შეიძლება თამამად ითქვას ისიც, რომ ურთიერთობა, სადაც დრამა და ეჭვიანობის მხურვალე სცენები არ ფიგურირებს, მორიელის ნიშნით დაბადებულისთვის აბსოლუტურად უინტერესოც კი ხდება. შესაბამისად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეჭვიანობა და სიყვარული მორიელისთვის სინონიმებია.
დაახლოებით იმავეს თქმა შეიძლება კირჩხიბის შემთხვევაშიც, იმ განსხვავებით, რომ მორიელს უნარი აქვს, იქით ტანჯოს პარტნიორი ემოციურად, ხოლო კირჩხიბს პირიქით, გარკვეული მაზოხისტური მიდრეკილებები ახასიათებს და ხშირად თავადაა მსხვერპლი სასიყვარულო ურთიერთობისას.
იმპულსური და ეჭვიანი ადამიანების სიაში შედიან ასევე ვერძისა და მშვილდოსნის ნიშნით დაბადებული ადამიანები. თუმცა, მათთან ეჭვიანობის მომენტს ყოველთვის ახლავს თან სპონტანურობის მოთხოვნილება.
ისინი ხშირად აბსოლუტურად დაუფიქრებლად ეშვებიან თავით ახალ რომანებში ან ყვებიან წამიერ გატაცებებს, რის ხარჯზეც უკვე არსებულ ურთიერთობას უთხრიან ძირს. თუმცა ამ ორი ნიშნის შემთხვევაში პატიების კოეფიციენტი ძალზე მაღალია, ვერძსაც და მშვილდოსანსაც გააჩნიათ საკმაოდ მიმტევებელი ბუნება, რის ხარჯზეც ნებისმიერი სიტუაციის განეიტრალება ხდება შესაძლებელი.
ყველაზე ნაკლებად ეჭვიანობის გრძნობით და ზოგადად, მესაკუთრული თვისებებით, როგორც აღმოჩნდა, ჰაერის სტიქიის წარმომადგენლები – ტყუპი, მერწყულები და სასწორები იტანჯებიან. "ჰაერებს" ყველაზე კარგად ესმით სამართლიანობისა და თანასწორობის პრინციპი ურთიერთობაში და მიაჩნიათ, რომ ამქვეყნად ვერავინ ვერავის დაკარგავს, იმიტომ, რომ არც არავინ არავის ეკუთვნის რეალურად. აქედან გამომდინარე, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს ყველაზე ლოიალური მიდგომა გააჩნიათ ეჭვიანობის ფენომენის მიმართ და უფრო მეტიც, იშვიათად იტანჯებიან მისით.
იხილეთ სრულად: astrologi.ge