ცნობილი ფრაზა - "გემოვნებაზე არ დავობენ", სამწუხაროდ, რეალობაში ნაკლებად ამართლებს.
მეტიც, შეიძლება თამამად ითქვას, რომ ადამიანები, ძირითადად, სწორედაც რომ გემოვნებაზე დავობენ ყველაზე მეტს. ალბათ, არავის მიაჩნია თავი უგემოვნოდ და სტილის არმქონე პიროვნებად, თუმცა ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ დახვეწილი გემოვნების ქონასაც ზოდიაქოს ნიშანი და მისი მმართველი პლანეტა განაპირობებს.
ამიტომ გასაკვირი არაა, რატომ იმსახურებს ზოგიერთი საზოგადოების აღტაცებას საკუთარი ჩაცმის სტილით და იმიჯით, მაშინ, როცა სხვა საყოველთაო განსჯის საგანი ხდება ზუსტად ამ კონტექსტში.
მიჩნეულია, რომ სილამაზის განსაკუთრებული აღქმით, ე.წ. ვენერათი მართული ნიშნები გამოირჩევიან. კერძოდ, ეს არის კურო და სასწორი. თუმცა, კუროს შემთხვევაში, რაკიღა მიწის სტიქიასთან გვაქვს საქმე, მისი გემოვნება უფრო კომფორტის შექმნის მიდრეკილებაში ვლინდება (ინტერიერის დიზაინი, ფლორისტიკა, კულინარია), ვიდრე ჩაცმა-დახურვის საკითხში.
თუმცა ვენერა მათთან რომანტიკულობას პირად ურთიერთობებში აძლიერებს, ამიტომ კურომ გასაოცარი ერთგულება და სენტიმენტალური სიყვარული იცის სწორედ ამ პლანეტის დამსახურებით.
რაც შეეხება სასწორს, იგი ვენერას ჭეშმარიტად "ჰაი-კლასის" წარმომადგენელია. ამიტომ ტიპურ სასწორს ვერასოდეს ნახავთ მოუწესრიგებელს, თმადაუვარცხნელს ან შეუსაბამო ფერის სამოსით. სასწორები დიდ ყურადღებას აქცევენ აქსესუარებს, იცმევენ უზადო გემოვნებით და ყოველთვის ზუსტად იციან, რომელი აქსესუარი რომელი ტიპის სამოსს შეუსაბამონ.
ამას გარდა, ვენერას გავლენა სასწორის ვიზუალზეც არანაკლებ აისახება, რის ხარჯზეც ამ ადამიანებს ულამაზესი ღიმილი და დახვეწილი მანერები გააჩნიათ, რაც კიდევ ერთ ქულას უწერს მათ გარშემომყოფებთან ურთიერთობის საკითხში.
თუკი თქვენ სადმე უხეში, ხისტი და გაუცინარი სასწორი შეგხვედრიათ. ე.ი. მას პირად რუკაზე მორიელის ან ვერძის ძლიერი გავლენა აქვს გამოხატული. თუმცა სამართლიანობა მოითხოვს, აქვე აღვნიშნოთ, რომ სწორედ ზემოხსენებული ორი ნიშნის გავლენა ანიჭებს ბევრ სასწორს ე.წ. ბრუტალურ სექსუალურობას. ასე რომ, ყველა მედალს ორი მხარე აქვს, ჩემო კარგებო.
რაკიღა საუბარი მორიელებსა და ვერძებზე ჩამოვარდა, მოდით, ამ ორი ნიშნის გემოვნებაზეც ვისაუბროთ, მით უმეტეს, რომ ვერძს და მორიელს საერთო პლანეტა-თანამმართველი გააჩნიათ - აგრესიული, ცეცხლოვანი მარსი.
სწორედ მარსის გავლენით არიან ეს ადამიანები უზომოდ სექსუალურები და მიმზიდველები საპირისპირო სქესის თვალში. რაც შეეხება გემოვნებას და სტილის შეგრძნებას, ვერ ვიტყვით, რომ ისინი იდეალურად ახერხებენ, უზადოდ შეიმოსონ, თუმცა ორივე მათგანს გააჩნია ჩაცმულობაში გარკვეული ქარიზმა. ამიტომ ხშირ შემთხვევაში მათთვის საყვარელი დახეული ჯინსები, უხეში "ბათინკები" და მკვეთრად მუქი მაკიაჟი საკმაოდ თვალშისაცემად და საინტერესოდაც კი გამოიყურება. რაც მთავარია, ეს ყველაფერი სექსუალურობას მატებს როგორც ვერძის, ისე მორიელის იმიჯს და ესეც საქმეა.
იხილეთ სრულად: astrologi.ge