როგორც იქნა, სრულდება ბავშვის ცხრათვიანი მოლოდინი და ახალი სიცოცხლეც ევლინება ქვეყნიერებას. თუმცა ჯერ კიდევ გადასალახავია ამ ბედნიერების აუცილებელი თანმხლები ტკივილები, რომელიც შვილის პირველივე დანახვით კომპენსირდება.
ხშირად მსმენია ორსულებისგან, "რა საჭიროა ამ ყველაფრის მოთმენა, გავიკეთებ გაუტკივარებას, ვერაფერს ვიგრძნობ; ან სულაც, ვთხოვ ექიმს და საკეისრო კვეთას გამიკეთებს. დავიძინებ, გავიღვიძებ და ყველაფერი დამთავრებული იქნება".
მართლაც, საკმაოდ აქტუალური გახდა დღევანდელ რეალობაში მშობიარობის გაუტკივარება და საკეისრო კვეთა. მშობიარე ქალბატონებიდან ყოველი მეორე სწორედ ამ ორ ხერხს მიმართავს იმისათვის, რომ ყველაფერმა უფრო მარტივად ჩაიაროს.
სწორედ ამიტომ გადავწყვიტე გამერკვია, თუ რას ნიშნავს მშობიარობის გაუტკივარება და საკეისრო კვეთა და რამდენად უსაფრთხოა იგი დედისა და ნაყოფისთვის. ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად კი გავესაუბრე მეან-გინეკოლოგს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, ბატონ პაატა მახარაშვილს.
- ბატონო პაატა, ბოლო წლებია, უფრო და უფრო პოპულარული ხდება მშობიარობის გაუტკივარება. ე.წ. ეპიდურული გაუტკივარება. რას გვეტყვით ამის შესახებ, რამდენად საჭიროა მისი გაკეთება?
- როგორც წესი, ეპიდურული გაუტკივარება მშობიარობის ტკივილების გასაყუჩებლად გამოიყენება. ამიტომ იგი მშობიარე ქალბატონისთვის დამატებით კომფორტს წარმოადგენს. მისი გამოყენება აუცილებლობას ნამდვილად არ წარმოადგენს, იგი სურვილისამებრ კეთდება. თუმცა არსებობს გარკვეული სამედიცინო ჩვენებები, რომლის დროსაც გაუტკივარების გაკეთება სასურველადაც მიიჩნევა.
მაგალითად, თუ მშობიარეს აწუხებს გულ-სისხლძარღვთა პრობლემა, ნერვული სისტემის დაავადებები, ფსიქიკური დაავადებები, მხედველობის პრობლემა - ასეთ შემთხვევაში მშობიარობის ტკივილს საკმაოდ დიდი სტრესის მიყენება შეუძლია მელოგინესთვის. ამიტომ, რომ არ გახდეს ეს ტკივილები ზედმეტი პრობლემების მომტანი, საჭიროდაც ითვლება გაუტკივარების გამოყენება.
- რამდენად უსაფრთხოდ შეიძლება ჩაითვალოს ეს ანესთეზია?
- წლების მანძილზე, რაც ეპიდურული გაუტკივარება კეთდება, ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ მას რაიმე გართულება მოჰყოლოდეს. ამიტომ თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ იგი, როგორც მშობიარესთვის, ასევე ნაყოფისთვის სრულიად უსაფრთხოა. ერთადერთი გართულება, რაც ამ ანესთეზიამ შეიძლება გამოიწვიოს, არის თავის ტკივილი, რომელიც შეიძლება რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდეს.
ესეც მხოლოდ და მხოლოდ მშობიარეების 1 ან 2 პროცენტში იჩენს თავს. სხვა მხრივ, გართულებების რისკი თითქმის არ არსებობს.
- მშობიარობის რა ეტაპზე კეთდება ანესთეზია და რამდენ ხანს გრძელდება მისი მოქმედება?
- ანესთეზიის გაკეთების დროს მეან-გინეკოლოგი და ანესთეზიოლოგი წყვეტენ. ძირითადად, იგი მშობიარობის პირველ სტადიაზე კეთდება, როდესაც საშვილოსნოს ყელი 4-5 სმ-ზეა გახსნილი და ჩამოყალიბებულია რეგულარული სამშობიარო მოქმედება. ხოლო რაც შეეხება მისი მოქმედების ხანგრძლივობას, გეტყვით, ამ ანესთეზიის მეშვეობით ჩვენ ვამსუბუქებთ საშვილოსნოს ყელის გახსნის ტკივილს.
ყელის სრული გახსნის ხანგრძლივობა კი უცნობია, რადგან თითოეული მშობიარეს შემთხვევაში ინდივიდუალურია. ამიტომ ანესთეზიოლოგი კათეტერს დგამს ეპიდურულ სივრცეში და იმაზე დამოკიდებულებით, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ყელის სრული გახსნა, ხდება ანესთეზიის დამატება.
ხოლო, როგორც კი მოხდება სრული გახსნა, გაუტკივარებას ვაჩერებთ, რადგან შემდეგ უკვე იწყება ჭინთვები, რომლის დროსაც გაუტკივარების კვლავ გაგრძელებამ შესაძლოა მშობიარობის პროცესი გაახანგრძლივოს. აქედან გამომდინარე, ანესთეზიის მოქმედება ჭინთვების დაწყებამდე გრძელდება.
- ბატონო პაატა, როგორც ცნობილია, ასევე საკმაოდ ხშირია მშობიარობა საკეისრო კვეთის მეშვეობით. თუ შეიძლება, რომ განგვიმარტოთ, რას წარმოადგენს საკეისრო კვეთა და როდის არის მისი გაკეთება საჭირო?
- საკეისრო კვეთა წარმოადგენს ქირურგიულ ჩარევას, რომლის დროსაც საშვილოსნოდან ნაყოფის და მომყოლის გამოყვანა ოპერაციული გზით ხდება.
იგი ტარდება, თუ:
1. ბუნებრივი მშობიარობა საფრთხეს უქმნის მშობიარეს ან ნაყოფს.
2. ნაყოფი არის ძალიან დიდი.
3. პლაცენტა მდებარეობს წინ, რის გამოც მშობიარე ფიზიოლოგიურად ვერ იმშობიარებს.
4. ფიზიოლოგიური მშობიარობის დროს წარმოიქმნა რაიმე პრობლემა, მაგალითად, ჭიპლარი აღმოჩნდა მოკლე ან, თუ მოხდა პლაცენტის აცლა და დაიწყო სისხლდენა.
ასეთ შემთხვევებში საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა.
- თავად მშობიარეს თუ აქვს უფლება, მშობიარობის მეთოდად საკეისრო კვეთა აირჩიოს?
- თუ წლების წინ საკეისრო კვეთა მხოლოდ და მხოლოდ გარკვეული ჩვენების მიხედვით კეთდებოდა, დღეს მშობიარეს უკვე აქვს იმის საშუალება, რომ თავად მოითხოვოს საკეისრო კვეთის ჩატარება. მაგრამ მე მაინც ვეწინააღმდეგები ქირურგიულ ჩარევას, თუ მისი გაკეთება აუცილებლობას არ წარმოადგენს.
როცა ვხედავ, რომ პაციენტს არ აქვს არანაირი პრობლემა ფიზიოლოგიური მშობიარობისა და ეს მისი უბრალო სურვილის გამო კეთდება, ყოველთვის ვურჩევ ფიზიოლოგიურ მშობიარობას - თუნდაც იმ მიზეზის გამო, რომ ცნობილია სტატისტიკურად, საკეისრო კვეთით ამოყვანილი ბავშვები გარემო-მავნე პირობებთან ნაკლებად გამძლენი არიან, ვიდრე ფიზიოლოგიურად დაბადებულნი. ამიტომაც ფიზიოლოგიური მშობიარობა ყოველთვის უკეთესია.
- გარდა ბავშვების გარემო-მავნე პირობებთან ნაკლები გამძლეობისა, კიდევ რა უარყოფითი შედეგი შეიძლება მოჰყვეს საკეისრო კვეთას?
- საკეისრო კვეთის პირველი და მთავარი უარყოფითი შედეგი ოპერაციის შემდგომი შესაძლო ინფექციური გართულებაა. მართალია, თანამედროვე ანტიბიოტიკების პირობებში ეს გართულება გაცილებით უფრო ნაკლებად გვხვდება, ვიდრე წინა წლებში, მაგრამ მის არსებობას ადგილი მაინც აქვს ხოლმე.
ამიტომ ქალბატონებს გირჩევთ, რომ თუ არ არის რაიმე სამედიცინო ჩვენება, ყოველთვის ჯობია მშობიარობა მოხდეს ფიზიოლოგიური გზით, რაც არის ბუნებრივი და გარკვეულწილად, სასარგებლო ქალის ორგანიზმისთვის.
ნინო ჯანიძე
ჟურნალი "და ქალი"
(მარტის ნომერი)