მაინც რა იწვევს გამონაყარის პროვოცირებას? როდესაც მოზარდს სახეზე გამონაყარი ან სიწითლე უჩნდება, ეს გარდამავალ ასაკთან და ჰორმონების ”თამაშთან” არის დაკავშირებული, მაგრამ როცა ეს პრობლემა ქალს აწუხებს, უნებლიეთ კითხვაც ჩნდება - რაშია საქმე?
ხშირ შემთხვევაში გამონაყარის წარმოშობის მიზეზი საკვები პროდუქტებია...
გამონაყარი - კანის ცხიმოვანი ჯირკვლის ანთებითი წარმონაქმნია. ყოველ ჯირკვალს თავის გამავალი სადინარი აქვს, რომლის საშუალებითაც ცხიმი კანიდან გამოდის და მის ზედაპირზე რჩება.
თუ სადინარი დაეცობა, მაშინ ანთებითი გამონაყარი ჩნდება და მიკრობების გამო იწყებს გაწითლებასა და გაბერვას.
რატომ იწვევს საკვები გამონაყარს?
ჩვენი საჭმლის მოსანელებელი სისტემა მეტად უჩვეულო რამაა. მან შეიძლება მშვენივრად აიტანოს ჩიფსები, ორცხობილა და გაზიანი ტკბილი სასმელი, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველაფერს აქვს საზღვარი.
ერთ მშვენიერ თუ არამშვენიერ დღეს, შესაძლოა ეს სისტემა აბუნტდეს და შედეგიც, გამონაყარის სახით, სახეზეა. საკვები სახეზე გამონაყარისა და მუწუკების წარმოქმნის ერთადერთი მიზეზი არ გახლავთ, მაგრამ თუკი ამის საშიშროება არსებობს, სასურველია მისი გამორიცხვა.
ჩვენს კანს ორი საშიშროება ემუქრება: განსაზღვრული პროდუქტების უკმარისობა და პირიქით, მისი ზედმეტად მოხმარება. ორგანიზმისთვის აუცილებელია მრავალფეროვანი კვება. რაციონში უნდა შედიოდეს ცხოველური (რძე, ხორცი, თევზი) და მცენარეული წარმოშობის (ხილი, ბოსტნეული, ცომეული, სოკო) პროდუქტები.
მათი გადამეტებული მიღება კი საჭმლის მოსანელებელ სისტემას ცუდ დღეში აყენებს, ამიტომ შეეცადეთ ზომაზე მეტი არ ჭამოთ. თუმცა ზომა, ანუ რა და რა რაოდენობით უნდა მიირთვათ, ყველა ადამიანისთვის განსხვავებულია. ჩვენი ამოცანა კი ამის განსაზღვრაა.
1. ყავა
მილიონობით სტატია იწერება ყავის სასარგებლო და მავნე თვისებებზე. ჩვენ კი მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ყავა იმ პროდუქტთა სიაშია, რომელიც გამონაყარს იწვევს. ყავა ზრდის სტრესზე პასუხისმგებელ ჰორმონ კორტიზოლის გამომუშავებას, ის კი, გამონაყარის წარმოქმნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.
განსაკუთრებით სახიფათოა ტკბილი ყავის დალევა უზმოზე. თუ არ გსურთ, რომ თქვენი სახე დაიფაროს ჟოლოსფერი, ანთებითი გამონაყარით, ამ მავნე ჩვევისგან თავი შეიკავეთ.
2. ტკბილეული და ცომეული
შაქარი, შოკოლადი, კანფეტი, ტორტი, ორცხობილა, ჩიფსი და ნაყინი ხელს უწყობს გამონაყარის წარმოქმნას. სხვათა შორის, ასევე არასასურველია ძალიან ტკბილი წვენის დალევაც.
რა თქმა უნდა, ამ სასიამოვნო პროდუქტებზე საერთოდ უარის თქმა მიზანშეწონილი არ არის, ამიტომ უმჯობესია, კომპრომისის მოძებნა, ვთქვათ, უსარგებლო სასმელის ჩაითა და წყლით შეცვლა, ხოლო შაქრისა - ჩირითა და თაფლით.
ძალიან სასარგებლოა დაბალკალორიული მიუსლი სელის თესლით, ვინაიდან სელის თესლი შეიცავს ჯანმრთელი კანისთვის აუცილებელ ომეგა-მჟავებს.
3. რძის პროდუქტები
მიირთვით ნაკლებცხიმიანი კეფირი, ხაჭო, რძე, მაგრამ შეზღუდეთ ყველი და ნაყინი. რძის პროდუქტებში შემავალი პროგესტერონი და სტეროიდები ზრდის ცხიმოვანი ჯირკვლების აქტიურობას.
თუ რძის პროდუქტების გარეშე ვერ ძლებთ, გირჩევთ მიირთვათ იოგურტი, რომელიც შეიცავს ნივთიერებათა ცვლის გასაუმჯობესებელ აცედოფილის ბაქტერიებს.
4. ცხიმები
ალბათ, არ არსებობს არც ერთი ორგანო, რომელიც არ ზიანდება შემწვარი ცხიმიანი კერძისგან. ცხოველური წარმოშობის ცხიმი მცენარეულით შეცვალეთ.
კანისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია E და A ვიტამინები E-ს შეიცავს ნიგოზი და ნუში, A-ს კი - მუქი მწვანე და მუქი ნარინჯისფერი ბოსტნეული და ხილი, მაგალითად, სტაფილო, ისპანახი, ტკბილი კარტოფილი.
თუ ამ ბოსტნეულს კერძში რეგულარულად გამოიყენებთ, შედეგი არ დააყოვნებს - თქვენი კანი გლუვი და ნაზი გახდება.
5. თხილეული
შემწვარი, ხრაშუნა ან ნატურალური გემრიელი ნუში, ფსიტი, არაქისი, ნიგოზი და თხილი ხელს უწყობს გამონაყარს. დაიმახსოვრეთ! ზომიერად მიღებული პროდუქტები - სასარგებლოა, გადამეტებული კი - გამონაყარის გამომწვევი!
ჟურნალი ”ბომონდი”