ვინც აპირებს მეჭეჭის მოცილებას შელოცვის, დამპალი კუნძის, კარტოფილის ან სხვა რაიმე მსგავსის დახმარებით, შევახსენებთ, რომ "მკურნალობის" ასეთი მეთოდები ძველ დროში იყო აქტუალური, როდესაც ადამიანებმა არ იცოდნენ, რა წარმოშობდა მეჭეჭს.
ახლა კი ცნობილია, რომ ეს გახლავთ ვირუსული დაავადების შედეგი და გამოწვეულია ადამიანის პაპილომის ვირუსით. ვირუსის ნაირსახეობის წყალობით, მეჭეჭიც სხვადასხვაგვარია. მეჭეჭი - კანის ვირუსული ინფექციური დაავადებაა.
ზოგი მათგანი შესაძლოა ავთვისებიან სიმსივნედაც გადაიქცეს. მეჭეჭი ნებისმიერ ასაკში ჩნდება, უფრო ხშირად კი იგი მოზარდებს აქვთ. მეჭეჭის გარეგნული ფორმა და ზომა დამოკიდებულია მათ ლოკალიზაციაზე, გაღიზიანებისა და ტრავმატიზაციის დონეზე.
დასნებოვნება სხვადასხვანაირად მიმდინარეობს. ხშირად მეჭეჭი საერთოდ ქრება, როგორც მკურნალობის წყალობით, ასევე სპონტანურად, მაგრამ არცთუ იშვიათად მეჭეჭი წლების განმავლობაში "ამშვენებს" ადამიანს, თუმცა პერიოდულად ქრება და შემდეგ ისევ იმ ადგილას ან სხვაგან წამოყოფს თავს.
ბრტყელი, ძაფისებრი, წვეტიანი...
მეჭეჭებს იწვევს რამდენიმე სახის ვირუსი. განსაკუთრებით გავრცელებულია ის ვირუსი, რომელიც "ზრდის" ჩვეულებრივ, უბრალო მეჭეჭებს. ეს არის მომცრო (2-10 მმ დიამეტრის), მკვრივი და კეთილთვისებიანი სიმსივნე, რომელსაც აქვს გამოკვეთილი საზღვარი, უსწორმასწორო ზედაპირი, მომრგვალებული ან არასწორი ფორმა.
ფერით კი ღია ნაცრისფერი, ყვითელი, მუქი ან ნაცრისფერია. ყველაზე ხშირად მეჭეჭი ჩნდება ტრავმისკენ მიდრეკილ ადგილებში (მაგ; თითებზე, იდაყვებზე, მუხლებზე, თავზე).
ვირუსი თითქმის ყველას აქვს
ვირუსი ორგანიზმში კანიდან ან ლორწოვანი გარსიდან ხვდება, შემდეგ კი "გაივლის" ეპიტელიარული შრის ქვეშ და ნერვულ ქსოვილში აღმოჩნდება.
აღსრულდა: ამიერიდან მეჭეჭი მთელი ცხოვრების განმავლობაში თქვენი "საკუთრებაა" და მისი ადგილმდებარეობა ხსნის კანზე არსებული გამონაყარის კავშირს ნერვული სისტემის მდგომარეობასთან. მეჭეჭის მატერიალიზებისთვის, საკმარისია ნებისმიერი ნერვული აღგზნება - შიში, აღელვება ან თვითშთაგონება.
ვირუსებით ადამიანთა უმეტესობაა დაავადებული, მაგრამ ამის შესახებ თავადაც არ იციან. ვირუსმა შესაძლოა "დაიძინოს" და ზიანი არ მოგვაყენოს, ასევე შეუძლია "იმოგზაუროს" ორგანიზმის ნერვულ სისტემაში და უმტკივნეულოდ მოკალათდეს ზურგის ტვინშიც.
მაგრამ საკმარისია ადამიანი განერვიულდეს, ძლიერად აღელდეს, რომ მეჭეჭი სწრაფად დაიწყებს უკუსვლას კანის საფარისკენ და მის პატრონს "დაამშვენებს".
მოერიდეთ დაბეჟილობასა და ჭრილობას
დაავადებული ადამიანისგან ვირუსი შეიძლება შეგეყაროთ უშუალო კონტაქტის დროს, მაგ; ხელის ჩამორთმევისას. შესაძლოა ვირუსი გადმოგეცეთ ინფიცირებული საგნებიდანაც, თუნდაც სათამაშოებისგან, ანდა თუ საზოგადოებრივ ტრანსპორტში სახელურს ხელს შეავლებთ.
ვირუსის გარე სამყაროში ორი-სამი საათით ყოფნაც კი საკმარისია, რომ ვინმე დასნებოვნდეს: ინფექცია საკმაოდ გავრცელებულია. გადადების უპირველესი ფაქტორი ოფლიანობაა (რაც ასევე ნერვული სისტემით არის გამოწვეული) და კანზე არსებული მიკროტრავმები.
მიკროტრავმები კი იოლად მიიღება რეცხვის დროს, კერძის მომზადებისას, სახლის დალაგებისას, ანდა როდესაც ბავშვები პლასტელინისგან რაიმეს ძერწავენ.
სითბო და სინოტივე - ვირუსის "სამყარო"
თბილი სინოტივე - შესანიშნავი გარემოა პაპილომის ვირუსის არსებობისთვის, რაც იწვევს მეჭეჭს ფეხისგულზე. სინთეტიკის ფეხსაცმელი, ბოტასები იდეალური პირობებია ვირუსისთვის. ფეხები ოფლიანდება და თუკი ფეხსაცმელიც გიჭერთ, ფეხისგულებზე მეჭეჭების წარმოქმნის ალბათობა საგრძნობლად მატულობს.
სხვათა შორის, ფეხისგულზე მეჭეჭები განსაკუთრებით ბავშვებსა და მოზარდებში შეინიშნება.
მეჭეჭებს ნერვიულები "უყვართ"
ჯანმრთელი ფსიქიკის მქონე ადამიანს მეჭეჭი სპონტანურად, უმეტესად 2-3 წელიწადში სამუდამოდ უქრება, მაგრამ სუსტი ნერვული სისტემის ადამიანებსა და განსაკუთრებით მათზე, ვისაც მძაფრად განვითარებული თვითშთაგონების უნარი აქვთ, საუკეთესოდ მოქმედებს დერმატოლოგების შესანიშნავი მეთოდი:
ისინი პაციენტს გადასცემენ ბოთლში ჩასხმულ ონკანის წყალს და თან დააყოლებენ, რომ ამ უებარ საშუალებას სხვაგან ვერსად იშოვიან. დერმატოლოგთან მეორედ მოსვლის შემდეგ მეჭეჭი... უკვალოდ ქრება!
დაივიწყეთ ძაფი, კარტოფილი და მიმართეთ ექიმს
ძლიერი ფსიქიკის მქონე ადამიანებთან ასეთი ფოკუსი არ ამართლებს, ამიტომ გირჩევთ თავი დაანებოთ რაღაც საშუალებების გამოყენებას, რადგან თვითმკურნალობა შედეგს არ გამოიღებს.
სასწრაფოდ მიაკითხეთ ექიმს, რომელიც სათანადო მკურნალობას დაგინიშნავთ. თვითმკურნალობის დროს კი შესაძლოა ერთი პაწაწინა მეჭეჭის ნაცვლად - 21 დიდი მიიღოთ.
მოცილება, მოწვა, მოყინვა თუ მკურნალობა?
მეჭეჭის მოსაცილებლად გამოიყენება სხვადასხვა მეთოდი - კრიოდესტრუქცია, ელექტრო ან ლაზეროკოაგულაცია. მეჭეჭის მოცილება ადგილობრივი ანესთეზიით ხდება და ამიტომ უმტკივნეულოა.
ყველაზე ეფექტიანი და ნაკლებტრავმული მეთოდი რადიოტალღური კოაგულაცია გახლავთ, რომლის წარმატებაში უკვე ეჭვი არავის ეპარება. უნდა გაგაფრთხილოთ, რომ კანის ზედაპირიდან მეჭეჭის მოცილება სულაც არ ნიშნავს, რომ ვირუსი ორგანიზმიდან სრულიად გამოიდევნა.
სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ არსებობს ისეთი სამკურნალო პრეპარატი, რომელსაც ძალუძს ვირუსის "მოკვლა" და ამიტომ შესაძლოა, მეჭეჭები კანზე დროდადრო კვლავ გამოჩნდეს.
მეჭეჭისკენ მიდრეკილმა ადამიანმა აუცილებლად უნდა მიაკითხოს ექიმ-იმუნოლოგს, გაიკეთოს სისხლის იმუნოლოგიური ანალიზი და საბოლოოდ დადგინდეს, რა საშუალებით არის შესაძლებელი მისი მკურნალობა.
მეჭეჭების მკურნალობა ხალხური საშუალებით
1. ქრისტესისხლა. ქრისტესისხლას ახალგამოწურული წვენი მეჭეჭზე დღეში 2-ჯერ წაისვით.
2. ნიორი. ყოველდღე მეჭეჭი ნივრით დაიზილეთ.
3. მაგნეზიის ფხვნილი. ერთი თვის განმავლობაში ყოველდღე, დილა-საღამოს, ჭამის წინ მიიღეთ მაგნეზიის ფხვნილი. დოზა - დანის წვერზე მოთავსებული ფხვნილი.
4. მოჭრილი პურის თავთავის ღეროს ნარჩენით რამდენჯერმე დაიჩხვლიტეთ მეჭეჭი და იმწუთას ღერო ნესტიან მიწაში ფესვით ზემოთ ჩამარხეთ. რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც ღერო დალპება, მეჭეჭიც გაქრება.
5. ვაშლი ძაფით შუაში გაჭერით. ორივე ნაწილით მეჭეჭი დაიზილეთ, შემდეგ ვაშლი ისევ შეაერთეთ, იმავე ძაფით შეკარით და მიწაში ან ნაკელში ჩაფლეთ. როდესაც ვაშლი დალპება, მეჭეჭიც გაქრება.
6. ყოველი მეჭეჭის თავზე ჰაერში აბრეშუმის ძაფით კვანძები შეკარით. შემდეგ ეს ძაფი შეინახეთ ახალგაჭრილ კარტოფილში და მიწაში ისე დამალეთ, რომ არავინ იცოდეს. როდესაც კარტოფილი დალპება, მეჭეჭიც გაქრება.
7. საბავშვო მეჭეჭები ადვილად სცილდება ხელოვნური ყინულით, რომელშიც ნაყინს ინახავენ. ყინულის ნატეხი ნაჭერში შეახვიეთ და მიადეთ ბავშვს მეჭეჭზე, რამდენ ხანსაც ყინულს გაუძლებს. რამდენიმე სეანსის შემდეგ მეჭეჭი გაქრება.
8. ძალიან ფრთხილად, ყოველ საღამოს, ძილის წინ პიპეტით დავაწვეთოთ მეჭეჭზე ძმარმჟავა. საკმარისია ერთი წვეთი. ძალიან მალე მეჭეჭი მოგცილდებათ.
9. მეჭეჭის მოსაცილებლად უნდა დაიდოთ ღიღილოს დანაყილი თესლი.
10. 50 მლ თბილ წყალში გახსენით 10 გ მარილი. ხსნარში ჩადეთ ქლიავის რბილობი და 24 საათი ასე გააჩერეთ. შემდეგ წყალი გადაასხით, რბილობი დააქუცმაცეთ, დანაყეთ, 15 მლ ძმარი დაამატეთ და 24 საათით მეჭეჭზე დაიდეთ.
ჟურნალი "ბომონდი"