მენსტრუაციას ქალის ჩვეულ ცხოვრებაში კორექტივები რომ შეაქვს, ეს უცნობი არავისთვის არის. ვიღაცას სისუსტე აქვს, ზოგს ტკივილები ქვედა მუცლის არეში, ზოგიერთი მთელ მსოფლიოზეა გამწარებული და ბუნებას ემდურის განუხორციელებელი გეგმების გამო.
სიმართლე უნდა ითქვას, რომ მენსტრუაციის დროს ქალი მართლაც უნდა მოერიდოს ზოგიერთ ქმედებასა და პროცედურას, რომ არ გაირთულოს მდგომარეობა.
მენსტრუაციის ფიზიოლოგია
ჩვენი დიდი ბებიები მენსტრუაციას ქალის ორგანიზმის ერთგვარ განახლებად და გამწმენდ პროცესად მიიჩნევდნენ. დღეს მეცნიერება უკვე სავსებით ლოგიკურად ხსნის მენსტრუაციულ ციკლს და მას ჰორმონების მერყეობად და ენდომეტრიუმის (საშვილოსნოს შიდა გარსი) აცლას უწოდებს.
მენსტრუაციის პერიოდში ქალი დასუსტებულია. ამიტომაც აუცილებელია, მოერიოდს ზოგიერთ ქმედებას. მაინც რას უნდა მოვერიდოთ ამ დროს?
ნუ დაიტვირთებით ფიზიკურად
კრიტიკულ დღეებში ტკივილები შეიძლება გაძლიერდეს, ხოლო გამონადენმა მოიმატოს, თუ სპორტით ჩვეული ტემპით დაკავდებით. მენსტრუაციის დროს თავი შეიკავეთ ვარჯიშისგან სპორტდარბაზში, არ აწიოთ სიმძიმეები, უარი თქვით სახლის ძირფესვიან დალაგებაზე. თუ პროფესიონალი სპორტსმენი ხართ და ვარჯიშს ვერ შეწყვეტთ, შეატყობინეთ თქვენს მწვრთნელს და შეამცირეთ დატვირთვის ინტენსივობა, შეცვალეთ ძალოსნური ვარჯიში გამაჯანსაღებლით, ხოლო ინტენსიური სირბილი – სეირნობით.
უარი თქვით წყლისა და ორთქლის პროცედურებზე
მენსტრუაციის პირველ დღეებში გინეკოლოგები არ გვირჩევენ აუზზე ან საუნაში სიარულს. ამის მიზეზი რამდენიმეა. პირველ რიგში, მენსტრუაციის დროს საშვილოსნოს ყელი გახსნილია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ წყლიდან შესაძლოა აიკიდოთ ინფექცია. ამან კი, თავის მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს ანთებითი პროცესები და დაავადებები. ასევე, არ არის რეკომენდებული აბაზანის მიღება. შეგიძლიათ მიიღოთ მხოლოდ თბილი შხაპი.
გარდა ამისა, წყლის პროცედურებმა შესაძლოა გამოიწვიოს ძლიერი სისხლდენა, რაც სუსუსტესა და თავბრუსხვევამდე მიგვიყვანს.
სექსით მხოლოდ პრეზერვატივით დაკავდით
საკითხი იმის შესახებ, შეიძლება თუ არა კრიტიკულ დღეებში სქესობრივი კავშირი, ბევრს აწუხებს და ამაზე ერთმნიშვნელოვანი აზრი არ არსებობს. სექსის სასარგებლოდ რამდენიმე მტკიცებულება არსებობს – ამ დროს ძლიერდება შეგრძნებები და არ გეშინიათ დაფეხმძიმების.
ზოგიერთი ქალი აღნიშნავს, რომ ამ პერიოდში სქესობრივი აქტი დისკომფორტსა და ტკივილსაც კი ჰგვრის
ბევრი ვერ რისკავს ამ დროს სექსით დაკავებას ინფექციის საშიშროების გამო. მენსტრუაციული სისხლი საშვილოსნოს ღრუდან აბსოლუტურად სტერილურად გამოიყოფა. თუმცა გახსნილი ყელის გამო ქალის ორგანიზმში ინფექციის შეჭრის ალბათობა დიდია. ამიტომაც, თუ თქვენ მაინც გადაწყვეტთ ინტიმურ კავშირს, უმჯობესია, გამოიყენოთ პრეზერვატივი, ხოლო სექსის შემდეგ მიიღოთ შხაპი.
შეზღუდეთ პროცედურები და მანიპულაციები
მენსტრუაციის დროს სისხლის შედედების პროცესი ნელდება და ორგანიზმში ჰორმონალური ცვლილებებია. ყოველივე ამის გამო მაღლდება გართულებებისა და უკურეაქციების რისკი. ამიტომაც ამ პერიოდში ექიმები არ ატარებენ გეგმიურ ოპერაციებს, არ იღებენ კბილს და არ ატარებენ სხვა სამედიცინო პროცედურებს. ამ დროს გაკეთებულ სისხლისა და შარდის ანალიზში კი შესაძლებელია, ცვლილებები აღინიშნოს. ამიტომაც კრიტიკული დღეების დროს გამოკვლევების ჩატარებისგანაც შეიკავეთ თავი.
სამედიცინი პროცედურების გარდა, ამ დროს ერიდებიან კოსმეტიკურსაც – სახის კანის ღრმა პილინგსა და გაწმენდას. არ არის რეკომენდებული ასევე ლიფტინგი და ოქროს ძაფებით კანის დაჭიმვა.
უარი ვთქვათ მედიკამენტების მიღებაზე?
მენსტრუაციის დროს უნდა შეზღუდოთ ზოგიერთი მედიკამენტის მიღებაც, განსაკუთრებით ისეთების, რომლებიც სისხლის შედედებას უშლის ხელს. აკრძალულია ანალგინისა და ასპირინის მიღება, რომლებსაც ტრადიციულად, ტკივილგამაყუჩებლად იყენებენ. უმჯობესია, ისინი პარაცეტამოლით, იბუპროფენით ან სხვა ისეთი საშუალებებით შეცვალოთ, რომლებიც არ შეიცავს აცეტილსალიცილის მჟავას.
ხანდახან მენსტრუაცია დროებით არღვევს ზოგიერთი ისეთი პრეპარატის მოქმედებას, რომლებიც ქრონიკული დაავადებებისას გამოიყენება. ამ შემთხვევაში დოზის კორექცია ან პრეპარატის შეცვლა უმჯობესია ექიმის კონსულტაციის შემდეგ.
შეიტანეთ კორექტივები კვებაში
ბევრი თვლის, რომ მენსტრუაციის დროს აუცილებელია, გარკვეული პროდუქტების მიღება შევზღუდოთ, მაგალითად, ცხარესი ან მარილიანის. თუმცა ასეთი საკვების მიღება, თუ თქვენ ჯანმრთელი კუჭ-ნაწლავი გაქვთ, ამ პერიოდში არანაირ გართულებას არ გამოიწვევს.
ამიტომაც კვების მხრივ ცვლილებების შეტანა საჭირო არ არის, თუმცა ალკოჰოლზე უარის თქმა მოგიწევთ, რადგან ის აძლიერებს ტკივილს და კიდევ უფრო ასუსტებს ორგანიზმს. არ შეზღუდოთ სითხის მიღებაც.
ყოველთვის უნდა გახსოვდეთ, რომ მენსტრუაციული ციკლის დროს ორგანიზმი დიდ ცვლილებებს განიცდის. განსაკუთრებით დეფიციტური ხდება ამ დროს ორგანიზმში ცილების, რკინის, კალციუმისა და ფოლიუმის მჟავების რაოდენობა. ისინი სისხლის განახლებასა და შედედებაზე აგებენ პასუხს. ამიტომაც კრიტიკულ დღეებში აუცილებელია, სრულფასოვნად იკვებოთ.