კლიმაქსი ბუნებრივი ფიზიოლოგიური პროცესია, რომლის დროსაც ხდება ქალის ორგანიზმის ჰორმონული გარდაქმნა. ჩვეულებრივ, ის დგება, დაახლოებით, 50 წლის ასაკში, თუმცა შეიძლება 40, 35 და უფრო ადრეულ ასაკშიც იჩინოს თავი.
ნაადრევი კლიმაქსი შეიძლება გამოწვეული იყოს მემკვიდრეობითი წინასწარგანწყობით, სხვადასხვა დაავადებით (ენდოკრინოლოგიური დარღვევები, სქესობრივი მომწიფების დროს გადატანილი ინფექციები, რთული მშობიარობა); ასევე - ორალური კონტრაცეპტივების არასწორად გამოყენების შედეგად. მენოპაუზის დაჩქარება შეუძლია თამბაქოს მოხმარებას, ხშირ სტრესებსა და ზედმეტ ფიზიკურ დატვირთვას.
კლიმაქსს, მენსტრუალური ციკლის შეწყვეტის გარდა, სხვა სიმპტომებიც ახასიათებს:
• ალები, შემცივნება;
• ძილის დარღვევა;
• ჭარბი ოფლიანობა;
• გულის მუშაობის შეფერხება, არტერიული წნევის ცვალებადობა;
• კანისა და თმის სიმშრალე;
• მომატებული გაღიზიანებადობა, დაღლილობის შეგრძნება, სისუსტე, დეპრესია.
ნაადრევი კლიმაქსის უსიამოვნო გამოვლინებებთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალებაა ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპია. ამ დროს ინიშნება ესტროგენისა და პროგესტერონის შემცველი პრეპარატები, რომლებიც არა მარტო შეამსუბუქებენ სიმპტომებს, არამედ შესაძლო გართულებებსაც თავიდან ააცილებენ ქალებს.
თათია ბეჟიტაშვილი
ჟურნალი "...და ქალი" (მაისის ნომერი)