ბოლო ხანს გინეკოლოგიური პრობლემები სრულიად ახალგაზრდა ქალებსაც კი აღენიშნებათ, რასაც სპეციალისტები არაჯანსაღ გარემოს, ცხოვრების არასწორ წესს, ნერვულ ფონსა და სტრესებს მიაწერენ. გინეკოლოგიური დარღვევების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომი მენსტრუალური ციკლის მოშლაა.
გვესაუბრება გინეკოლოგი ლელა რუხაძე: -თუ კლიმაქსს გამოვრიცხავთ, მენსტრუალური ციკლის შეწყვეტას, ანუ ამინორეას მრავალი მიზეზი აქვს. მათგან ერთ-ერთია სტრესი. ციკლის შეწყვეტას, საზოგადოდ, ჰორმონული ბალანსის რღვევა იწვევს, რასაც ასევე სხვადასხვა მიზეზი განაპირობებს.
-ჰორმონული ბალანსის აღდგენა ხანგრძლივი პროცესია?
-მიზეზს გააჩნია. თუ ჰიპოფიზის მძიმე დარღვევასთან არ გვაქვს საქმე, მკურნალობას დიდი დრო არ დასჭირდება.
-თუმცა არის შემთხვევები, როდესაც მკურნალობის შემდეგ გადის წლები და ქალი კვლავ იმავე პრობლემის წინაშე დგება.
-სიმპტომური განკურნება სრულ გამოჯანმრთელებას არ ნიშნავს. შესაძლოა, მენსტრუალური ციკლი მოწესრიგდეს და ასე გაგრძელდეს რამდენიმე თვეს, მერე კი ისევ დაირღვეს.
ეს იმაზე მიგვანიშნებს, რომ გამომწვევი მიზეზი ლიკვიდირებული არ არის, ამიტომ მკურნალობა სწორი და სრულყოფილი უნდა იყოს. ხშირად ქალები უფრთხიან ჰორმონების მიღებას გასუქების შიშით, მაგრამ სწორად დანიშნული ჰორმონოთერაპია წონის მატებას არ იწვევს, პირიქით, სწორედ ჰორმონული ბალანსის დარღვევაა სიმსუქნის მიზეზი. თუ ჰორმონულ დისბალანსს ზერელედ მივუდექით, ეს ცუდ შედეგამდე მიგვიყვანს.
-ალბათ, შვილოსნობაზეც მოახდენს გავლენას...
-რა თქმა უნდა. ამიტომ ჰორმონული გამოკვლევა ქალმა დროულად უნდა ჩაიტაროს. მესმის, რომ ეს ხარჯს მოითხოვს, მაგრამ სხვაგვარად შეუძლებელია. ახალგაზრდა ქალი მომავალი დედაა და უნდა ახსოვდეს, რომ მენსტრუალური ციკლის დარღვევა უნაყოფობას იწვევს.
ბოლო დროს საკმაოდ გახშირდა პოლიკისტოზი, რომლის დროსაც ხდება საკვერცხეების ფუნქციის დაქვეითება. ამ დროს საკვერცხეში ფოლიკული არ გამომუშავდება და, შესაბამისად, მენსტრუალური ციკლიც ირღვევა. ბუნებრივია, ამ პერიოდში ქალი არ დაორსულდება. პოლიკისტოზის მკურნალობის მრავალი მეთოდი არსებობს -ჰორმონული მკურნალობა, ოპერაციული ჩარევა.
-იწვევს თუ არა ამგვარი დარღვევები წონის მომატებას, ჭარბთმიანობას?
-დიახ, ჭარბთმიანობა და წონის მატება სწორედ ამ ჰორმონული დარღვევების ფონზეა მოსალოდნელი. ეს უმთავრესად ანდროგენების (მამაკაცის ჰორმონების) რაოდენობის მომატებას უკავშირდება. ანდროგენები სხვადასხვა დარღვევას იწვევს. ყველა დარღვევას კი თავისებური გამოვლინება აქვს და შესაბამისი მკურნალობაც სჭირდება.
-გარდა ზემოთ ჩამოთვლილი დარღვევებისა, რა განაპირობებს უშვილობას?
-სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, მაგალითად, ქლამიდიოზი, ტრიქომონიაზი. მაგრამ მარტო ქალებს არ აქვთ ეს პრობლემები -მამაკაცებსაც აწუხებთ. სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების გამო სპერმის აქტივობა ირღვევა და უშვილობას იწვევს. ბოლო ხანს მამაკაცებში ძალიან გახშირდა განაყოფიერების უნარის დაქვეითება.
-როდესაც არც ქალს, არც მამაკაცს რამე სამედიცინო დარღვევა არ აქვთ, მაგრამ ქალი მაინც არ ორსულდება, ეს რას დავაბრალოთ?
-არსებობს იმუნური შეუთავსებლობა, ანუ ანტისპერმული ანტისხეულების მომატება როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში. ეს კი ხელს უშლის განაყოფიერებას და ნაყოფის შენარჩუნებას. ქალი შესაძლოა დაორსულდეს, მაგრამ შემდეგ მუცელი მოწყდეს.
-ცნობილია ბევრი შემთხვევა, როდესაც წყვილს წლობით არ ჰყავს შვილი, მაგრამ როდესაც ბავშვს იშვილებენ, უჩნდებათ...
-ამ შემთხვევაში ძალიან დიდ როლს ასრულებს ფსიქოემოციური ფაქტორი. როდესაც ქალს შვილი არ ჰყავს, წლობით მკურნალობს და ელოდება, ბუნებრივია, მუდმივი სტრესის ქვეშ იმყოფება. როდესაც მისი ფსიქიკა სხვა საგანზე, ამ შემთხვევაში -ბავშვზე გადაერთვება, ფსიქოემოციური დაძაბულობა იხსნება, ჭარბობს დადებითი მუხტი და ქალიც ორსულდება.
-ყოფილა შემთხვევა, როდესაც 45 წლის შემდეგ ქალს აღარ ჰქონია მენსტრუალური ციკლი, მაგრამ მოულოდნელად დაორსულებულა.
-საერთოდ, დაორსულება ხდება მაშინ, როდესაც ფოლიკული მწიფდება, სკდება და იქიდან კვერცხუჯრედი გადმოდის. ეს ნორმალური ფიზიოლოგიური ციკლია, რომელსაც ოვულაციური ციკლი ეწოდება. ზოგჯერ ქალს ციკლი ერთი, ორი ან სამი თვე არ აღენიშნება, მაგრამ რომელიღაც მომენტში ფოლიკული მომწიფდება, სკდება და გადმოაგდებს კვერცხუჯრედს და თუ მას სპერმატოზოიდი შეხვდა, მოხდება განაყოფიერებაც.
ასე რომ, ძალიან ბევრია შემთხვევა, როცა პრეკლიმაქსურ მდგომარეობაში მყოფ ქალს ჰგონია, რომ კლიმაქსი დაეწყო, ცოტა თამამდება და უცებ... ორსულდება. ასეთ შემთხვევაში საქმე გვაქვს ჩვეულებრივი ფიზიოლოგიური ციკლის აღდგენასთან, რაც გარკვეულ თვეებში ხდება.
-არაერთი ხანდაზმული დედის შესახებაც გვსმენია -52 ან 54 წლის ქალსაც გაუჩენია შვილი.
-ესე იგი, ამ ქალბატონს სრული კლიმაქსი ჯერ არ ჰქონია, ან რაღაცის გამო საკვერცხეების გააქტიურება მოხდა და იმ კონკრეტულ თვეში აღდგა ფიზიოლოგიური ციკლი. ამას რა სჯობს?! ეს ხომ არა მარტო სამედიცინო შემთხვევა, არამედ ღვთის დიდი მადლიც არის.
ცნობისათვის, მენსტრუალური ციკლის დარღვევის მიზეზი შესაძლოა იყოს ავიტამინოზი, ხშირი და ხანგრძლივი დიეტა, ჰორმონული დარღვევა, ფსიქიკური ტრავმა, შიში, სტრესი, ინფექციური დაავადება, გინეკოლოგიური ჩარევა, ღვიძლის დაავადება, სიმსუქნე, ზოგჯერ -გენეტიკური განწყობაც.
გარდა ამისა, სპეციალისტების აზრით, კონტრაცეპტივების არასწორი მიღება და ექიმის რჩევის გარეშე მისთვის თავის დანებება მენსტრუაციის დარღვევას, ზოგჯერ სისხლდენასაც კი იწვევს.
ექიმები ქალბატონებს ურჩევენ, მენსტრუალური ციკლის ნებისმიერი დარღვევისას დროულად მიმართონ სპეციალისტს, რაც მათ თავიდან ააცილებს შემდგომ გართულებებს, მათ შორის -უშვილობას, ნაადრევ კლიმაქსს, ანემიას, ინფექციურ დაავადებებს და ოპერაციულ ჩარევას.
ლიკა კერატიშვილი
გაზეთი "ყველა სიახლე"