ბროწეულის წვენი შესანიშნავი საშუალებაა სტრესის საწინააღმდეგოდ. ამცირებს გულის ცემას და ამაღლებს შრომისუნარიანობას - ამ დასკვნამდე მივიდნენ ედინბურგის უნივერსიტეტის მეცნიერები.
მეცნიერებმა ადამიანთა ჯგუფს ყოველდღე 500 მლ ბროწეულის წვენის დალევა შესთავაზეს. ეს ექსპერიმენტი ორ კვირას გაგრძელდა. კვლევის დასაწყისში და ბოლოს ექსპერიმენტის მონაწილეებს შეუმოწმეს პულსი და ემოციური განწყობა.
კვლევამ აჩვენა, რომ ბროწეულის თერაპიის შემდეგ ყველა მათგანი ორჯერ მეტი ენთუზიაზმით იწყებდა სამუშაოს, პულსი მშვიდი ჰქონდათ, განწყობა - საუკეთესო.
"მიღებული შედეგიდან გამომდინარე, ოფისებისა და კომპანიების მუშაკებს ვურჩევთ, ხშირად მიირთვან ბროწეულის წვენი, რაც მათ სტრესის დაძლევაში დაეხმარებათ", - ამბობენ მეცნიერები.
ექსპერტთა აზრით, ეს ბროწეულში არსებული ანტიოქსიდანტების დამსახურებაა. მის შემადგენლობაში შედის პროვიტამინი A, ვიტამინების ჯგუფი B - B1, B2, ვიტამინი C, ორგანული მჟავები, ფოსფორი, მაგნიუმი, კალიუმი.