ივნისში შეგროვილი კოწახურის ფოთლები შეიცავს 120 მგ/პროცენტამდე ასკორბინის მჟავას (ვიტამინ C-ს), ნაყოფმსხმოიარობისას კი დაახლოებით 40 მგ/პროცენტ ვიტამინ E-ს.
გარდა ამისა, ფოთლებშია ალკალოიდები, მათ შორის - ბერბერინი, რომელიც სისხლის წნევას დაბლა სწევს, იწვევს საშვილოსნოს შეკუმშვას და აძლიერებს ნაღვლის დენას. ფოთლის ნაყენს სისხლდენის შესაჩერებლად და ღვიძლის დაავადების დროს იყენებდნენ, ფოთლებს იყენებენ მარინადის მოსამზადებლადაც.
ფესვებისგან, რომელიც 2-5 პროცენტ ალკალოიდებს შეიცავს, იღებენ პრეპარატ ბერბერინს, რომელსაც ქრონიკული ჰეპატიტის, ქოლეცისტიტის და ნაღვლის ბუშტის კენჭოვანი დაავადებების დროს იყენებენ.
კოწახურის ფოთლის ნაყენი 40 პროცენტ სპირტზე 1:10-ზე შეფარდებით (1 ნაწილი წვრილად დაჭრილი ფოთოლი 10 ნაწილ სპირტზე) მიიღება ღვიძლისა და ნაღველსადინარების დაავადებებისას 25-30 წვეთი დღეში სამჯერ, 2-3 კვირის განმავლობაში.
ბერბერინის სულფატის აბები (0,005 გრ) გამოიყენება ქოლეცისტიტის დროს, როცა თან ახლავს ნაღვლის სადინარების დისკინეზია; აგრეთვე, კალკულოზური ქოლეცისტიტის დროს გართულებათა პერიოდებს შორის, ნაღვლის დენის გამაძლიერებელ საშუალებად 5-დან 20 მგ-მდე 2-3-ჯერ დღეში. განმეორებით კურსს 5-10-დღიანი შესვენების შემდეგ უნიშნავენ.
საზღვარგარეთის ქვეყნებში ნაირგვარი სახეობის კოწახურის პრეპარატებს იყენებენ როგორც სისხლდენის შემაჩერებელ, ნაღვლის დენის გამაძლიერებელ და ელენთის გადიდების საწინააღმდეგო საშუალებას, მალარიის, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მკურნალობისას.
ფიტოთერაპიულ ლიტერატურაში იმის შესახებაცაა ცნობები, რომ კოწახური კიბოს მკურნალობაში გამოიყენება. როგორც უკანასკნელი წლების გამოკვლევებით გამოირკვა, კოწახურისაგან გამოყოფილი ალკალოიდ ბერბერინს სიმსივნის საწინააღმდეგო თვისება გააჩნია.
იხილეთ სრულად: mkurnali.ge