ნესვს სასიამოვნო არომატის გარდა, უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია. მასში უხვადაა ვიტამინები.
მაგალითად, ნესვში C ვიტამინი გაცილებით მეტია, ვიდრე ფორთოხალში, გარდა ამისა, ნესვის რბილობი მდიდარია A, B1, B2, PP ვიტამინებით, პლუს კალიუმი, ნატრიუმი, კალციუმი, რკინა, რომელიც, სხვათა შორის, აქ 17-ჯერ მეტია, ვიდრე რძეში. ნესვი ორგანიზმის საუკეთესო გამწმენდია
ნესვში შემავალი ნივთიერებები აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას. აქვს შარდმდენი და ანტიტოქსიკური თვისებები. რეკომენდებულია მათთვის, ვისაც ღვიძლი და შარდ-კენჭოვანი დაავადებები აწუხებს. გარდა ამისა, ნესვი სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის, ამაღლებს იმუნიტეტს და ჰემოგლობინს.
კიდევ ერთი სასარგებლო თვისება, რაც განსაკუთრებით მამაკაცებს დააინტერესებს, ნესვის თესლს აქვს. თუ ხალხურ რეცეპტებს დავუჯერებთ, კარგად გამომშრალი და დაფქული ნესვის თესლი მამაკაცის სექსუალურ შესაძლებლობებს აძლიერებს.
ნესვის ქერქი შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც აწესრიგებს ჯირკვლებისა და სისხლის წარმომქმნელი სისტემების მუშაობას. ამისთვის საკმარისია, კარგად გარეცხილი ნესვის ქერქი წვენსაწურში გაატაროთ.
ხალხურ მედიცინაში ნესვს სისხლნაკლებობის, უღონობისა და ყაბზობის სამკურნალოდ იყენებენ. ის რეკომენდებულია სიყვითლითა და წყალმანკით დაავადებული პაციენტებისთვის.
გარდა ამისა, მას ოფლმდენი თვისებაც აქვს და ამ სიცხეში განსაკუთრებით გიშველით. და კიდევ, ნესვის ნიღბები ფერიმჭამელების მკურნალობაში და ჭორფლისა და პიგმენტური ლაქების მოცილებაში დაგეხმარებათ.