სარძევე ჯირკვლის კიბო განაჩენი არ არის. იმ ქალების 94 %, რომლებიც დროულად მიმართავენ ექიმს, სრულიად იკურნებიან. როგორ დაძლიოთ ექიმთან ვიზიტის შიში თუ ეჭვი ავთვისებიან სიმსივნეზეა?
მთვარია, დიაგნოზი ადრეულ სტადიაზე დაისვას. დღეს კი როცა საქართველოში არსებობს უამრავი უფასო კვლევითი ცენტრი, ამის პრობლემა აღარ არსებობს. ფსიქოლოგიური განწყობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ სენის დამარცხებაში.
ონკოფსიქოლოგია -ფსიქოლოგიის თანამედროვე მიმართულებაა, რომელიც იკვლევს ფსიქოლოგიური ფაქტორების გავლენას დაავადების გამოვლენისა და მისი მიმდინარეობის დროს. გთავაზობთ ონკოფსიქოლოგის რჩევებს:
როგორ დაძლიოთ ექიმთან ვიზიტის შიში თუ ეჭვი ავთვისებიან სიმსივნეზეა?
ექიმთან წასვლის შიში გაცლით ყოველგვარ ძალას და გაკარგვინებთ ნორმალურად აზროვნების უნარს. უბრალოდ დაფიქრდით დაგვიანებული გამოკვლევების შედეგებზე. თქვენი ჯანმრთელობა მხოლოდ თქვენი კი არა, ოჯახის წევრებისა და ახლობლების ბედნიერებაცაა. ამიტომ აუცილებელია გამოკვლევები ჩაიტაროთ, სიმპტომების არარსებობის შემთხვევაშიც კი მამოგრაფია ყოველწლიური აუცილებელი პროცედურაა 35 წელს გადაცილებული ქალბატონებისთვის.
როგორ უნდა მოიქცეთ თუ კიბოს დიაგნოზი დაგისვეს?
ნუ ჩავარდებით პანიკაში, შეეცადეთ დამშვიდდეთ, დაელაპარაკეთ ახლობელ ადამიანებს. ხომ გაგიგონიათ, ”ხელი გაანძრიე და გეშველებაო”? ამიტომ თავად აიღეთ პასუხისმგებლობა მკურნალობასა და გამოჯანმრთელებაზე. მკერდის კიბოს მკურნალობა მხოლოდ სიმსივნის მოშორებას როდი გულისხმობს. ის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობასაც სტაბილურს ხდის.
1. გახსოვდეთ, რომ ეს პრობლემა მოგვარებადია, რადგან სარძევე ჯირკვლის კიბოს სამკურნალოდ ყოველწლიურად ინერგება ახალი მეთოდიკა და ჩნდება უახლესი ტექნოლოგიები.
2. მინიმუმამდე დაიყვანეთ კიბოს უჯრედების გავრცელებისთვის ხელშემწყობი ფაქტორები. დაძლიეთ შიში, დეპრესია, მიიღეთ დიდი რაოდენობით ვიტამინები. უარი თქვით მავნე ჩვევებზე, ივარჯიშეთ.
3. მარტო არ ხართ, თქვენს გვერდით ახლობელი ადამიანები და კვალიფიციური ექიმები არიან, რომლებიც მძიმე წუთებში შიშისა და სტრესის დაძლევაში დაგეხმარებიან.
როგორ მოვემზადოთ ფსიქოლოგიურად მკურნალობისა და ოპერაციისთვის?
ხშირად შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ მკერდის კიბო წარმატებით იკურნება. ახალი ტექნოლოგიების წყალობით უკვე შესაძლებელია სიმსივნის მოცილება მკერდის მოკვეთის გარეშე.
* ინფორმაცია თქვენი დაავადების შესახებ მხოლოდ და მხოლოდ მკურნალი ექიმისგან მიიღეთ. ნუ მოუსმენთ ”პალატის მეზობლებს”, ახლობლებს და სხვა ადამიანებს, რომლებიც ნაკლებად კომპეტენტურები არიან ამ საკითხში. ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია და ზუსტად ერთნაირ მკურნალობას არავინ გადის.
* სხვისი მონაყოლის საფუძველზე ნუ შეიქმნით ცუდ განწყობას. ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე დამოკიდებულია მკურნალობის მაღალეფექტურობა.
* გწამდეთ, რომ აუცილებლად განიკურნებით. რაც უფრო მალე მიხვდებით, რომ კიბო სასიკვდილო განაჩენი არ არის, მით უფრო წარმატებული იქნება მკურნალობა და გამოჯანმრთელების პროცესიც აღარ დააყოვნებს.
როგორ დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას გამოჯანმრთელების შემდეგ?
ნუ ჩაიკეტებით საკუთარ ნაჭუჭში, ყველა უსიამოვნება უკან დარჩა! თქვენ ნორმალურ, ჩვეულ ცხოვრებას უბრუნდებით. დაუბრუნდით საყვარელ საქმიანობას; დაეხმარეთ სხვა ადამიანებს, გაუზიარეთ საკუთარი გამოცდილება. თქვენ უკვე იმ მრავალრიცხოვან ქალთა სიაში ხართ, რომლებმაც დაამარცხეს მკერდის კიბო და ვაჟკაცურად გაუმკლავდნენ შიშს და დეპრესიას.
გისურვებთ დღეგრძელობას და ჯანმრთელობას!
თათია ბეჟიტაშვილი
ჟურნალი ”და ქალი”