მომავალ ბავშვზე დედის ავადმყოფობის ზეგავლენა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. მაგალითად: ორსულობის ვადაზე, დედის იმუნიტეტსა და დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმების თვისებებზე.
მუცლად ყოფნის პერიოდში ბავშვის დაღუპვასა და ნაყოფის სიმახინჯეებს ყველაზე ხშირად ორსულობის ადრეულ ვადაზე (ჩასახვის მე-5-6 დღიდან 12 კვირამდე) დედის ინფიცირება იწვევს, ხოლო ორსულობის უფრო გვიანდელ პერიოდში (12 კვირის შემდეგ) ბავშვის ორგანოები ძირითადად, უკვე ჩამოყალიბებულია.
ამიტომ ინფექციურ აგენტს რაიმე სიმახინჯის გამოწვევა არ შეუძლია, მაგრამ სავსებით შესაძლებელია ნაყოფის ორგანოების, პლაცენტისა და სანაყოფე გარსების მიკრობული დაზიანება და ანთებითი გადაგვარება. ამ დროს მოსალოდნელია ნაადრევი მშობიარობა და ამ მშობიარობის შედეგად სუსტი, უდღეური ახალშობილის დაბადება.
დედიდან ბავშვს ინფექცია შეიძლება გადაედოს ორი გზით - ჰემატოგენურითა (სისხლის) და აღმავალით (შარდ-სასქესო ორგანოების ინფექციები).
ჰემატოგენური გზით გავრცელებისას, გამომწვევი დედის სისხლთან ერთად ხვდება პლაცენტაში, იქიდან (ჭიპლარის გავლით) კი ნაყოფის ორგანიზმში.
აღმავალი გზით გავრცელებისას, გამომწვევი დედის სასქესო გზებიდან საშვილოსნოს ღრუში ადის, აზიანებს სანაყოფე გარსებს, შემდეგ იწყებს გამრავლებას სანაყოფე სითხეში და მისი საშუალებით შეიჭრება ნაყოფის სასუნთქ გზებში ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტში.
რომელი ინფექციების უნდა ეშინოდეთ ორსულებს
ყველაზე გავრცელებული ვირუსული და ბაქტერიული ინფექციებიდან შეიძლება გამოიყოს ორსულობისთვის განსაკუთრებით საშიში რამდენიმე ინფექცია:
წითურა
წითურა ვირუსული ინფექციაა. ადამიანი, რომელმაც ეს დაავადება ბავშვობაში გადაიტანა, მომავალში აღარ დაავადდება. იმისათვის, რომ გამოვიკვლიოთ, აქვს თუ არა ქალს წითურას საწინააღმდეგო იმუნიტეტი, აუცილებელია სისხლის ანალიზის ჩაბარება წითურას საწინააღმდეგო ანტისხეულებზე.
თუ სისხლში ანტისხეულები არის, მაშინ ბავშვი და დედა ამ დაავადებისგან დაცულები არიან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩასახვამდე რამდენიმე თვით ადრე საჭიროა წითურის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება. წითურას ვირუსის საშიშროება იმაში მდგომარეობს, რომ იგი დედიდან ნაყოფს გადაედება და მას აზიანებს.
თანდაყოლილმა წითურამ შეიძლება, ბავშვის ნებისმიერი ორგანო დააზიანოს, მაგრამ ყველაზე ხშირად გვხვდება შემდეგი ტრიადა - კატარაქტა, სიყრუე და გულის თანდაყოლილი მანკი.
ციტომეგალოვირუსი
მას მიაკუთვნებენ სასქესო ინფექციების რიცხვს, თუმცა დაინფიცირება შესაძლებელია არა მარტო სქესობრივი, არამედ საყოფაცხოვრებო და ჰაერწვეთოვანი გზითაც. ეს დაავადება საშიშია, თუ დაინფიცირება ხდება ორსულობის დროს.
ამ შემთხვევაში ხშირად ვითარდება თავის ტვინისა და ღვიძლის დაზიანება, რის შედეგადაც პატარა შეიძლება დაიღუპოს კიდეც. ციტომეგალოვირუსის ქრონიკული ფორმა საშიში არ არის.
ჰერპესვირუსი
ჰერპესვირუსით დაინფიცირებამ (განსაკუთრებით, II ტიპის ვირუსით) შეიძლება გამოიწვიოს ახალშობილის ჰერპესი. განსაკუთრებით საშიშია გენიტალიური (სასქესო ორგანოების) ჰერპესის გამწვავება ორსულობის 32 კვირის შემდეგ.
თუ მკურნალმა ექიმმა ასეთი გამწვავება ამ ვადის შემდეგ აღმოაჩინა, მაშინ აუცილებელია ანტივირუსული პრეპარატებით მკურნალობის ჩატარება. იმ შემთხვევაში, თუ მშობიარობა გამონაყარის გაქრობამდე დაიწყო, რეკომენდებულია საკეისრო კვეთა.
ციტომეგალოვირუსისა და მარტივი ჰერპესის ვირუსის სადიაგნოსტიკოდ სისხლში სპეციფიკური ანტისხეულების - IgM და IgG-ის განსაზღვრის მეთოდი გამოიყენება. აღნიშნული ინფექცია შეიძლება იყოს აქტიური და ლატენტური. აქტიური ინფექციის მარკერებია IgM (+), IgG (+) ან (-), ლატენტური ინფექციისა კი IgM (-), IgG (+).
აქტიური და ლატენტური ინფექციის მკურნალობა განსხვავებულია. მკურნალობას საჭიროებს მხოლოდ აქტიური ფორმა. დიაგნოზი ისმება ანტისხეულების გამოკვლევისა და სისხლში მათი რაოდენობის განსაზღვრის მიხედვით.
შიდსი
შიდსის (ადამიანის შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომის) დროს ინფექციის დედიდან ნაყოფზე გადაცემის რისკი მაღალია და შეადგენს 25-30%-ს, ამიტომ შიდსით დაინფიცირებული ორსული მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ მას შეიძლება ავადმყოფი ბავშვი შეეძინოს.
მიიჩნევა, რომ შიდსის გადაცემა უფრო ხშირად ხდება იმ შემთხვევაში, თუ ქალი დაავადდა ორსულობის დროს ან ორსულობა და მშობიარობა მიმდინარეობს დაავადების ბოლო სტადიაზე.
B ჰეპატიტი
დადგენილია, რომ B ვირუსული ჰეპატიტი არ ახდენს გავლენას ორსულობის მიმდინარეობაზე, არ ზრდის თვითნებური აბორტისა თუ მკვდრადშობადობის რისკს და არც თანდაყოლილი სიმახინჯეების ალბათობა იზრდება, თუკი არ აღინიშნება ღვიძლის ციროზი, დაავადების აქტიური ფორმა ან ქოლესტაზი.
ღვიძლის დაავადების მძიმე ფორმების დროს კი მოსალოდნელია პრეეკლამფსია (ორსულობის მეორე ნახევარში განვითარებული ტოქსიკოზი) და ნაადრევი მშობიარობა, რაც, თავის მხრივ, ნაყოფის დაღუპვის რისკს ზრდის.
მთავარი პრობლემა B ვირუსული ჰეპატიტის აქტიური (მწვავე) ფორმაა, რომლის დროსაც იმატებს ბავშვის დასნებოვნების ალბათობა მუცლად ყოფნის, მშობიარობისა და ძუძუთი კვების დროს.
ქრონიკული B ჰეპატიტი ნაყოფს არ უქმნის საფრთხეს და შესაძლებელია ფიზიოლოგიური მშობიარობა. ბავშვის ინფიცირების თავიდან ასაცილებლად კი მას დაბადებისთანავე, ვაქცინაცია უტარდება.
თუ მწვავე ჰეპატიტმა ორსულობისას იჩინა თავი, მაშინ აუცილებელია, ორსული ინფექციურ სტაციონარში მოათავსონ.
ორსულობის მეორე ნახევარში მწვავე ვირუსული ჰეპატიტი შესაძლოა გართულდეს ღვიძლის მწვავე უკმარისობით, ენცეფალოპათიითა და კომით, ხოლო მესამე ტრიმესტრში სიყვითლისა და ინტოქსიკაციის მატებასთან ერთად, არცთუ იშვიათია ნაადრევი მშობიარობა და ნაყოფის დაღუპვა.
გარდა ამისა, მოსალოდნელია ღვიძლის მასიური ნეკროზი და თვით დედის სიკვდილიც კი. ორსულობის შეწყვეტა, განურჩევლად იმისა, როგორ მოხდება ეს - აბორტით, თვითნებითი გამოძევებით, ნაადრევი თუ დროული მშობიარობით, - მწვავე ჰეპატიტის მიმდინარეობას ამძიმებს.
C ჰეპატიტი
არ არსებობს მონაცემები, რომლებიც ამტკიცებს, რომ C ვირუსული ჰეპატიტის დროს იმატებს სამეანო გართულებების, მათ შორის - აბორტის, მკვდრადშობადობის, ნაადრევი მშობიარობის ან თანდაყოლილი მანკის ალბათობა, მაგრამ შეძლებს თუ არა ქალი ორსულობის ბოლომდე მიყვანას, ეს ინფექციის ფორმაზეა დამოკიდებული. სხვაგვარად რომ ვთქვათ, დიდი მნიშვნელობა აქვს დედის ვირუსულ დატვირთვას. სახელდობრ:
*თუ დედას აქვს მხოლოდ C ვირუსის ანტისხეულები, ორსულობა უკუნაჩვენები არ არის. ამ დროს ბავშვის დასნებოვნების რისკი დაახლოებით 1,7%-ია;
*C ჰეპატიტის ქრონიკული ფორმის დროს შესაძლოა შეფერხდეს ნაყოფის ზრდა ან დაიბადოს დღენაკლული ახალშობილი;
*თუ დედის სისხლში ცირკულირებს თავად ვირუსი, ბავშვის ინფიცირების რისკი 5,6-6%-ს უტოლდება.
ჩ ჰეპატიტის დროს ნაჩვენებია საკეისრო კვეთა.
გრიპი
ორსულობის ადრეულ ვადებზე გრიპის ვირუსმა შეიძლება, თვითნებური აბორტი გამოიწვიოს, ხოლო გვიანდელ ვადებზე - ნაადრევი მშობიარობა. გარდა ამისა, გრიპით დასუსტებულ ორგანიზმში იოლად იკიდებს ფეხს ბაქტერიები - პნევმოკოკი, სტრეპტოკოკი, ჰემოფილური სტაფილოკოკი...
არცთუ იშვიათად, გართულება ქრონიკულ ფორმაში გადაიზრდება - ვითარდება ბრონქული ასთმა, ქრონიკული ბრონქიტი; გარდა ამისა, ავადდება გულ-სისხლძარღვთა სისტემა, ირღვევა ნივთიერებათა ცვლა და ყალიბდება თირკმელთა პათოლოგია.
სამწუხაროდ, წინასწარ ვერც ერთი ექიმი ვერ გეტყვით, დაავადება ბავშვის განვითარებაზე გავლენას მოახდენს თუ არა.
დარწმუნებით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ გრიპი განსაკუთრებით საშიშია ორსულობის მეთორმეტე კვირამდე - ამ პერიოდში ყალიბდება ბავშვის ორგანოები და ქსოვილები. თუ გრიპი განსაკუთრებით მძიმედ და გართულებების თანხლებით მიმდინარეობს, ბავშვის ინფიცირების საშიშროება მაღალია.
ორსულობისას გრიპის მკურნალობა აუცილებლად, ექიმის მეთვალყურეობით უნდა მიმდინარეობდეს. გახსოვდეთ: ორსულობისას გრიპის მკურნალობას რამდენიმე თავისებურება ახასიათებს და ამ დაავადების საწინააღმდეგო საშუალებათა არსენალიდან ზოგი რამ აკრძალულია.
მაგალითად: ასპირინი, ხველის საწინააღმდეგო, სისხლძარღვთა შემავიწროებელი და ზოგიერთი ანტივირუსული პრეპარატი. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ხალხურ მეთოდებსა და ჰომეოპათიურ საშუალებებს.
გრიპთან დაკავშირებით რამდენიმე საგულისხმო რჩევას მოგცემთ:
*ავადმყოფობის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს კვებას. რაციონი კალორიული უნდა იყოს. აუცილებელია რძე და რძის ნაწარმი, ბოსტნეული, დიდი რაოდენობით სითხე - ის ორგანიზმს ვირუსის გამორეცხვაში ეხმარება.
განსაკუთრებით სასურველია მომჟავო და C ვიტამინის შემცველი თბილი სითხე - ხილის წვენი, მოცვის ან ცაცხვის ნაყენი, ლიმონიანი და თაფლიანი ჩაი, სოდიანი ან ბორჯომიანი რძე, ასკილის ნაყენი, ტუტე მინერალური წყალი. თუ ნეფროპათია და შეშუპება არ აღგენიშნებათ, იმდენი სითხე მიიღეთ, რამდენიც გსურთ.
*ცალკე უნდა მიიღოთ ასკორბინის მჟავა (C ვიტამინი) და B ჯგუფის ვიტამინები.
*სიცხის დამწევი საშუალებებიდან, პირველ ყოვლისა, დასაშვებია პარაცეტამოლი. აცეტილსალიცილის მჟავას (ასპირინის) მიღებამ შეიძლება, გვერდითი მოვლენები გამოიწვიოს.
*რაც შეეხება ანტიბიოტიკებს, მათ (და არა მხოლოდ ორსულებს) განსაკუთრებული ჩვენების გარეშე არ უნიშნავენ. ამის განსაზღვრა კი რასაკვირველია, ექიმის კომპეტენციაა.
*გამოიყენება ხველის დამთრგუნველი ბალახეული პრეპარატები, რომლებიც ნებადართულია ორსულობის დროს. მაგალითად, ალთეს ფესვების ნახარში. კარგია ორთქლის ინჰალაციები გვირილის, კალენდულას, პიტნის, სალბის, ევკალიპტის, კრაზანას, წყლის იელის, ფიჭვის კვირტების ნაყენით.
ორსულს საავადმყოფოში მხოლოდ მაშინ აწვენენ, როცა გრიპი მძიმედ - ტოქსიკური და ჰიპერტოქსიკური ან გართულებული ფორმით მიმდინარეობს. სხვა შემთხვევაში, ავადმყოფები შინ მკურნალობენ.
ტოქსოპლაზმოზი
ტოქსოპლაზმოზი საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელსაც იწვევს ტოქსოპლაზმა გონდი.
იგი უჯრედშიგა პარაზიტია, რომელიც უმეტესად, კატებში ცხოვრობს, მაგრამ შუალედური მასპინძლის როლი შეიძლება შეასრულოს სხვა ცხოველმა, ფრინველმა და ადამიანმაც კი. იმისათვის, რომ ორსულებს ტოქსოპლაზმოზი არ დაემართოთ:
<div> * უნდა მოერიდონ კატებთან კონტაქტს;</div>
* არ მიირთვან ჭუჭყიანი ხილი და ბოსტნეული;
* არ გასინჯონ თერმულად დაუმუშავებელი ხორცის ფარში;
* კარგად დაიბანონ ხელები მიწასთან კონტაქტის შემდეგ;
* თუ სახლში ჰყავთ კატები, მათ მიერ დაბინძურებული ადგილების გაწმენდა აუცილებელია ხელთათმანით.
ორსულობის ადრეულ ვადებზე ინფიცირებამ შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის დაღუპვა ან დათრგუნოს მისი განვითარება.
თუ დაინფიცირება მოგვიანებით მოხდა, ახალშობილი იბადება მწვავე თანდაყოლილი ტოქსოპლაზმოზის სიმპტომებით - ინტოქსიკაციით, ცხელებით, სიყვითლით, ღვიძლის, ელენთის ლიმფური კვანძებისა და ტვინის დაზიანებით. ტოქსოპლაზმოზი ანტიბიოტიკებით იკურნება.
ათაშანგი
ათაშანგით დაავადებულ პაციენტებში დიდია თვითნებური აბორტის საშიშროება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს არ განვითარდა, პროგნოზი მაინც ცუდია - ბავშვი შეიძლება დაიბადოს მკვდარი ან უდღეური, თანდაყოლილი ათაშანგის ნიშნებით: კანის, ძვლებისა და ნერვული სისტემის დაზიანებით.
გონორეა
უმეტეს შემთხვევაში, ეს დაავადება იწვევს თვითნებურ აბორტს, თანაც - ორსულობის ადრეულ სტადიებზე.
B ჯგუფის სტრეპტოკოკები
B ჯგუფის სტრეპტოკოკურმა ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს ფილტვების, თავის ტვინის ანთება და სისხლის დაინფიცირება როგორც ორსულებში, ისე მის შთამომავლებში.
თუ ბავშვი მაინც დაიბადება, ადვილი მოსალოდნელია, რომ მას ნერვული სისტემა ჰქონდეს დაზიანებული. ეს შეიძლება გამოვლინდეს განვითარების შეფერხებით, სიყრუით, თავის ტვინის წყალმანკით, მამოძრავებელი სისტემისა და მგრძნობელობის მოშლით.
ქლამიდიოზი
ქლამიდიოზი ძალიან გავრცელებული დაავადებაა, რომელიც ხშირად, ქრონიკული ფორმით მიმდინარეობს და უმეტეს შემთხვევაში, იწვევს გადახრებს ორსულობისას: ნაყოფი უჩვეულოდ მატულობს წონაში, ირღვევა გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობა და შეიძლება, მანკიც გამოვლინდეს.
ჩასახვამდე ქალმა აუცილებლად უნდა ჩაიტაროს ანალიზი ქლამიდიოზზე და საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობის კურსი მეუღლესთან ერთად უნდა გაიაროს.
ტრიქომონიაზი
ორსულობის დროს მკვეთრად მატულობს თვითნებური აბორტისა და ნაადრევი მშობიარობის რისკი.
მიკოპლაზმა და ურეაპლაზმა
ჩვილის მუცლად ყოფნის პერიოდში ურეაპლაზმა საშიში არ არის, რადგანაც ეს მიკრობი პლაცენტაში არ გადის, მაგრამ მშობიარობის დროს პატარების 50% ინფიცირდება.
მიკოპლაზმური ინფექციისთვის პლაცენტა წინააღმდეგობას არ ქმნის. ორსულობის დროს მას შეუძლია, სანაყოფე გარსებისა და ნაყოფის ანთება გამოიწვიოს.
ორსულობის დროს ორივე ინფექცია ჩვეულებრივ, 20 კვირის შემდეგ იკურნება.
პროფილაქტიკასაუკეთესო გზა იმისათვის, რომ ბავშვის ინფიცირება არ დავუშვათ, რა თქმა უნდა, ინფექციებისგან ქალის დროული (ანუ დაორსულებამდე) განკურნებაა.
თუ ორსულობა ან ინფიცირება მოულოდნელად მაინც განვითარდება, რისკის შემცირების მიზნით, დროულად მიმართეთ მეან-გინეკოლოგს და შეასრულეთ მისი მითითებები. გარდა ამისა:
* ყურადღება მიაქციეთ საკუთარ გუნება-განწყობილებას;
* არ დაუშვათ ზედმეტი ფიზიკური და ემოციური გადაძაბვა;
* დალიეთ დანიშნული ვიტამინური კომპლექსები;
* მოერიდეთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოხვედრას, გრიპისა და სხვა ისეთი ინფექციური დაავადებების თავიდან აცილების მიზნით, რომლებიც ჰაერწვეთოვანი გზით გადადის.
ექიმი ნინო ჩარგეიშვილი
ჟურნალი "გზა"
(გამოდის ხუთშაბათობით)