დევიდ კომას არტ-დირექტორად დანიშვნა, გადაჭარბების გარეშე, ინტერნაციონალურ მოვლენად იქცა.
28 წლის ქართველი დიზაინერი (მისი სრული გვარია კომახიძე) სანკტ-პეტერბურგში საცხოვრებლად ჯერ კიდევ ბავშვობაში გადავიდა, სადაც ხელოვნებას შეისწავლიდა. სწავლა შემდეგ ლონდონში გააგრძელა, საბოლოოდ კი ფრანგული ბრენდის სათავეში აღმოჩნდა.
Thierry Mugler-ი იმედოვნებს, რომ ახალგაზრდა დიზაინერი შეძლებს ბრენდის გამოცოცხლებას. არადა, მოდის სახლს საწუწუნო თითქოს არაფერი ჰქონდა. კომამდე ეს თანამდებობა ნიკოლა ფორმიკეტის ეკავა, რომელიც სამუშაოდ "დიზელში" გადავიდა.
თუ ბოლო პარფიუმით ვიმსჯელებთ, რომელიც გამომწვარ ხის კასრებშია გამოყვანილი, ბრენდის საქმე კარგად მიდის. მეორე მხრივ, ლედი გაგა, ნაომი კემპბელი, ნატალია ვოდიანოვა, რიჰანა და კიდევ პლანეტის ათეულობით ულამაზესი ქალბატონი დევიდ კომას ტანსაცმელს ატარებენ. ასე რომ, ახალ არტ-დირექტორს საშუალება მიეცა, კიდევ ბევრი ვარსკვლავი მოიზიდოს.
დევიდ კომა: " Mugler-ის არტ-დირექტორის თანამდებობაზე მუშაობა დიდი პატივია. ჩემთვის ეს ყველაზე ექსტრაორინარული მოდის სახლია, მკვეთრად თამამი მემკვიდრეობით".
Mugler-ის სახელით, დევიდ კომას პირველი კოლექციის ჩვენება 2014 წლის ივნისშია დაგეგმილი.
ეკა ჩიკვაიძე