ანგელინა უელსკაია – ბელორუსი მოდელია. ის აქტიურად მონაწილეობს ფოტოსესიებში და ინვალიდი ადამიანების მონაწილეობით თეატრალური წარმოდგენებისთვის სცენარებს წერს.
- როცა პატარა ვიყავი, მსახიობობაზე ვოცნებობდი, - ამბობს ანგელინა. – დამცინოდნენ: შენგან მსახიობი როგორ გამოვაო? მირჩევდნენ, ფსიქოლოგი გამოვსულიყავი. ფსიქოლოგიაც მომწონს, მაგრამ გადავწყვიტე, რომ ისეთი სპეციალობა ამერჩია, თეატრთან რომ დამაახლოებდა.
17 წლის ანგელინამ გადაწყვიტა, ეტლიდან წამომდგარიყო. და ადგა! მართალია, ჯერჯერობით დამოუკიდებლად სიარული არ შეუძლია, მაგრამ ის ფარ-ხმალს არ ყრის.
- მინდა, ყველას დავუმტკიცო, რომ ჩემნაირ ადამიანებსაც შეუძლიათ იყვნენ ლამაზები და წარმატებულები.
ჩემი ოცნება, გავმხდარიყავი მოდელი, 5 წლის წინ დაიბადა, როცა ტელევიზორში Victoria’s Secret-ის ჩვენებას ვუყურე. გადავწყვიტე, რომ ისეთივე ლამაზი და სასურველი უნდა გავმხდარიყავი.
ანგელინა საკუთარ თავზე შინ მუშაობს, სარკის წინ. სტანისლავსკის მეთოდს წიგნებით ეუფლება: მოდელმა ხომ დიზაინერის მიერ დასახული როლი მსახიობზე ნაკლებად არ უნდა შეასრულოს? დედის დახმარებით ანგელინა ყოველდღიურად სეირნობს ჰაერზე, ბევრს ვარჯიშობს.
ანგელინას პირველი ფოტოსესია 3 წლის წინ შედგა. აღიარებს: "ძალიან მეშინოდა, მაგრამ შევძელი".
ერთი წლის შემდეგ ის რუსულ მინი-სერიალში გადაიღეს ეპიზოდურ როლში, სადაც, პრინციპში, საკუთარ თავს, ინვალიდი გოგონას როლს ასრულებდა.
თეატრი – ეს ჩემი პროფესიაა, მოდა – ოცნება. ვიფიქრე, რატომაც არ უნდა გავაერთიანო მოდა და თეატრი, ტანსაცმლის კოლექცია თეატრალური წარმოდგენის ელემენტებით წარმოვადგინო? რატომ იქნება ცუდი, თუ პოდიუმზე ჩვეულებრივი მოდელების მაგივრად განსხვავებული შესაძლებლობების მქონე მოდელები გამოვლენ?
- კარგად მესმის, რომ დინების საწინააღმდეგოდ მივცურავ. – ამბობს ანგელინა. – მაგრამ თუნდაც ვიღაც შეშლილად მთვლიდეს, არ მწყინს, უფრო მეტად ვიჯერებ საკუთარი თავის და პოტენციალის, რადგან სილამაზე – შინაგანია ფასეული, დანარჩენი ყველაფერი სისულელეა!
იქნებ სხვისთვის მაგალითი გავხდე და მანაც ირწმუნოს საკუთარი თავის. ოცნება ძალებს გმატებს და ფეხზე დგომის საშუალებას გაძლევს, ჩემი მაგალითიდან გამომდინარე, ამ სიტყვების პირდაპირი გაგებით!