ჰოლივუდის ვარსკვლავებმა შეძლეს და ორსულობის მდგომარეობაც "გაალამაზეს". ზედმიწევნით დაფოტოშოფებული მსახიობები და მომღერლები მშობიარობიდან ფაქტობრივად რამდენიმე კვირაში აჩენენ უზადო მუცლის პრესს.
იხილეთ ფოტოგალერეა
ტაბლოიდებისა და პრიალა ჟურნალების ფურცლებზე ისინი თითქმის შიშველი სხეულით პოზირებენ. მათ გარეგნობას ნამდვილად არაფერი აქვს ჩვენი გასაკრიტიკებელი, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ რეალობა სულ სხვაა.
ამერიკელმა ფოტოგრაფმა ჯეიდი ბელმა გადაწყვიტა, ფოტოებით გადმოეცა ეს რეალობა და ეჩვენებინა, რა შეიძლება დაემართოს ქალის სხეულს ორსულობის შემდეგ.
თავად ჯეიდი ორი წლის ვაჟის დედაა და ალბათ ამიტომაც გადაწყვიტა, ჩაეხედა სიმართლისთვის თვალებში და გადაეღო საკმაოდ რეალური ფოტოები.
"დღეს მსოფლიოში ერთგვარი ეპიდემიაა: მშვენიერი სქესის ბევრი წარმომადგენელი თვლის, რომ არ არის ლამაზი, - ამბობს ჯეიდი და სწორედ ამ მოსაზრების დასანგრევად გააკეთა ფოტოგრაფმა პროექტი "დედის სხეული".
ჯეიდის ფოტოებზე ნამშობიარები ქალები შეულამაზებლად არიან წარმოდგენილნი: შიშვლები არ მალავენ დახეთქილ და მოშვებულ კანს, იარებს... ყველა ფოტოს თავისი გმირის ისტორია აქვს წამძღვარებული. პროექტი სპეციალურად მსოფლიო დედის დღისთვის შეიქმნა.
რამ შთააგონა ავტორი? ფეხმძიმობის შემდეგ ჯეიდმა საკუთარი სხეული ისეთად მიიღო, როგორიც იყო და შეიყვარა ყველა ნაკლოვანებით. შემდეგ კი გადაწყვიტა, საკუთარი მაგალითით სხვებიც შთაეგონებინა.
"მთავარი, რისი დამტკიცებაც მსურდა, ის არის, რომ ადამიანი მშვენიერია თავის სხეულში. მე ვიპოვე ქალები, რომლებსაც არ შერცხვათ, შიშვლებს გადაეღოთ ფოტოები ჩემი პროექტისთვის", - ამბობს ფოტოგრაფი.
"თქვენი სხეული – ეს შედევრია და აღფრთოვანებას იმსახურებს. თუ ორსულობის შემდეგ ფორმები შეგეცვალათ, უნდა გიხაროდეთ! ეს პატივია, რომელზეც უამრავი ქალი ოცნებობს. იყავით კეთილნი საკუთარი თავის მიმართ. იყო დედა – ეს თავისთავად უკვე დიდი გამოცდაა. ამიტომაც არ არის საჭირო, დამატებით გაირთულოთ ცხოვრება იმით, რომ შეიძულოთ საკუთარი სხეული", - ამტკიცებს ჯეიდი ბელი.