ახალი ფეხსაცმელი - ფეხებისთვის ახალი გამოცდაა. რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მან ფეხი არ გვატკინოს?
რჩევა პირველი: ”საპილოტე” წინდა
ახალი ფეხსაცმელი შეიძინეთ და ერთი სული გაქვთ, როდის ჩაიცვამთ მას? ნუ იჩქარებთ! შეიძლება სეირნობისას ტრავმა მიიღოთ. გირჩევთ, ახალი ფეხსაცმელი ჯერ სახლში ჩაიცვათ. შეარჩიეთ მოსახერხებელი წინდა (სასურველია, სქელი იყოს) და ფეხსაცმელი წინდაზე ჩაიცვით. ასე კოჟრები აღარ გაგიჩნდებათ და ფეხსაცმელიც ოდნავ გაიწევს.
რჩევა მეორე: კოვზი
არა ფეხსაცმლის, არამედ ჩვეულებრივი სადილის კოვზი. თუ უკვე მიხვდით, რა ადგილზე გიხეხავთ კანს ფეხსაცმელი, ჩაყავით იმ ადგილას კოვზი და ამობურცული მხრიდან, მთელი ძალით დაამუშავეთ ფეხსაცმლის უხეში ნაწილი, რამდენიმე წუთის მანძილზე.
რჩევა მესამე: ფენი
ჩაიცვით წინდები (სასურველია, რამდენიმე ერთად), შემდეგ ფეხსაცმელი (უნდა მოგიჭიროთ), აიღეთ ფენი და გააცხელეთ ფეხსაცმელი. ამოძრავეთ ფეხი და ცხელი ჰაერი ყველაზე უხეში ადგილებისკენ მიმართეთ. არ გაიხადოთ, სანამ ბოლომდე არ გაგრილდება.
რჩევა მეოთხე: გაზეთები
დაახვიეთ გაზეთი, ოდნავ დაასველეთ (ფურცელი ფაფად არ უნდა იქცეს) და ჩატენეთ ფეხსაცმელში. როდესაც გაშრება - ამოიღეთ.
რჩევა მეხუთე: გაწელვა
შეგიძლიათ შეიძინოთ სპეციალური, გასაწელი ხის საშუალება, რომელიც ფეხსაცმელში იდება.
იხილეთ ასევე: როგორ ატაროთ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ტკივილისა და დისკომფორტის გარეშე