ჰიჯაბი - მუსლიმანი ქალების გარდერობის ის ნივთია, რომელიც ყველაზე დიდ კამათს იწვევს და ეს არ უკავშირდება სოციალურ ბრძოლას თანასწორობისათვისა და სამართლიანობისთვის, არამედ მისი მნიშვნელობის არცოდნას.
რა თქმა უნდა, ჰიჯაბი არასოდეს ყოფილა უბრალო თავსაბურავი, მაგრამ გლობალიზაციამ იგი რელიგიურ და პოლიტიკურ სიმბოლოდ აქცია, რომელიც მუსლიმანურ სამყაროს განასახიერებს.
მაინც რა დანიშნულება აქვს ჰიჯაბს
ჰიჯაბი - ძალიან ფართო ცნებაა. ეს არა მხოლოდ თავსაბურავია, როგორც მას ევროპულ სამყაროში მიიჩნევენ, არამედ მთლიანი სამოსი, რომელიც წარმოაჩენს მუსლიმანურ წარმოდგენას, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს ღირსეული ქალი. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი არაგამჭვირვალე სამოსი, რომელიც ტანს არ ეტმასნება და მხოლოდ ხელების მტევნებსა და სახეს აჩენს.
არსებობს ასევე ცნება "შინაგანი ჰიჯაბი". მას ცოტა ვინმე ახსენებს, რადგან ვერავინ ხედავს - იგი სულიერ თვისებებს გულისხმობს, მაგალითად, ღმერთისადმი პატივისცემასა და კდემამოსილებას.
უნდა აღინიშნოს, რომ უმეტესობა ამჟამინდელ მუსლიმანურ ქვეყნებში თავსაბურავის ტარების ტრადიცია ისლამამდე დიდი ხნით ადრე არსებობდა, ის მე-7 საუკუნეში წარმოიშვა. ჩვეულმა კაბამ უბრალოდ ადაპტაცია მოახდინა ახალი რელიგიის მოთხოვნების შესაბამისად, რამაც წარმოშვა მუსლიმანური ეროვნული სამოსის მრავალი ნაირსახეობა.
ყველაზე საინტერესო კი, რაც უნდა ვიცოდეთ - ყურანში არ არის სამოსის კონკრეტული სახეობების აღწერა. ამიტომ ჰიჯაბის ფასონი და ფერი განსხვავდება რეგიონების მიხედვით. მაგალითად, საუდის არაბეთში ქალის ტრადიციული სამოსის ფერი შავია, მამაკაცის კი - თეთრი.
ამბობენ, რომ ეს ისტორიას უკავშირდება, უფრო კონკრეტულად კი - საომარ წარსულს. თითქოსდა, არაბულ ტომებს შორის შეტაკებები ხშირად ღამით იმართებოდა. ამგვარად, შავებში შემოსილ ქალს ადვილად შეეძლო დამალვა. მამაკაცები კი სპეციალურად იმოსებოდნენ ასე, რათა შორიდანვე შესამჩნევნი ყოფილიყვნენ. აქედან გამომდინარე, ჩანს, რომ ქალებს უფრთხილდებოდნენ და არა იყენებდნენ, როგორც ბევრი ფიქრობს.
არაბულ ქვეყნებში ქალები შავ აბაიებში გვხვდებიან ხშირად, ინდოეთში მუსლიმან ქალებს ფერადი სარი აცვიათ, ირანელები კი სახეს ბისერით მორთული ნიღბებით იფარავენ.
ასევე, არსებობს თავსაბურავების ნაირსახეობა, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება და სხვადასხვა დასახელება აქვთ.
აგრეთვე, უნდა აღინიშნოს, რომ ყველაფერი დამოკიდებულია ქვეყნისა და ქმრის ლიბერალიზმზე. ერთგან მუსლიმან ქალებს შეუძლიათ ატარონ ჯინსები და მაისურები და ლამაზი ჰიჯაბი დღესასწაულებზე ჩაიცვან, სხვაგან კი უნდა დაიცვან მკაცრი ტრადიციები. ამიტომ არასწორია ვინმეს განსჯა, როცა არ იცი ტრადიციების შესახებ, მით უმეტეს, მისი აკრძალვა, როგორც ამას ზოგიერთი დემოკრატიული ქვეყანა აკეთებს.
ყოველ ქვეყანას თავისი ტრადიცია გააჩნია, სხვისთვის გაუგებარი, მაგრამ ჩვენს დინამიკურ სამყაროში უნდა ვიცოდეთ ყველაფერი და მივიღოთ ისეთი, როგორიც არის.