ადამიანები უხსოვარი დროიდან ატარებენ შარფებს. ჩინელები ამ ახლა ძალიან მოდური აქსესუარით ქარისა და მტვრისგან იცავდნენ თავს, რომაელი ლეგიონერები ნაქსოვ ყელსახვევებს სიცივისგან თავდასაცავად ატარებდნენ
ფრანგი მოდის მიმდევრები ყელს ილამაზებდნენ ნაირგვარი სახვევებით, რომელიც რთული კონსტრუქციით იკვანძებოდა და სახელმძღვანელოებიც კი იწერებოდა მათი შეკვრის სპეციფიკასთან დაკავშირებით. ისტორიის მანძილზე ეს აქსესუარი ორი ძირითადი მიმართულებით განვითარდა.
მოდის სამყაროში შარფების პოპულარობა დღითი დღე იზრდება. გარდა მისი პირველქმნილი დანიშნულებისა, როგორიცაა სიცივისგან და ქარისგან დაცვა, შარფები არაჩვეულებრივი აქსესუარია სტილის შესაქმნელად.
მაგალითად, აბრეშუმის შარფი შეგიძლიათ წელზეც შემოიხვიოთ, თავსაფრადაც გამოიყენოთ და ჩანთაც გაალამაზოთ.
დღეს ნებისმიერი, გემოვნებიანი ქალბატონის გარდერობი, წარმოუდგენელია ჰაეროვანი აბრეშუმის ყელსახვევის გარეშე. კარგად შერჩეული შარფი, დიდხანს არ კარგავს მოდურობას და აქტუალურობას. იგულისხმება ფერთა გამა და ზომები, ასევე ფაქტურა.
ხშირად დიზაინერები საკუთარი ინიციალებით გაფორმებული შარფებითაც იწონებენ თავს. "ჰერმესის" ყელსახვევიბი ბედნიერების მომტანადაც კი ითვლება.
ყელსახვევს ადამიანი იოლად ეჩვევა, მასთან განშორება რომ არ გაუჭირდეს, დიზაინერები წელიწადის ნებისმიერი დროისთვის ქმნიან ამ შვენიერ აქსესუარს.
უკანასკნელ კოლექციებში დიზაინერები ძალიან გრძელ, ან ყელზე მიბჯენილ მოკლე კაშნეს გვთავაზობენ. გრძელი კაშნე ყელზე რამდენჯერმე შემოხვეული უნდა ატაროთ. შეგიძლიათ კაშნეს ბოლოები გულსაბნევით ან ორიგინალური კვანძით მიამაგროთ ერთმანეთს.
მიუხედვათ იმისა, რომ წელს ძალიან მოდურია სამოსში და ფეხსაცმელზე ფოჩებიანი დაბოლოებები, შარფებს ეს არ ეხება.
წელს მოდაშია ჭრელი გაბაფთული აბრეშუმის ყელსახვევები. სადა, მუქ სამოსთან ღია ფერის კაშნის გაკეთებაც შეიძლება.
ძალიან მოდურია ბატიკა. ბატიკა ინდონეზიური სიტყვაა და ,,ცვილის წვეთს" ნიშნავს. ბატიკის ტექნიკა ეფუძნება ცვილისა და მსგავსი ნედლეულით ქსოვილის "მოხატვას". აბრეშუმის, შალის, ბამბისა და ზოგჯერ ხელოვნურ ქსოვილებზე ამ ხერხით სასურველი გამოსახულება მიიღება.
ბატიკის რამდენიმე სახეობა არსებობს: ცხელი, ცივი, კვანძოვანი და თავისუფალი ნახატით.
ცხელი ტექნოლოგიით ქსოვილი ცხელი ცვილით იხატება, ის არ იკარებს საღებავს და განსაზღვრავს გამოსახულებების კონტურებს. ასეთი მეთოდით ძირითადად ბამბის ქსოვილები მუშავდება.
ცივი ტექნოლოგიით აბრეშუმი მუშავდება. მისი დამზადება საშინაო პირობებშიცაა შესაძლებელი.
თავისუფალი მოხატვის ბატიკა - მხატვარი ფანტაზიას გადმოსცემს ზეთის ან ანილინის საღებავების აბრეშუმზე დატანით. საინტერესო ეფექტს წარმოშობს ბატიკაზე მარილის ან მარილხსნარის დატანაც. ამ დროს ვარირება მარილის ხარჯზე ხდება, რომელიც თავისებურ, უცნაურ ფორმებს იღებს.
ჟურნალი "და ქალი"