ლოს-ანჯელესში "ოსკარის" რიგით 86-ე დაჯილდოების გრანდიოზული ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას ელენ დეჯენერესი უძღვებოდა. წითელ ხალიჩაზე ფოტოგრაფების წინაშე ჰოლივუდის ვარსკვლავები პოზირებდნენ.
ღონისძიებაზე ვარსკვლავური წყვილი, ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი ერთად მივიდნენ. ანჯელინამ ერთგულ შავ ფერზე წელს უარი თქვა. მსახიობმა არჩევანი ელი სააბის კაბაზე შეაჩერა. ვარსკვლავმა, კოლეგა ქალბატონებისგან განსხვავებით, კაბის სექსუალურ სილუეტს უპირატესობა არ მიანიჭა.
ახალგაზრდა მსახიობ ჯენიფერ ლოურენსს მოდელის პარამეტრები აქვს და რა გასაკვირია, რომ ნებისმიერ ღონისძიებაზე თამამი, ტანზე გამოკვეთილი კაბით პოზირებს. ლოურენსი მნიშვნელოვან ღონისძიებებზე ძალიან ნერვიულობს - დაჯილდოების დროს ხან კიბეზე ეცემა, ხან კაბა ეხევა და ხანაც ტექსტს ვერ კითხულობს. როდესაც "ოსკარზე" წითელი ხალიჩის ნახევარი გაიარა და ლამის ორგანიზატორებმა შვებით ამოისუნთქეს, რომ არ წაიქცა, სწორედ მაშინ უმტყუნა მაღალქუსლიანმა ფეხსაცმელმა და ფოტოგრაფებსაც წაქცეული ვარსკვლავი არ გამოჰპარვიათ.
ჯულია რობერტსის არჩევანი "ჟივენშის" კლასიკური შავი ფერის კაბა იყო, რომელსაც ყვავილების ფორმის მაქმანები ფარავდა. კაბას ღრმად ამოჭრილი დეკოლტე ჰქონდა, მაგრამ ზედმეტად ვულგარული რომ არ გამოჩენილიყო, ჭრილი ერთგვარი ბადეთი იყო შევსებული.
მომღერალი ლედი გაგა საზოგადოებას, როგორც წესი, ექსცენტრიკული საქციელითა და არაორდინარული
სტილის სამოსით ანებივრებს. ეპატაჟური მომღერალი გვიხილავს იასამნისფერი თმით შეკერილ სამოსში, ხორცის კაბაში, სპერმის ფორმის ქუდსა თუ მონაზვნის ანაფორაში, მაგრამ "ოსკარის" ცერემონიალზე ყველა გააოცა, როდესაც ქალური, დახვეწილი სტილი მოირგო.
სერიალ "შერლოკის" 37 წლის ვარსკვლავ ბენედიქტ კამბერბეჩის იუმორზე ჰოლივუდში უკვე ლეგენდები დადის და თითქმის ყველა იუმორისტული შოუს სასურველი სტუმარია. მას არც ამჯერად უღალატა მხიარულებამ და წითელ ხალიჩაზე ოფიციალურ ფოტოსესიაზე ყველანაირი სტანდარტი დაარღვია.
იხილეთ ფოტოგალერეა