ლონდონელმა ფოტოგრაფმა ბენ ჰოპერმა გამოაქვეყნა შოკისმომგვრელი ფოტოების სერია, სახელწოდებით "ბუნებრივი სილამაზე".
მოდელები შავ-თეთრ ფოტოებზე გაუპარსავი (თანაც, დიდი ხნის) იღლიებით პოზირებენ. ფოტოხელოვანის თქმით, არტ-პროექტის მიზანი იყო – თანამედროვე ბიუთი-ინდუსტრიისთვის პროტესტის გამოცხადება.
ბენ ჰოპერმა პროექტისთვის - "ბუნებრივი სილამაზე" ჯერ კიდევ 2007 წლიდან დაიწყო ფოტოების შეგროვება, იმ იმედით, რომ ამ ხნის განმავლობაში სილამაზის ინდუსტრიის წარმომადგენლები შეწყვეტენ ქალებისთვის "ტვინის ჭამას", რომელსაც რეგულარულად ეწევიან თავიანთი პროდუქციისთვის გაკეთებული სარეკლამო რგოლებით.
7 წლის შემდეგ ფოტოგრაფმა გამოაქვეყნა ეს ფოტოსესია საიტზე Huffington Post-ზე. პროექტში მონაწილეობდნენ ცნობილი მოდელები, მსახიობები, დიზაინერები და უბრალოდ, ჰოპერის მეგობრები, რომლებიც ბენის აზრს იზიარებდნენ და დიდი ხანია, საკუთარ სააბაზანოებში საპარსებისა და ანტიპერსპირანტების კვალიც კი აღარსად შეინიშნებოდა.
შოკისმომგვრელი ფოტოების ავტორი აღშფოთებულია იმით, რომ სილამაზის თანამედროვე კანონით, ქალი ვალდებულია, ჰქონდეს ზედმიწევნით პრიალა კანი. "მე გავიზარდე, როგორც ადამიანი და როგორც მხატვარი და გავაცნობიერე, რომ ძალიან მომწონს იღლიაში თმა", - ამბობს ფოტოგრაფი.
ბენ ჰოპერმა Huffington Post-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ზოგიერთ მოდელს გაუჭირდა ამ ბიუთი-ექსპერიმენტში მონაწილეობის მიღება. ერთ-ერთმა მათგანმა კი საერთოდაც უარი განაცხადა სესიაში მონაწილეობის მიღებაზე, რადგან ვერ შეძლო იღლიაში თმის გაზრდა.
"ამ ფოტოსესიის არსი იმაში მდგომარეობს, რომ დავანახოთ ადამიანებს კონტრასტი დღეს აქტუალურ ბიუთი-სტანდარტებსა და გაუპარსავი იღლიების არაესთეტიკურობას შორის. მინდოდა, კითხვის ნიშნის ქვეშ დამეყენებინა მომხიბვლელობის თანამედროვე სტანდარტები".
ახლა კი ცოტაოდენი ისტორია: ქალებმა იღლიების გაპარსვა გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან დაიწყეს, მაშინ, როცა კაბები უფრო მოხდილი გახდა. ამ დღიდან დაიწყო მსხვილმასშტაბური სარეკლამო კამპანია, რომელიც ამ ზონაში გაუპარსაობას უკიდურესად არაესთეტიკურს უწოდებდა – ასე დაიბადა მთელი ინდუსტრია, რომლისგან შემოსავალიც ქალურ კომპლექსებს ეფუძნებოდა.
ახლახან მადონამ Instagram-ზე დადო საკუთარი ფოტო, რომელსაც ასეთი პოსტი დაურთო: "გძელი თმა – მე არ მაღელვებს".
იმიჯით "ა-ლა-ნატურალ" თავის დროზე წითელ ხალიჩაზე წარსდგნენ ჯულია რობერტსი, ბრიტნი სპირსი და დრიუ ბერიმორი.
რატომღაც ბოლო დროს შოუბიზნესის წარმომადგენელი ლამაზმანები ერთხმად ალაპარაკდნენ სხეულზე გაზრდილი თმის შესახებ, რაზე საუბარიც ათეულობით წლების მანძილზე სირცხვილად მიიჩნეოდა.
ხან იყო და გვინეტ პელტროუმ გაამხილა, რომ დაქალები ხუმრობით "ბუჩქს" ეძახიან იმის გამო, რომ მსახიობს უყვარს გაუპარსავად სიარული; ხან კამერონ დიასი მოულოდნელად განაცხადებს ტელეშოუში, რომ ბიკინის ზონაში ლაზერული ეპილაციის წინააღმდეგია, ამ პროცედურამ ხომ შეიძლება, რომ საერთოდ გააქროს სხეულიდან თმა, მსახიობი კი ამაში სასიკეთოს ვერაფერს ხედავს.
დღეს მამაკაცურ მოდაშიც ტრენდად იქცა კარგად მოშვებული, ხშირი წვერი – მაგრამ შესაძლოა, ეს მოდა იმიტომაც დამკვიდრდა, რომ პლანეტის ძლიერ ნაწილს უბრალოდ, მობეზრდა სამართებლის გამოყენება და მისგან გაღიზიანებული კანის მოვლა.
თქვენ როგორ ფიქრობთ, გაუპარსავი იღლიები ბუნებრიობის ნიშანია თუ არაესთეტიკურობის?