მოდის ექსპერტი და ქალთა მოდური ჟურნალის, L’officel-ის რედაქტორი ეველინა ხრომჩენკო გვირჩევს, რა ნივთები უნდა ჰქონდეს ქალს გარდერობში.
1. ქაშმირის ქვიშისფერი პალტო, სასურველია "ორბორტიანი" და ცოტათი მამაკაცური სტილის
თუ ქაშმირი გეძვირებათ, შალით ან ტვიდით ჩაანაცვლეთ. "ორბორტიანი" პალტო ინგლისური სტილის მოდელია, რომელიც მოდიდან არასდროს გადავა. თუ ფერმა დაგაფიქრათ, თქვენთვის მისაღებ ფერზე (შავი, ლურჯი) შეარჩიეთ არჩევანი.
2. "ორბორტიანი" ქვიშისფერი (კრემისფერი, ღია ნაცრისფერი) ლაბადა
ლაბადა 1901 წელს ინგლისური არმიის სამხედროებისთვის შეიქნა და მას შემდეგ მოდიდან არ გადასულა. ლაბადა სხვადასხვა სიგრძის - წელიდან დაწყებული, წვივამდე - არსებობს. იგი ბიზნესლედისაც უხდება, რომანტიკულ მანდილოსანსაც და დიდი ოჯახის დიასახლისსაც.
3. ჯემპრი სამკუთხედი გულით
ასეთი ჯემპრი (ფერების არჩევანი თქვენთვის მოგვინდვია, მაგრამ გარდერობში თეთრი და შავი აუცილებლად უნდა გქონდეთ) ნებისმიერი ასაკისა და ფორმის ქალს უხდება. იგი ყელს უფრო მაღალს აჩენს და მკერდსაც გამოკვეთავს.
4. თეთრი პერანგი
იგი აუცილებლად უნდა გქონდეთ გარდერობში. როცა არ იცით, რა ჩაიცვათ, გნებავთ, ერთი ტონის ჭრელ შარვალთან, ქვედაკაბასთან ჩაიცვით. შავ შარვალსა და ქვედაკაბასთან კი კლასიკური სტილია. გახსოვდეთ, რომ თეთრი პერანგი არც ძალიან გამჭვირვალე უნდა იყოს და არც ზედმეტად დეკორირებული.
თუ თეთრ პერანგს შავი შარვალი (ქვედაკაბა) მიუსადაგეთ, აქსესუარებზე უარს ნუ იტყვით. ეს გამოაცოცხლებს საქმიან, მკაცრ სტილს. გამოიყენეთ კოლიე, ქამარი, ჩანთა.
5. თეთრი, შავი ან ნაცრისფერი სპორტული მაისური მოკლე მკლავით
6. თეთრი მაისური, ე.წ. მოკრივის მაისური
7. შავ-თეთრზოლიანი "მეზღვაურის" მაისური (მოკლესახელოიანი ანდა გრძელ და მიდი-სახელოიანი).
8. შავი კოსტიუმი
წელში გამოყვანილ კოსტიუმს ყველაფერს - ქვედაკაბასაც და შარვალსაც - შეუხამებთ. შეგიძლიათ ბროშით გააფორმოთ. ქსოვილის არჩევა (ველვეტი, ხავერდი თუ სხვა) თქვენთვის მოგვინდვია.
გახსოვდეთ, თუ კოსტიუმს შარვალთან იცვამთ, ეს უკანასკნელი უნდა ფარავდეს ქუსლს და არ უნდა იყოს ძალიან განიერი. ასე ფეხები უფრო გრძელი გამოგიჩნდებათ. მოკლეტოტიანი შარვალი შეგიძლიათ სპორტული ტიპის ფეხსაცმელთან ჩაიცვათ; საღამოს შეხვედრაზე - ე.წ. ნავებთან.
9. პატარა შავი კაბა
თუ გარდერობში შავი კაბა გიკიდიათ, საჭირბოროტო საკითხი - "რა ჩავიცვა?" დღის წესრიგიდან ამოვარდება. მას შავი კოლჰოტები და ქუსლიანი ფეხსაცმელი მოუხდება, რომელიც სილუეტს ვიზუალურად აამაღლებს. შავს ნებისმიერი ფერისა და მოყვანილობის აქსესუარი უხდება.
კლასიკა გნებავთ? - მარგალიტის მოკლე მძივი და მარგალიტისვე საყურეები, ე.წ. ლურსმნები გამოგადგებათ. გამოიყენეთ ფანტაზია, შეუხამეთ კაბას ფეხსაცმელი, შარფი, ჩანთა და ვერავინ მიხვდება, თუ ერთი და იგივე კაბა სხვადასხვა აქსესუარით რამდენჯერმე გეცვათ.
10. სწორი შავი ქვედაკაბა მუხლამდე
სასურველია შავი ფერის.
11. საღამოს გრძელი კაბა
თუ სამკუთხედგულიან კაბას ანიჭებთ უპირატესობას, იგი სილუეტს ვიზულარულად აგრძელებს. მას ღრმა დეკოლტეც მოუხდება და ზურგმოხსნილიც. გახსოვდეთ, ღრმა დეკოლტე და ფეხებთან ჩახსნილი კაბა ლამაზი ფეხებისა და მკერდის ქალს მოუხდება.
12. ერთტონიანი ჯინსი
ფორმას არა აქვს მნიშვნელობა, ჩაიცვით ის, რომელიც გიხდებათ, რომელიც კარგად გამოკვეთავს დუნდულებს, ფეხის სიგრძეს და იდეალურად გადგათ ტანზე.
13. მაღალყელიანი ჩექმა
ტყავისაც შეგიძლიათ შეიძინოთ და რეზინისაც. სასურველია შავი ან ყავისფერი. მას ნებისმიერ სამოსს შეუხამებთ, მაგრამ იდეალურია "ელასტიკზე", გალიფე შარვალსა და ტანზე მომდგარ კოსტიუმზე.
14. წვრილქუსლიანი ფეხსაცმელი
კრემისფერი ფეხსაცმელი თითქმის ყველანაირ სამოსს უხდება (განსაკუთრებით, ზაფხულში). შავი ლაქის - შავ შარვალსა და პატარა შავ კაბას.
15. "ბალეტკები"
იგი იდეალურად ესადაგება ნებისმიერი სტილის სამოსს. ფერებიდან უპირატესობა მიანიჭეთ ნაცრისფერს, შავს, ოქროსფერს, ვერცხლისფერს. მოდის ტენდენცია არ მოითხოვს, რომ "ბალეტკა" და ჩანთა ერთმანეთს ფერით ეხამებოდეს.
16. კედები
სასურველია თეთრი.
17. პატარა ხელჩანთა - ქლატჩი ან კონვერტი
ისეთი ზომის ჩანთა შეარჩიეთ (ფერების არჩევა თქვენზე მოგვინდვია), რომელშიც საჭირო ნივთებს მოათავსებთ და იგი უშნოდ არ გამოიბერება.
18. ჩანთა ჯაჭვზე, საშუალო წიგნის ზომის ხელა
19. დიდი, საზღვაო ჩანთა
მისი ტარება ქალაქშიც შეგიძლიათ. მთავარია, ეხამებოდეს ფეხსაცმელსა და სარაფანს.
20. მზის სათვალე
ისეთი ფორმის შეარჩიეთ, რომელიც თქვენს სახეს უხდება.
21. საათი
ახლა მამაკაცური სტილის საათებია მოდაში. თუ ასეთი მოგწონთ, ნება თქვენია, მაგრამ მას ჰაეროვან კაბასა და ქუსლიან საღამოს ფეხსაცმელზე ვერ გაიკეთებთ.
22. მარგალიტის მძივი
თუ ქალს საკუთარი სტილისა და დახვეწილობის დემონსტრირება სურს, მარგალიტის საშუალო ზომის მძივი უნდა ატაროს. სამოსიც შესაფერისი უნდა ეცვას, რა თქმა უნდა!
23. შარფი
ნებისმიერი ზომის, ფორმის, ფერის. მთავარია, უხდებოდეს სამოსს და შესაფერისი იყოს კონკრეტულ სიტუაციაში.
24. საყურე
იმავეს თქმა შეიძლება, რაც შარფზე. მთავარია, სამოსს ეხამებოდეს.
25. განიერი შავი, ტყავის ქამარი
იგი ნებისმიერ სამოსს განუმეორებელს გახდის.