უდავოა, რომ ქალებს მაკიაჟი თავდაჯერებულობას გვმატებს, იგი ხაზს უსვამს ჩვენი ნაკვთების დადებით შტრიხებს და უფრო შესამჩნევს ხდის მათ.
სწორი ვიზაჟით ნაკლოვანებების დაფარვა და შესწორებაც კი შეგვიძლია. მაკიაჟი ჩვენი "ჯადოსნური ჯოხია". საქართველოში ( და არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, უცხოეთშიც) მამაკაცების აზრი მაკიაჟზე ორად იყოფა: ზოგი ფიქრობს, რომ იგი სასურველია (ზოგჯერ კი აუცილებელიც), დანარჩენები გვთხოვენ, მოვერიდოთ, რადგან ბუნებრიობას ამჯობინებენ.
ქართველ ვაჟკაცებს თავი მოაქვთ შემდეგი ფრაზებით: "გაშპაკლული აქვს სახე", "ტონა ტონალური ადევს", "წაითხიპნებიან და ვერ იცნობ".
სწორედ მათი ენამწარე გამოთქმები აკომპლექსებს ან გულს სტკენს ქალბატონებს. ნუ დაგვავიწყდება, რომ მსოფლიოს ცნობილი სახეები სწორედ რომ მაკიაჟის დახმარებით ჩანან ბრწყინვალეები. "ჯადოსნური ჯოხის" მოქნევით აფართოებენ თაყვანისმცემლების ჯგუფს.
თავს უფლებას მივცემ და ცალკე გამოვყოფ ქართველ "ვარსკვლავებს".
ყველა ჩვენგანმა იცის, რომ უნაკლო ადამიანი არ არსებობს. ჩვენ, ქალები, თვითრეალიზაციის, კმაყოფილების შეგრძნებისა და მამაკაცების მოხიბვლისთვის პატარ-პატარა ეშმაკობებს მივმართავთ ხოლმე, ვიყენებთ "ჯადოსნურ ჯოხს", მაღალქუსლიან ფეხსაცმელს, ლიფში ჩასადებ სილიკონს და ა.შ.
ქალბატონები, რომლებსაც ტელევიზორში ვუყურებთ და ინტერნეტსივრცეში ვხედავთ, ჩვენსავით ჩვეულებრივი პიროვნებები არიან, პრობლემებით, სისუსტეებით, სიმსუქნისკენ მიდრეკილებით ან გემრიელი ჭამის სიყვარულით. მათ, უბრალოდ, მიზანი დაისახეს და ამის მისაღწევად არაფერზე დაიხიეს უკან.
"არ არსებობს შეუხედავი ქალი, არსებობენ მოვლილი და მოუვლელი ქალები." – ამბობდა კოკო შანელი.
მამაკაცებს ჰგონიათ, რომ ერთი ქალი არასდროს აღიარებს მეორეს მშვენიერებას, რაც, რა თქმა უნდა, ტყუილია. მომხიბვლელობისა და სექსუალურობის შეფასების მაღალი კრიტერიუმი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ვინმესი გვშურს. ვფიქრობ, უმეტესობა ვთანხმდებით, რომ შური შინაგან სამყაროს ანგრევს და, რამდენად უცნაურიც უნდა იყოს, გარეგნობაზეც აისახება.
თუ მოგვწონს, როგორ გამოიყურებიან ვარსკვლავები, შეგვიძლია, ჩვენც მივხედოთ თავს, მოვუაროთ თმას, ფრჩხილებს, კანს, სწორად გავიკეთოთ მაკიაჟი (ჩვენი ჟურნალი საჭირო რჩევების მოცემასა და თქვენს დახმარებას ემსახურება).
ქართველი ქალები ხშირად წუწუნებენ, რომ ამ ფუფუნებისთვის დრო და შესაძლებლობა არ აქვთ, რაც მართალია: ძნელია, მოაწესრიგო საოჯახო საქმეები, მოუარო ქმარს, აღზარდო შვილები (და თან იმუშაო), ერთმანეთს შეუთავსო ცოლობა, დედობა, პროფესიონალიზმი.
საკუთარი თავისთვის დროის გამოყოფა ზუსტად ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ოჯახის წევრებისთვისა და სამსახურისთვის. თქვენს ქმარს (შეყვარებულს) გვერდით მომხიბვლელი პარტნიორი სურს (გაიხსენეთ, როგორ იპრანჭებოდით მასთან შეხვედრისას ადრე), რომელიც მიიზიდავს, დააინტერესებს, ვნებას აღუძრავს; შვილისთვის არაფერია იმაზე სასიამოვნო, როცა დედას ლაღსა და ლამაზს ხედავს, მშობლის შემხედვარე ამაღლებული განწყობა მასაც ეუფლება. ფორმაში ყოფნა საკუთარი თავის პატივისცემაა. იმისათვის, რომ სხვამ დაგვაფასოს, ჯერ თავად უნდა ვცეთ პატივი საკუთარ თავს.
თათული ღვინიანიძე
ჟურნალი "...და ქალი" (ნოემბრის ნომერი)