ფასდაკლებების დროს უამრავ სამოსს ვყიდულობთ, მაგრამ მომავალ სეზონზე ისინი მოდიდან გადადიან და მათი გაჩუქება გვიწევს.
ქალის გარდერობში უნდა იყოს 8 ნივთი, რომელიც არასდროს გადავა მოდიდან და ყოველ წელს აქტუალური იქნება.
1. ჯინსი არასდროს "დაბერდება" - მთავარია, შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი ფასონის შარვალი. მოტკეცილი ჯინსი გამხდარს გამოგაჩენთ. იგი ჩექმასაც უხდება და ბოტასსაც. ხოლო თუ ფეხსაცმელთან ჩაიცვამთ და ჯინსს შესაფერის ბლუზას შეუხამებთ, წვეულებაზეც შეგიძლიათ წახვიდეთ.
2. ქაშმირის სვიტერი - მართალია იაფი არ ღირს, მაგრამ წლები მოგემსახურებათ. შეგიძლიათ შალის თხელი მრგვალგულიან ან სამკუთხედგულიანი ჯემპერით ჩაანაცვლოთ. შეარჩიეთ სასურველი ფერის. გააფორმეთ ან ბროშით, ან შარფით. გახსოვდეთ შალისა და ქაშმირის სამოსი თბილ წყალში, ხელით უნდა გარეცხოთ და სასურველია შამპუნით.
3. ტყავის ქურთუკი - ყველა ქალს უნდა ჰქონდეს გარდერობში ტყავის სამოსი. ეს შეიძლება იყოს კლასიკური ფასონის, ელვაშესაკრავიანი სპორტული ქურთუკი, ტყავის პიჯაკი, ან ლაბადა. ტყავის ქურთუკი კარგად ეხამება ტვიდის, ველვეტის ან ჯინსის შარვალს. აგრეთვე მინი ქვედაკაბას.
4. მაღალყელიანი ტყავის ჩექმა - ელეგანტურად ეხამება მინი ქვედაკაბას, მოკლეტოტიან შარვალს. ჩექმაში ჩატანებული ჯინსი კი მუდამ აქტუალურია.
5. ტყავის ჩანთა - ნუ დახარჯავთ ფულს იაფფასიან, ყოველდღიურ ჩანთებზე. "შეიძინეთ ერთი და ხარისხიანი" - ეს ფრაზა ალბათ ხშირად გსმენიათ და იგი ჩანთასაც ეხება. ტყავის ჩანთა ისეთი სტილის შეარჩიეთ, რომ სამსახურშიც ატაროთ, წვეულებაზეც და სასეირნოდაც. იგი 10 წელი გემსახურებათ და მისი გადაგდება დაგენანებათ.
6. მოკლე ლაბადა - გაზაფხულსა და ზაფხულზე თქვენი დამცველი გახდება. თუ სამოსსაც იდეალურად შეუხამებთ, მოხდენილ და სექსუალ ქალად გაქცევთ. ეს კლასიკური სამოსი მუდამ აქტუალური იქნება და მოდიდან არასდროს გადავა. შეგიძლიათ მაღალყელიან ჩექმას და მოკლე კაბას ან დაბალანჩიან ფეხსაცმელსა და შარვალს შეუხამოთ. გაამარავალფეროვნეთ შარფით, ქამრით ან ბროშით.
7. ფეხსაცმელი - დიზაინერები ხშირად გვანებივრებენ ფეხსაცმლის ახალ-ახალი ფასონით, მაგრამ თუ კარგად დააკვირდებით, კლასიკური ფეხსაცმელი მოდიდან არასდროს გადავა. იგივე ტყავის ქუსლიანი "ნავები" ავიღოთ. არ არსებობს სამოსი, რომელიც მას არ მოუხდეს. თანაც, იგი ფეხს უფრო მოხდენილსა და გრძელს აჩენს.
8. კარდიგანი (გრძელი, ნაქსოვი ჟაკეტი) - იგი თქვენს გარდერობში შეუცვლელი სამოსი გახდება. ან თანამედროვე ვარიანტი აირჩიეთ, ან კლასიკური. კაბასაც იდეალურად უხდება და შარვალსაც. თავად კი შარფით ან ბროშით გააფორმეთ.