წინასაახალწლო პერიოდი ქალებისგან განსაკუთრებულ ენერგიასა და გამძლეობას მოითხოვს. ეს ის პერიოდია, როდესაც მათი გონება (და კუნთები) 31 დეკემბრის 12:00 საათამდე წარმოუდგენლად დაძაბულ რეჟიმში მუშაობს.
ქალები ადგენენ საყიდლების უშველებელ სიას, ყიდულობენ პროდუქტს, საჩუქრებს, მერე ამზადებენ, ამზადებენ, ამზადებენ... პარალელურად, ალაგებენ სახლს, რთავენ ნაძვის ხეს, ფუთავენ საჩუქრებს, უვლიან შვილებს, ქმარს (თუ ჰყავთ - შინაურ ცხოველსაც) და ბოლო წუთებში ასწრებენ ტანსაცმლის გამოცვლასა და თავის მოწესრიგებას...
ეს არც ისე ადვილია! პირველ რიგში, ქალებმა საკუთარ სურვილებსა და აუხდენელ ოცნებებზე უნდა იფიქრონ. მათ ხომ უამრავი რამ სჭირდებათ? როდესაც პარტნიორი მამაკაცი ვერ ხვდება, რა სურს მის საყვარელ ქალს, მაშინ წერილი სანტას უნდა მისწეროთ და არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეიზღუდოთ ფანტაზიაში. სანტა ხომ უბრალო პაპა არ არის? ის ჯადოსნურია და ყველაზე წარმოუდგენელი საჩუქრების შოვნაც კი არ გაუჭირდება.
- რა ვთხოვოთ სანტას? წარმოგიდგენთ მცირე ჩამონათვალს იმ ნივთებისა, რომლებიც ჯერ არ გამოუგონიათ, მაგრამ ყველა ქალს ჰაერივით სჭირდება!
1. საფულე-ბლოკირატორი
ეს არის პატარა საფულე ხელოვნური ინტელექტით, რომელსაც თავად შეუძლია ყოველდღიური ბიუჯეტის გამოთვლა და აქვს ხარჯვის რეგულატორი. იმ შემთხვევაში, თუ ზედმეტის დახარჯვას დააპირებთ, საფულე-ბლოკირატორი იწყებს ხელებზე კბენას და ხმამაღალ ყვირილს: - "ახლავე თავის ადგილზე დააბრუნე! შეჩერდი!" ან, უბრალოდ, აღარ გაიხსნება!
2. ანტისულელური გამჩუმებელი
ეს სპეციალური მიკროჩიპი დაიჭერს ტვინის სიხშირეებს, რომელიც რაღაც სისულელის გაკეთებას ან თქმას "გიპირებთ" და მომენტალურად შეაჩერებს მას. მაგალითად, რაღაცაზე გაბრაზებული აპირებთ რომელიმე დაწესებულების უფროსს დაუყვიროთ: - "მე შენ გიჩივლებ, დეგენერატო კაცო!" სანამ ამ სიტყვებს წარმოთქვამდეთ, მიკროჩიპი სამეტყველო ორგანოს დაბლოკავს და ტვინში ინფორმაციას გააგზავნის: "მოკეტე, სულელო! ეს კაცი არ არის, ეს ულამაზო ქალია!"
3. ალკო-გამლამაზებელი
ეს ყველაზე საჭირო რამაა! ეს სპეციალური მოწყობილობაა, რომელიც მოქმედების გაძლიერებას ალკოჰოლური სასმლის დოზების მომატების შესაბამისად იწყებს. რაც უფრო ბევრს დალევს ქალი, ალკო-გამლამაზებელი მით უფრო დაამშვენებს და გაალამაზებს მას! წარმოიდგინეთ! სახედაკარგული მთვრალი ქალების ფონზე ზის ლამაზი ქალი, ჭკვიანურად საუბრობს და დროდადრო ციტატებსაც იშველიებს...
4. დილის ანტიბაყაყინი
დილაობით ყველა ქალი სევდიანად უყურებს სარკეში მოწყენილ და შეშუპებულსახიან გამოსახულებას. მათ აუცილებლად ესაჭიროებათ დილის ანტიბაყაყინი, რომელიც მომენტალურად დააცხრობს შეშუპებას და მზეთუნახავად აქცევს მას.
5. უხილავი ჩაფხუტი
ვიღაც ყოველთვის ცდილობს, თანამედროვე ქალს გაუნადგუროს ტვინი - კოლეგები, დაქალები, კლიენტები, მამაკაცები, ტელევიზორი... დაიხურავთ უხილავ ჩაფხუტს და წახვალთ თათბირზე. უფროსი ყველა თანამშრომელს ტვინს უჭამს, თქვენ კი ზიხართ მშვიდად, მანიკიურით ტკბებით ან ტანსაცმელს ბურძგლებს აცლით...
წინასაახალწლო პერიოდში ათასჯერ უფრო გამაღიზიანებელია მამაკაცებისგან საყვედურების მოსმენა და მათი წუწუნის ატანა. გამოსავალი ყოველთვის არსებობს! თუ თქვენი მეუღლე (ან შეყვარებული) გეწუწუნებათ და თქვენი ხასიათი არ მოსწონს, მაშინ შეუძლია თქვენ ნაცვლად - ნაძვის ხე ჰყავდეს...
ალბათ, გაგიკვირდებათ, რა შუაშია აქ ნაძვის ხე... თუ მასაც იგივენაირად გაუკვირდება, შეგიძლიათ ჩამოუთვალოთ ათი მიზეზი, თუ რატომ სჯობს ქალს ნაძვის ხე:
1. ნაძვის ხეს არ აღელვებს, რამდენი ნაძვის ხე გქონდათ მანამდე.
2. შეგიძლიათ შეეხოთ, ხელით მოსინჯოთ ნაძვის ხე, სანამ სახლში წაიღებდეთ მას.
3. თქვენ ასევე შეგიძლიათ დააბათ ნაძვის ხე, მანქანის უკანა სავარძელზე დააგდოთ და ასეთ მდგომარეობაში ატაროთ.
4. ნაძვის ხე წყნარად და მშვიდად ხვდება იმ ფაქტს, რომ თქვენ მთელი დღე ფეხბურთს უყურებთ.
5. ნაძვის ხე არ გაბრაზდებათ, თუ თქვენ მის რომელიმე სამკაულს გატეხავთ.
6. ის არ გამოთქვამს უკმაყოფილებას, თუ ეგზოტიკურ ელექტრომოწყობილობებს გამოიყენებთ.
7. თქვენ შეგიძლიათ მშვიდად შეიხედოთ ნებისმიერი ნაძვის ხის ქვეშ და არ გეშინოდეთ შედეგის...
8. ნაძვის ხე არ ეჭვიანობს სხვა ნაძვის ხეებზე.
9. მას საერთოდ არ აღელვებს ის, რომ თქვენ კარადაში ხელოვნური ნაძვის ხე გაქვთ!
10. როდესაც აღარ დაგჭირდებათ ნაძვის ხე, თქვენ შეგიძლიათ, უბრალოდ, მოისროლოთ ის.
ბედნიერ 2016 წელს გისურვებთ!
თეა ინასარიძე