გუშინ სიდედრებისა და დედამთილების საერთაშორისო დღე ყოფილა. ვინც ეს დღე დააწესა, კაი ხუმარა ვინმე უნდა იყოს.
სიდედრები და დედამთილები მარტო საქართველოში კი არა, მთელ მსოფლიოში არ უყვართ, მაგრამ ჩვენთან მაინც სულ სხვაა...
დავიწყოთ სიდედრებით: კაცები მაგრად იბოღმებიან მათზე და აშკარად რომ ვერაფერს უხერხებენ, ანეკდოტებს უგონებენ. ამ ანეკდოტებში სიდედრებს დებენ კუბოებში, მიწაში, წამლავენ, ენას აჭრიან, კუდიანებს და გველებს ადარებენ და ამით იოხებენ გასიებულ გულს. ამ დროს ძლიერი სქესის წარმომადგენლები ძალიან სასაცილოები და საყვარლები არიან, ბავშვებს ჰგვანან! )
ქალები? - ქალები, როგორც ყოველთვის, გაცილებით პრაქტიკულები ვართ და ლაპარაკთან ერთად საქმესაც არ ვაკლებთ! ანეკდოტები რა მოსატანია, როცა შეგვიძლია ერთი მარტივი სვლითაც კი გავაუვნებელვყოთ მოწინააღმდეგე! აი, მაგალითად: ქმარი არ ჭამდა დედის გაკეთებულ სუპებს იმის გამო, რომ წვნიანში ხახვები ნავებივით დაცურავდა, მაგრამ ჭამს ჩვენს გაკეთებულს იმიტომ, რომ ჩვენ ხახვს ვუბლენდერებთ! - და დედამთილიც "განადგურებულია"!
არ მეგულება ქალი, რომელსაც დედამთილზე ერთხელ მაინც არ ეჭორაოს. ზოგს ეს სულიერ მოთხოვნილებად აქვს ქცეული და ლამის ყველასთან თავისი დედამთილის "გოიმობაზე", სიძუნწეზე, სიხარბესა და შურიანობაზე ლაპარაკობს. ადვილი წარმოსადგენია, რომ ამ დროს მეორე მხარეც არ აკლებს!
მე თითქმის დაუჯერებელი ისტორიები მაქვს მოსმენილი დედამთილებზე. მაგ: პირობითად, ვინმე მარიკას დედამთილი ცდილობდა, შვილი ცოლისთვის დაეშორებინა და ამ მიზნით ვიღაც კაციც კი დაიქირავა, რომ მისი რძალი შეეცდინა... ლიკას დედამთილი რძალს და შვილს საძინებელში უთვალთვალებდა... ნათიას დედამთილი ღამღამობით ამოწმებდა, მის შვილს საბანი ხომ კარგად ეფარა და დილაობით საკუთარი ხელით აცმევდა... სოფოს დედამთილს აღიზიანებდა, როცა ცოლ-ქმარი ერთმანეთის მიმართ სითბოს გამოხატავდა და ა.შ.
თუმცა, კარგი დედამთილებიც არსებობენ! დიახ, მართალია, ისინი უმცირესობაში არიან, მაგრამ მაინც ხომ არსებობენ!
კარგი დედამთილი: ალაგებს სახლს, რეცხავს სარეცხს, აკეთებს სადილს, უვლის ბავშვებს და რაც ყველაზე მთავარია: არ ერევა ჩვენს (შვილისა და რძლის) საქმეებში: არ კითხულობს, სად მივდივართ, როდის მოვალთ, რატომ ვართ ცუდ ხასიათზე, უსიტყვოდ გაგვეცლება, როცა ვჩხუბობთ და ერთ სიტყვასაც არ იტყვის შვილის დასაცავად!
ცუდი დედამთილი: ზის გაფხორილი მისაღებ ოთახში და გაკვირდება, პიანინოზე მტვერი გადაწმინდე თუ არა, აღრიცხავს, რამდენ წუთს ლაპარაკობ ტელეფონზე, რამდენ საათს ატარებ "ფეისბუქში", რამდენჯერ გავარდი დაქალებთან კაფეში, ბოლოს როდის გააკეთე სადილი, რამდენი დახარჯე კოსმეტიკასა და ტანსაცმელში, გაუწმინდე თუ არა ქმარს ფეხსაცმელი, რამდენჯერ შეუბღვირე, რამდენჯერ გაუცინე, ბავშვებს ბოლოს როდის აჭამე წვნიანი (წვნიანი სასარგებლოა!) და ა.შ.
აქვე მინდოდა, ცუდი და კარგი სიდედრიც დამეხასიათებინა, მაგრამ... კარგი სიდედრი, კაცების აზრით, უბრალოდ, ბუნებაში არ არსებობს! ცუდ სიდედრს კი რა დახასიათება უნდა?! - რომ არსებობს, ეს უკვე ცუდია!