ოდესმე გიფიქრიათ გრძნობების ფერებით გადმოცემაზე? მე მიყვარს ფერებით ფიქრი… იცით, რა ფერია სევდა? ხომ გინახავთ ნისლი? რძისფერს რომ იტყვიან, ისეთი კი არა, არამედ რუხი, მდინარის ქაფისგან დასველებული ქვიშისფერი... - აი, ეს არის სევდისფერი.
გიფიქრიათ, რა ფერია დარდი? – დარდი სულაც არ არის შავი. ასე რომ ყოფილიყო, სამგლოვიარო სამოსად მხოლოდ შავს აირჩევდნენ მსოფლიოს ხალხები... მე ვფიქრობ, რომ დარდი სულ მთლად უფეროა!.. და ამიტომაა მისი გადმოცემა ასე ძნელი... ის, რაც რთულად გამოიხატება, შიგნით ღრმად ილექება და გროვდება. ამიტომაც მგონია, რომ დარდიანი თვალები კიდევ უფრო ღრმა ჩანან...
მახსოვს შემთხვევა - ვდარდობდი... ამ დროს უღონო მოთენთილობა მიპყრობს ხოლმე და სულ მეძინება. ეს, ალბათ, გატანჯული სხეულის თავდაცვის თანდაყოლილი ინსტინქტია. რომ არ დამძინებოდა, ფანჯარასთან მივედი. ადრეული გაზაფხული იდგა, გარეთ მზე ღია ყვითლად ღუოდა, ისე ღია ყვითლად, როგორც მინდვრის გვირილის გადაღეღილი გული. ფოთლები ეს-ესაა გამოეღოთ ხეებს - ქალაქში ხომ დაგვიანებით შემოდის გაზაფხული!. ეს ყველაფერი მახსოვდა... მაგრამ ფანჯარასთან მისულმა გაზაფხულის ფერები ვ ე რ დავინახე!!! ჩემს ბრდღვიალა, ღია ყვითელ მზეს ფერი დაეკარგა... ისე, როგორც ანემიით ღონემიხდილ ავადმყოფს და სულ მთლად უფერო, უსიცოცხლო და უემოციო გამხდარიყო... თითქოს, სინათლე გარდაიცვალა! გარდაიცვალა უ-ფერობაში... წუთით მეგონა, დავბრმავდი!.. და ეს შეგრძნება ისეთი მტკივნეული და ხილული აღმოჩნდა, სხეულში დავლილი მისი ცივი ელვა დღესაც მძაფრად მახსოვს....
არ ვიცი, სიცოცხლის წყურვილი გრძნობაა თუ არა, მაგრამ ჩემთვის ის მწვანეა – მუდამ ახალი, ნორჩი და წმინდა... ისეთი სუფთა, როგორც ახლად გამოღვიძებული ბავშვის კრიალა თვალები. ასე მგონია, რაც არ უნდა ჩაიკეტოს და დამჭლევდეს სული, სიცოცხლის სურვილი მაინც ახალი ძალით ამოხეთქავს და შეავსებს მის მდუმარე სიცარიელეს... მიყვარს სიცოცხლე!
სინაზეს ვარდისფერი თავად მოაქვს ჩემთან – ალბათ, ამიტომაც არჩევენ მშობლები ახალშობილი გოგონასთვის ვარდისფერ სამოსს... გოგონას ამშვენებსო – ჩვენ გვიყვარს ტრადიციები და, მით უმეტეს, ტრადიციული სტერეოტიპები...
არ ვიცი, ვინ მოიფიქრა და სიყვარულის ფრად წითელი აირჩია...
არც ის ვიცი, რატომ მაინცდამაინც წითელი... ანთებული გრძნობის აღსანიშნავად ალისფერიც ხომ გამოდგებოდა?! ის ხომ ასე ახლოა ცეცხლთან, ცეცხლი კი გრძნობასთან... მაგრამ მე თუ მკითხავთ, სიყვარულიც ისეთივე მრავალფერია, როგორიც ნაწვიმარი ცისა და დაორთქლილი დედამიწის ხიდი – ცისარტყელა... იმიტომ, რომ რამდენი სულიც დაიარება ამ მიწის ზურგზე, იმდენი სიყვარულის ფერი დააქვს გულით...
აი, დედაშვილური სიყვარული კი მუქი შინდისფერი მგონია – ერთგულებით, ზრუნვითა და განცდით შედედებული სისხლისფერი... აქ მარტო სიხარული და აღტაცება კი არა, ბევრი ტკივილი და დარდია, ამიტომაცაა ერთ ჩამუქებულ-ჩატკეპნილ განცდად შეგროვილი, დაგუბებული...
მეგობრობა იისფერია – მონათესავე სულების, თითქოს, სულ სხვა განზომილებაში განფენილი ნათება. თავისი ბუნებით იმდენად ტევადი და ყოვლისმომცველი, უხვსიტყვაობა მხოლოდ გააფუჭებს მასთან დაკავშირებულ ჩვენს, თუნდაც, მდიდარ წარმოსახვას. ამიტომ მეტს არ ვიტყვი...
იცით, რა ფერია მონატრება? – მონატრება ნარინჯისფერია, ნედლი და წვნიანი, მძაფრი სურნელით გაჟღენთილი. მისი მოტკბო-მომჟავო არომატით დიდხანს გაჟრჟოლებს, სულ მოუსვენრობისა და ფორიაქის მდგომარეობაში იმყოფები. და როგორც მსუქანა ფორთოხლის ჩაკბეჩას გრძნობ, ზუსტად ასევე გენატრება – ერთდროულად ტკბილი სიამოვნებისა და მსუბუქი გაღიზიანების შეგრძნებით...
ოცნება? – ჰო, ალბათ, ცისფერია. მხოლოდ, ზოგიერთ სულს ის იმდენად განსაზღვრული და ჩამოყალიბებული აქვს, უკვე სილურჯე ეპარება – კონკრეტული საზომითა და მოცულობით. თუმცა, ეს უფრო სურვილს ან მიზანს ჰგავს... ოცნება ნაკლებად იზიარებს პრაგმატულობის აუცილებლობას... ამიტომ, რასაკვირველია, ცისფერი უფრო ლამაზია, უფრო ჰაეროვანი, ლაღი, თავისუფალი და კონტურებს მოკლებული. ამიტომაცაა იგი უსაზღვრო...