დიდი ხნის წინათ ვიცნობდი ადამიანს, რომელიც ჩემს მეხსიერებას სამუდამოდ შემორჩა მისი ერთი განსაკუთრებული თვისების გამო, რომელიც მის გარდა არავისთვის შემიმჩნევია...
თუმცა, ამაზე ცოტა ქვემოთ... ვინ იყო იგი? - ქალი, დედა, დიასახლისი, მეზობელი, ნათესავი, დეიდა, მამიდა.... და ათასი რამ, რაც ქართულ ტრადიციულ კულტურაშია მიღებული. ადამიანი - უბრალო ყოფით და უპრეტენზიო მომავლით... ერთგული ცოლი, მზრუნველი დედა, მშრომელი და მეოჯახე, უღიმღამო ცხოვრების წესით, უფერული სიცოცხლით, უუფლებო და იმდენად იგნორირებული , რომ მის არსებობას ზოგჯერ ვერც კი ამჩნევდნენ ოჯახის "სრულუფლებიანი" წევრები: ქმარი, შვილები, დედამთილი, მამამთილი, მული, მულის შვილები... მაგრამ ამჩნევდნენ მეზობლები. ისინი ერთგვარი გაღიზიანებითაც კი ცდილობდნენ მის "გამოფხიზლებას" , მაგრამ პასუხად აწყდებოდნენ სწორედ იმ თვისებას, რის გამოც დავიწყე - ეს იყო პრობლემის სრული იგნორირება, ძალად არ შემჩნევა, გამორიცხვა... - არ ვიცი ამას რა შეიძლება დაარქვას კაცმა.
გარედან ისე ჩანდა, რომ ამ ადამიანს, თითქოსდა, ჰქონდა საკუთარი, მკაცრად შემოსაზღვრული და საიმედოდ ჩაკეტილი სამყარო, რომელშიც უშვებდა მხოლოდ პოზიტიურს, კარგს, ნათელს... იგი სრული გულგრილობით "არ ისმენდა" ქმრის საჯარო დამცირებას !!! ამ დროს ხშირად ღიღინებდა კიდეც (?). არ იმჩნევდა შვილების აგდებულ დამოკიდებულებას, მეზობლების ქირქილს... თითქოს, ისხლეტდა ნეგატიურს და ცდილობდა თავი აერიდებინა ან სულაც, დაეცვა... და ცხოვრობდა ისე, როგორც ცხოვრობდა: უშფოთველად, ოღონდ ეს ერთი შეხედვით!...
ჩემს ერთ მეგობარს უყვარდა გამოთქმა: "ყველამ თავის ჭიქაში ითევზაოს!", რაც ყოფით ენაზე "ყველამ თავის საქმეს მიხედოს" ნიშნავს. ჰოდა, ამ შემთხვევაში "ჭიქა" ამ ქალისთვის ის სამყარო იყო, რომელიც, ალბათ, თითოეულ ჩვენგანს აქვს თავის გადარჩენისა თუ თვითრეალიზაციისთვის შექმნილი... თავისი ხანმოკლე და უღიმღამო ცხოვრების მანძილზე თავად ხომ სულ საკუთარ "ჭიქაში თევზაობდა", სხვასაც არაფერს უშლიდა... ოღონდ ეგ არის, ხშირად მინახავს გარინდებული, ფიქრებით შორს წასული და ისეთ მდგომარეობაში, "აქ არ არისო" რომ ეძახიან...
...და ერთ მშვენიერ დღეს, როცა აღარ იყო, სულ წავიდა, მთლიანად, საკუთარი უცნაური სამყაროთი... თითქოს, გაქრა, ანდა ისევ საკუთარ ჩაკეტილ წრეში დაიმალა... და ასევე უბრალოდ დაივიწყა ყველამ: ქმარმა, შვილებმა, დედამთილ-მამამთილმა, მულმა, მულის შვილებმა და მეზობლებმა...