ალბათ, ყველას გახსოვთ თანამედროვე ქართული ფილმი "ჭამა და სექსი", რომელიც სახელწოდებიდან გამომდინარე, დამაინტრიგებელი და სიამოვნებით საცქერი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ისიც ამ ახალმოდური "კინოების" მსგავსად, ბანალური და ერთფეროვანი გამოვიდა.
პირადად მე რაც მომეწონა, ეს სათაურია, მიგნება, რომელიც ხაზს უსვამს კაცობრიობისთვის ერთ-ერთ უდავო ჭეშმარიტებას, რომ ჭამაც და სექსიც ადამიანთა მოდგმისთვის სასიამოვნო პროცესი უნდა იყოს. პრინციპში - საჭიროც...
მაგრამ ყოველთვის ასე არ ხდება… და როგორც ერთნაირი საკვების მიღება ბეზრდება ადამიანს, დაახლოებით ასევე ბეზრდება სექსიც ერთსა და იმავე პარტნიორთან და ამ შემთხვევაში ნაკლები მნიშვნელობა აქვს, უყვარს თუ არა… სიყვარული სულიერ საჭიროებებზე დაფუძნებული ურთიერთობაა და მას ცარიელ სექსთან შედარებით დიდი უპირატესობა აქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ხშირად საყვარელი კერძებიც ბეზრდებათ, შესაბამისად, უფერულდება ის შეგრძნებებიც, რასაც საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის დასაწყისში განიცდიან... ალბათ, არსებობენ ისეთებიც, რომლებსაც საერთოდ არ ბეზრდებათ, ან ძალიან ძნელად ბეზრდებათ, მაგრამ სიმართლე გითხრათ, მე ამის ნაკლებად მჯერა...
წარმოიდგინეთ, რომ ყოველდღე სადილად შემწვარ კარტოფილს მიირთმევთ. რასაკვირველია, თქვენ გიჟდებით შემწვარ კარტოფილზე, დასაწყისში აფანატებთ კიდეც, მაგრამ თანდათან ხვდებით, რომ თუ რაღაც არ დაუმატეთ, ძველი გატაცებით ვეღარ ჭამთ. უმატებთ კეტჩუპს, შემდეგ ტყემალს, პილპილს, მწნილს, ბოსტნეულის სალათასაც, მაგრამ რა უბედურებაა! - "ნუთუ შეწვა აკლია, თუ უხარისხო პროდუქტი ავირჩიე?! ხომ მიყვარდა?! - ვგიჟდებოდი!.."
არადა, საწყალი კარტოფილი არაფერ შუაშია: ის ისეთივე გემრიელი, ხრაშუნა და მადისაღმძვრელია, როგორც უწინ, მაგრამ უკვე არა თქვენთვის, შესაძლოა, ვიღაც სხვისთვის, უცხოსთვის... რომელსაც ჯერ არ გაუსინჯავს, ან დიდი ხანია აღარ გაუსინჯავს, ან თქვენი თეფშიდან არ გაუსინჯავს... ))))))))))
როგორ იქცევით ამ დროს? - დროებით ტოვებთ, თავს ანებებთ მის ჭამას, თუ "დიდსულოვნად" სხვას უთმობთ, რომელიც, იქნებ სულაც არ არის თქვენზე უკეთესი გურმანი, მაგრამ ამ შემთხვევაში საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდა?! - იცოდეთ, დატოვებული შემწვარი კარტოფილის მოსურნე და მოყვარული ყოველთვის გამოჩნდება...
თუ მოთმინება, ჭკუა და ტაქტი აღმოგაჩნდებათ, უბრალოდ, რეცეპტს ძირფესვიანად შეცვლით და მიირთმევთ არა ძველებურად ყოველთვის სამზარეულოს მაგიდასთან, თეფშიდან, არამედ პიკნიკზე, ულამაზესი ბუნების წიაღში, ან მყუდრო კაფეს სასიამოვნო გარემოში, ან სპეციალურად დაჯავშნილ სასტუმროს ნომერში, ანდა ახლომდებარე ტბის პირას... სადაც ამის შესაფერისი და ხელსაყრელი საშუალება მოგეცემათ!.. მაშინ მიხვდებით, რომ თქვენს შემწვარ კარტოფილს ისევ ნაცნობი, საყვარელი გემო აქვს, ოღონდ რაღაცნაირად ახალია, უცხოა, განსხვავებულია..
იმედია, მიმიხვდით, რისი თქმაც მსურდა... )) და თუ მიმიხვდით, ჩემი სიტყვები გაიხსენეთ მაშინ, როცა (თუ) თქვენი სექსი შემწვარი კარტოფილის ჭამას დაემსგავსება...