ჩვენი დროის ყვითელ და იაფფასიან შოუებს, საშუალოსტატისტიკური ქართველიდან დაწყებული, ინტელექტუალით დამთავრებული - ყველა (თითქმის) რომ უყურებს, იქიდანაც მიხვდებით, როცა მეორე დღეს მათი საჯარო კომენტარებით აჭრელებულ "ფეისბუქს" ნახავთ. არადა, თავს იკლავენ: მაგას რა მაყურებინებსო...
მე ყველაფერს ვუყურებ... მით უმეტეს, პროფესიაც ასეთი მაქვს...
წუხანდელ შოუში კაცები იდეალურ ქალზე თუ ქალის იდეალზე სრული სერიოზულობით მსჯელობდნენ.
რომ არ მეზარებოდეს, მოგიყვებოდით, ერთ დროს მეც როგორი წარმომედგინა ჩემი იდეალური მამაკაცი, რომელსაც ჩემს ოცნებებში არა მარტო ნათლად ჩამოყალიბებული ვიზუალი ჰქონდა, არამედ ხასიათიც!.. და მასთან წარმოსახვით დიალოგებსაც ვმართავდი .... )) მაგრამ ეს იყო დიდი ხნის წინათ, ბავშვობაში. ახლა უკვე დიდი გოგო ვარ !.. ))
ისე, პრინციპში, ცუდი რატომ უნდა იყოს, თუ კაცი მეოცნებე ან იდეალისტია?! ჩემი ერთი ახლობელი მთელი ცხოვრება გატაცებით ჰყვებოდა მაღალფეხიან, წელწვრილ, ეშხიან ქალზე, რომელსაც მუქი ტალღოვანი თმა, ხორციანი თეძოები და საშუალო ზომის მკერდი ჰქონდა... მაგრამ ისე გავიდა მთელი ცხოვრება, ეს ქალი არა და არ მოვიდა...
სულ მაინტერესებდა, მაინც რა სურთ კაცებს ჩვენგან ყველაზე მეტად? - თავიდან მეგონა, რომ ეს იყო გარეგნობა: ლამაზი და გამორჩეული ვიზუალი, მაგრამ იმდენი სიმპათიური ბიჭი ვნახე, რომელიც უშნო გოგოზე გადაირია, დავეჭვდი...
შემდეგ გადავწყვიტე, რომ ეს იყო ხასიათის თვისებები, რომელიც მის მოთხოვნებთან ჰარმონიაში უნდა ყოფილიყო, მაგრამ იმდენი კაცი ვნახე, რომელიც "სწერვა" და ე.წ. მძიმე ხასიათის ქალს უძლებს, ესეც უარვყავი...
კიდევ მომდევნო ეტაპზე ვიფიქრე, რომ კაცები უპირატესობას ქალის მიმზიდველობასა და სექსუალობას ანიჭებენ... თუმცა, იმდენი მაგალითი ვნახე, როცა ძალიან მაგარი ტიპები ერთი შეხედვით უფერულ და "ფლეგმა" ქალებს ეკიდებიან, ხელი ჩავიქნიე...
შემდეგ დავიჯერე, რომ მთავარია ის რაღაც საოცარი გაელვება, რასაც "ქიმიას" თუ კიდევ ათას უცნაურობას ეძახიან, მაგრამ ბევრი ვნახე, რომელსაც ეს "ქიმია" სულ სხვასთან ჰქონდა, მაგრამ საბოლოო არჩევანი "ფიზიკაზე" ან, კიდევ უარესი - ოთხნიშნა ციფრებით კარგად გამოხატულ "მათემატიკაზე" შეაჩერა... სულ დავიბენი...
თურმე, რას წვალობ, აგერ, ამ შოუში ჰქონიათ ყველაზე "სწორი", გასაგები და ამომწურავი პასუხი, რომლის მოკლე შინაარსიც ამგვარია:
იდეალური ქალი უნდა იყოს წარმატებული, ძლიერი, ლამაზი, მომხიბვლელი, სექსუალური, განათლებული, "აკეთებდეს გემრიელობებს" და "ლოგინში იყოს აღვირახსნილი"!
გული დამწყდა... სულ ეს არის?! ასე მარტივად და ბანალურად?!
მე შემიძლია უკეთესი ვარიანტიც შემოგთავაზოთ. მაშ ასე, იდეალური ქალი - საოცარი აღნაგობითა და გამაოგნებლად ლამაზი ნაკვთებით, არასდროს ჩამოსტირის სახე და მუდამ ტონუსშია!.. წარმატებული კარიერით, ოღონდ ნებისმიერ თქვენს მოთხოვნაზე შეძლებს მის მიტოვებას და მთელი სიცოცხლის თქვენთვის მოძღვნას!.. მოსიყვარულე და თბილი, ისეთი ღუნღულა, სიამის კატასაც შეშურდება!.. იდეალური ცოლი, დედა და რძალი! მოდიხართ სახლში - გხვდებათ ვახშამი დესერტით! რბილი ადგილი ლეპტოპთან ან ტელევიზორთან და მისი პულტი მთლიანად თქვენს განკარგულებაში... მოვლილი და ნამეცადინები შვილები, ასევე მოვლილი და კმაყოფილი დედამთილი... ესმის უსიტყვოდ: არც ერთი ზედმეტი კითხვა, როცა უხასიათოდ ხართ, არც ერთი ზედმეტი და დაძაბული მოძრაობა, რაიმე სახის პრეტენზიაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია... სამაგალითო ქცევა სამეგობროსა და სანათესაოში... გიჟური სექსი ღამითა და დილით (პრინციპში, რამდენსაც გაქაჩავთ, მაგრამ ოცნებაში იყოს ორივე!)...
თუ გაინტერესებთ, რა გვსურს თქვენგან ჩვენ - ქალებს, რომელიმე ბლოგში ამასაც გაგიმხელთ, მანამდე კი, ძვირფასო მამაკაცებო, ღრუბლებზე ხტუნვისას ფრთხილად იყავით, ყელზე მომდგარი ეგ ნერწყვი არ გაგეჩხიროთ!... ))