როდესაც ჩვენი საყვარელი ადამიანები მიდიან ჩვენგან, ჩვენ ვრჩებით მარტო საკუთარ თავთან, მოგონებებთან, უიმედობასთან, შიშთან...
როდესაც ჩვენი საყვარელი ადამიანები მიდიან ჩვენგან, ჩვენ გვტკივა ჩვენი მარტოობა, უმწეობა და უიმედობა...
როდესაც ჩვენი საყვარელი ადამიანები მიდიან ჩვენგან, ჩვენ ვტირით საკუთარ თავებს, ტკივილს, და უღონობას...
როდესაც ჩვენი საყვარელი ადამიანები მიდიან ჩვენგან, ჩვენ ვეფერებით და ველოლიავებით იმ მოგონებებს, რომლებიც მეხსიერებაში შემოგვრჩა და, თითქოს, საკუთარ თავს და ერთმანეთს ვუმტკიცებთ, რა ძლიერ გვიყვარდა, გვეიმედებოდა და გვეძვირფასებოდა...
როდესაც ჩვენი საყვარელი ადამიანები მიდიან ჩვენგან, ჩვენ გვგონია, რომ გვეცოდებიან ისინი და ვზრუნავთ მათ სულებზე, სინამდვილეში კი მათზე არანაკლებ გვეცოდება საკუთარი თავი, რადგან უნდა ვისწავლოთ ცხოვრება უ–იმათ–ოდ...
და რადგან ვრჩებით უ–იმათ–ოდ, არ ვიცით კიდევ რამდენ ხანს დავრჩებით, ან კი ვნახავთ მათ ოდესმე?!..
როდესაც ჩვენი საყვარელი ადამიანები მიდიან ჩვენგან, ვფიქრობთ იმაზე, რა ჯობდა, როგორ ჯობდა და რა იქნებოდა, "ასე" ან "ისე" რომ ყოფილიყო და ვიკვებებით ამ ილუზორული წარმოსახვებით იმისთვის, რომ ოდნავი შვება ვიგრძნოთ, თუმცა, ეს კიდევ უფრო მძიმეა...
როდესაც ჩვენი საყვარელი ადამიანები მიდიან ჩვენგან, თითქოს, ცხოვრება გრძელდება, ტკივილი ნელდება, მაგრამ მონატრება მძაფრდება და უფრო მწვავე ხდება იმის შეგრძნება, რომ გვერდით გყავდა, გიყვარდა, გეძვირფასებოდა და...
აღარ გყავს!..