განა არ ვიცი, რომ არ არსებობ?!.. – ვიცი, მაგრამ მაინც მინდა მოგიყვე... იმიტომ, რომ გული მაქვს გადალეული ამდენი დარდითა და ფიქრით... გუშინ ფსიქოლოგთან ჩავეწერე სკოლაში, მაგრამ ჯერ მისთვის არაფერი მითქვამს, მერიდება...
ბავშვები ამბობენ: კარგი ქალიაო, ყველას უგებსო. რა ვიცი, აბა, იქნებ მეც გამიგოს!.. მე თაზო ვარ. მე-8 კლასში ვსწავლობ. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, ბებია (მამის დედა) და ჩემი 10 წლის და. მამაჩემი? - მამაჩემს კაცი შემოაკვდა გასულ ზაფხულს... იქ ვიყავი მეც. ჯერ სვამდნენ ვიტალასთან (მეზობელია ჩემი), მერე რაღაცა მიწების ამბავზე თუ საქონელზე, კარგად არ ვიცი, დაიწყეს კამათი. მერე კიდე - ჩხუბი და გინება. ის კაცი ვიტალას ნათესავია და სტუმრად იყო მისული ოჯახში. ამიტომ მამაჩემი გაამტყუნა ყველამ: სტუმარი კაცია და უნდა მოუთმინოო. იმ სტუმარმა კიდე გარეთ გაიყვანა და იქაც ყვიროდნენ. მერე დავინახე, მამაჩემს როგორ მოხვდა სახეში იმ კაცის ხელი და წაბორძიკდა. მგონი, ცხვირიდან სისხლიც წამოუვიდა. იმ კაცმა წიხლიც მოუქნია მუცელში და კიდევ დაარტყა გამეტებით რამდენჯერმე, თან ცოლს და დედას აგინებდა. მეზობლებმა გააშველეს... სტუმარი კი არ წყნარდებოდა და მამაჩემს "ახვარს", "ნაბოზარს" და ისეთ სიტყვებს ეძახდა, ვერ გავიმეორებ... ზუსტად არ მახსოვს, რა როგორ მოხდა – იმდენი ვინერვიულე ამაზე – მაგრამ ის კი კარგად დავინახე, როგორ შევარდა სახლში მამაჩემი და გამოიტანა თოფი... აი, ისა – ჩემთვის რომ უნდა ეჩუქებინა დიდობაში... ეგრევე დაუმიზნა და ესროლა... სახე მახსოვს მამაჩემისა – სულ გადაწითლებული სიბრაზისა და სისხლისგან... და კანკალი... – ისე კანკალებდა, მეგონა, თოფი ხელიდან გაუვარდებოდა, ან ააცილებდა მაინც... მაგრამ არ ააცილა! რას ააცილებდა – მამაჩემი ყველაზე მაგარი მონადირეა მთელ ჩვენს კუთხეში.
ახლა კიდევ რა მიშავს – მოყოლა შემიძლია, მაგრამ მაშინ ლაპარაკიც არ შემეძლო კარგად, რამდენიმე კვირა ხმა არ ამომიღია, მუნჯივით თავს ვაქნევდი მარტო... ძალიან ცუდი სანახავი ყოფილა კაცის სიკვდილი!.. მამაჩემიც ცუდი სანახავი იყო – მოიქნია ის თოფი, ღობის ძირში გადააგდო და უკანმოუხედავად გაიქცა... შიშისგან კი არა, ალბათ, კაცის სიკვდილის ნახვა არ უნდოდა!.. ამ ამბის შემდეგ რაღაცნაირად მიყურებენ სკოლაში – დიდი ბიჭები უცნაურად ჩაიცინებენ ხოლმე, სადმე ჩხუბში თუ გამოვჩნდები... ჩემი ტოლები უფრო მერიდებიან. მეც კიდე აღარ ვერევი, ყოველთვის თავს ვარიდებ ჩხუბს იმიტომ, რომ ვიცი, მაინც მე დამბრალდება ყველაფერი. მასწავლებლებს, ეტყობა, ვეცოდები რაღაცნაირად. ისეთი საწყალი თვალებით მიყურებენ, დიდი ხმით დაყვირება მინდება. გოგოები თავიდან ცოტას იფხუკებოდნენ, მაგრამ ახლა გული მოუბრუნდათ ჩემზე და ზოგიერთს ჩემი "დეიდობაც" მოუნდა. მოკლედ, სულ არ მინდა სკოლაში სიარული, მაგრამ რა ვქნა! – მამაჩემი ციხიდან კაი ხანს ვერ გამოვა, მარტო დედას კიდე, აბა, რა შეუძლია – მთელი დღე გაწყვეტილია ბაღ-ბოსტანში მუშაობით. ამიტომ კარგად უნდა ვისწავლო, რომ უმაღლესში უფასოზე მოვხვდე და რამე პროფესია შევიძინო, თორემ მარტო მიწის მუშაობით არაფერი გამოდის.
აი, მე, დედაჩემი და ბებიაჩემი დილის ექვსი საათიდან ხან ყანაში ვართ, ხან ვენახში და ხანაც ბაღ-ბოსტანში, მაგრამ მაინც დახეული ტუფლით დავდივარ და ტანსაცმელსაც სულ "მეორადებში" გვყიდულობს დედა. ძროხა კი გვყავს, მაგრამ რა ხანია, რძე-მაწონი და ყველი თვალით არ მინახავს, კვირაობით ბაზარში მიაქვს ბებიაჩემს და ყიდის. ეს ბებიაჩემი კიდე ცალკე თემაა - სულ ნერვებს უშლის დედას! შენაო, თბილ ლოგინში მაინც წევხარ და ტკბილ ლუკმას მიირთმევ, ჩემს შვილს კიდენა აყროლებულ ციხეში ულპება ფილტვებიო!.. ნუ გეშინია, არ აკლებს დედაჩემიც! – მაგას რომ ნამუსი ჰქონოდაო, კაცის სისხლს არ დაიდებდა და ბავშვებს არ ჩაყრიდა ამ დღეშიო – მკვლელის შვილის სახელით უნდა იარონ მთელი ცხოვრებაო! სიმართლე გითხრა, მე უკვე აღარ მანაღვლებს, მკვლელის შვილის სახელი მერქმევა თუ სხვა რამე – ყელში ისე ამომიყვანეს, მაგრამ შევღონდი ამათი ჩხუბით: დღე ერთია და ბარე ათჯერ დაერევიან ერთმანეთს. სულ ორომტრიალი და უბედურებაა! შემაძულეს საკუთარი თავიც და ის დალოცვილი მამაჩემიც... ნეტა, სახლში არ მიმიყვანა და!.. მაგრამ წასასვლელი რომ არსად მაქვს, სულ მეზობლებში ხომ არ ვეგდები?! დაღამებამდე გარეთ დავყიალობ და მერე მომდგებიან: სად დაეთრევიო, გზას არ ასცდეო... შენც ჭირად არ გაგვიხდეო! – აზრზე ხარ?! – საკუთარ თავს ჩივიან, მე კი არა! მეც სულ ნერვებზე ვარ!.. იმ დღეს გამაშაყირა მერაბამ: შენაო ნერვიული იქნები, აბა რა, ისეთ ასაკში ხარ, ახლა ღამეები არ დაგეძინება, სულ ტიტველი ქალები მოგელანდებაო!.. ქალები კი არა! ერთი სული მაქვს, როდის გავხდები თვრამეტის, რომ ჩემ გზას დავადგე და მოვშორდე აქაურობას, მაგრამ ხანდახან მრცხვენია ამის გაფიქრებაზე – ვის დავუტოვო ჩემი აწეწილი ოჯახი?! მამა რომ გამოვა, შეიძლება, არც მისაყვედუროს, მაგრამ მე ხომ ჩემი ნამუსი მაქვს, არა?!
აი, ასეთი არეული ვარ და ამიტომაც ჩავეწერე ფსიქოლოგთან. ამბობენ: კარგი ქალიაო... იქნება ეკლესიაშიც დავიწყო სიარული. გიორგამ მითხრა (სტიქაროსანია ჩვენი სოფლის ტაძარში და ჩემი ძმაკაცი): ბიჭო, მოდიო, მამაო ჯიგარი კაციაო, შვილივით მიგიღებსო. რა ვიცი აბა, მეთქი... მკვლელის შვილი რომ ხარ, უფრო მაგიტომაც უნდა მოხვიდეო, შენზე და შენებზე რომ არ გადმოვიდეს ცოდვაო... ვიფიქრებ, რავი... შენც ამიტომ გიყვები ჩემს ამბავს, თორემ განა არ ვიცი, რომ არ არსებობ, გამოგონილი ხარ... მაგრამ მაინც მინდა მოგიყვე... იმიტომ, რომ გული მაქვს გადალეული ამდენი დარდითა და ფიქრით... მაგრამ შენ ხომ ყველა საჩუქარს გთხოვს! მე კი არ მინდა შენი საჩუქარი! მარტო ის მინდა, ღამე მშვიდად დავიძინო, როგორც ადრე, როცა ძილის წინ ჩემ სკოლელ ნათიაზე ვფიქრობდი, და დილით ასევე მშვიდად გავიღვიძო გულზე მძიმე დარდის გარეშე... ნეტა, რომ არსებობდე, ამ სურვილს ამისრულებდი?!