ოცნებები მარტივად რომ სრულდებოდეს, ალბათ, ახლა სულ სხვაგვარად ვიჭიკჭიკებდი...
მაგრამ მიზნებისა და სურვილებისგან განსხვავებით, ოცნებების ასრულება არც ისე იოლია, ზოგჯერ შეუძლებელიც...
სულ პატარაობაში მეგონა, რომ თუ იასამნის ხუთქიმიან ყვავილს ვიპოვიდი და გადავყლაპავდი, სურვილი ამისრულდებოდა. მე კი ყოფითი სურვილები არ მქონია - ჩემი სურვილები იგივე ოცნებები იყო. იმავე ასაკში მჯეროდა, რომ თუ ციდან ვარსკვლავის ჩამოვარდნისას სურვილის ჩაფიქრებას მოვასწრებდი, ესეც აუცილებლად ამისრულდებოდა. ასე სჯეროდათ სხვებსაც, ჩემს სხვა თანატოლებს. ცოტა მოგვიანებით დავიჯერე, რომ ოცნებების ასასრულებლად ბევრი, ბევრი უნდა ისწავლო და ვისწავლე, ბატონო, რაც იმ დროისთვის ხელმისაწვდომი და შესაძლებელი იყო... მართალია, უნივერსიტეტის წითელი დიპლომი დედაჩემს უფრო გაუხარდა, ვიდრე მე... პრინციპში, მეც გამიხარდა, რატომ მეწყინებოდა?! მაგრამ დედაჩემივით - არა! თუმცა, ჩემი ოცნება ესეც არ ყოფილა, მგონი, მიზნები და ოცნებები ერთმანეთში სულ მერეოდა... მერე ვიღაცამ მასწავლა, რომ თუ გინდა, ოცნება აგისრულდეს, მთელი გულით უნდა ისურვო, მაგრამ გულის ტკენები მეყო!
შემდეგ, სტუდენტობის პერიოდში, რომელიღაც რუსი კლასიკოსის მოთხრობა წავიკითხე, მგონი, “ფატალისტი” ერქვა... და სულ გავფატალისტდი – ჩავთვალე, რომ ყველაფერი იღბალია! ანუ რაც გინდა ინატრე და თუ იღბლიანი ხარ, აგისრულდება, თუ უიღბლო – რაც არ უნდა ეცადო, სულ რომ ტყავიდან ამოძვრე – არაფერი გამოგივა! მგონი, ნაწილობრივ დღესაც ასე ვფიქრობ... ნაწილობრივ-მეთქი და ძალიან გთხოვთ, ნუ აღშფოთდებით, ნების თავისუფლების შესახებ თეორიებს ნუ მომიყვებით, ისედაც ვიცი. სერიოზული არაფერია, ალბათ, გამივლის ისე, როგორც ბევრმა სურვილმა, დარდმა თუ ოცნებამ გამიარა...
უკვე გავიზარდე და ერთს კი მივხვდი, რომ ოცნებები, სურვილები და მიზნები, შესაძლოა, წააგავდნენ ერთმანეთს ან ზოგჯერ იკვეთებოდნენ კიდეც, მაგრამ მათი მიღწევისა და განხორცილების გზები აბსოლუტურად განსხვავებულ დამოკიდებულებას მოითხოვს. მოკლედ, მთავარია, საკუთარ თავში ჩამოყალიბდე: ეს სურვილია, მიზანი თუ ოცნება და შემდეგ შესაბამისად იმოქმედო.
ერთ ამბავს მოგიყვებით, რომელიც გადამხდა და თავადაც ძალიან გამაკვირვა. სურვილი მქონდა, რომლის შესრულება ძალიან, ძალიან დიდი ალბათობით, შეუძლებელი იყო. დროც არ ითმენდა და მოსაფიქრებლად არ მყოფნიდა. განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია: იატაკზე დავჯექი (ასე უკეთ ვფიქრობ) და ღრმად ჩავისუნთქე. უცებ, წარმოვიდგინე, რომ ახლა ერთმანეთის პირისპირ ვართ მხოლოდ მე და სამყარო: ბუნება - ღმერთი - ღვთისმშობელი - მფარველი ანგელოზი (თქვენ ვისიც (რისაც) მეტად გჯერათ და გწამთ): „ეს მე ძალიან მჭირდება, ჩემთვის აუცილებელია და გთხოვ დახმარებას!“ - დაახლოებით ამ შინაარსის ფრაზა რამდენჯერმე მთელი გულით გავიფიქრე. წარმოდგენა არ მაქვს, რას გრძნობენ ხოლმე იოგები მედიტაციის დროს, მაგრამ იმ წუთებში მგონი, მეც რაღაც უცნაური ერთობა ვიგრძენი სამყაროსთან - თითქოს, პატარა მოტივტივე წერტილი ვიყავი მშვიდ უსასრულობაში. ვიცი, არ დაიჯერებთ, ზოგს სასაცილოდაც არ გეყოფათ, მაგრამ ამის შემდეგ ყველაფერი თავისით წარიმართა და იმ შედეგით დასრულდა, რაც მსურდა. აქ სასწაული და განსაკუთრებული, ალბათ, არაფერი ყოფილა, უბრალოდ, ძალიან მოვინდომე და პრობლემა სწორად დავალაგე. ოღონდ მართლა, მართლა ძალიან მოვინდომე... პირველ რიგში, ფსიქოლოგიურად... იქნებ ეს სწორედაც რომ ოცნება იყო, რომლის ასრულება ასე მთელი გულითა და მონდომებით მინდოდა და სამყარო დამეხმარა?! :)
უჰ, ამდენ ფილოსოფიაში კინაღამ დამავიწყდა - ამ ბოლო დროს ოცნებების ჩაფიქრებას პატარა ბავშვივით ახალი წლის დადგომას ვამთხვევ, ოღონდ ეგ არის, მერე მავიწყდება, რა ჩავიფიქრე და, შესაბამისად, ამისრულდა თუ არა... ))))))))))
იხილეთ ასევე: შორენას ბლოგი: "ნეტა, ამ სურვილს ამისრულებდი?!"
შორენას ბლოგი: როდესაც ჩვენი საყვარელი ადამიანები მიდიან ჩვენგან...