მე დავრჩები გოგოდ, რომელიც გაქრა!
მე დავრჩები გოგოდ, რომელიც გაქრა!
მუსიკა მეორდება. მერამდენედ ირთვება თავიდან და სიტყვები მაინც ისევე მიძვრება სულში, როგორც პირველი მოსმენისას. ვცდილობ გავითიშო, თვალებს ვხუჭავ და ქუთუთოებს მაგრად ვაჭერ ერთმანეთზე, მაგრამ უცნაური ტრაექტორიით მოძრავი ხაზების მეტს ვერაფერს ვხედავ. უნდა შევძლო, ვიცი, რომ გამომივა. აუცილებლად დავამტკიცებ!
კიდევ ერთხელ შევისუნთქე ღრმად, ვეცადე, გონებიდან ყველა ფიქრი გამეგდო და მხოლოდ ერთ რამეზე ვკონცენტრირებულიყავი. გულში ვითვლიდი და უჰაერობის ნახევარ წუთს რომ გავუძელი, ნელ-ნელა დავიწყე ნახშირორჟანგის გამოშვება ნესტოებიდან. ისეთი საოცარი შეგრძნება იყო! მუხლები და იდაყვები ერთდროულად ამიკანკალდა, თვალები დამიმძიმდა, გული ჯერ შემინელდა და შემდეგ გაათასმაგებული ძალით დაიწყო ფეთქვა. წამით ისიც კი ვიგრძენი, რომ ჩემი სხეულის მოლეკულები სულაც არ იყვნენ დაკავშირებულნი და ატომები თავისუფლად მოძრაობდნენ. თითქოს გავიფანტე... კარგია, როდესაც საკუთარი თავით მანიპულირება შეგიძლია, მაგრამ უკეთესია, თუ ამას სხვას უკეთებ. მე კი აუცილებლად შევძლებ მათზე გავლენის მოხდენას. აუცილებლად!
ოთახი ისევ სავსე იყო დემიენ რაისის ხმასთან შერეული სიგარეტის კვამლით. როგორც ჩანს, ჩემი რამდენიმე წუთის წინ საფერფლეში ჩადებული ღერი ჯერ კიდევ არ ჩამწვარა. ძალიანაც კარგი!

ზლაზვნით წამოვჯექი საწოლში და ტუმბოზე მდგარი საფერფლიდან სიგარეტი ავიღე. გვერდით არაყი ედგა "კოკა-კოლას" თუნუქის ქილით. წამიერი საღი აზრი გონების ღრმა კუნჭულში მოვისროლე, ფილტვები ბოლით ავივსე, ყელი კი ალკოჰოლით ჩავიწვი. საკუთარ თავს შევპირდი, რომ შევეშვებოდი, მაგრამ არ გამომდის. ყოველთვის, როდესაც მახსენდება მისი სახე და თვალები...
- And I die, when you mentioned, his name… - აი, დემიენს ესმის ჩემი. ზუსტად ესმის, რასაც ვგრძნობ და მაგიტომაც მიფათურებს მისი ხმით სულში ხელებს. - What am I, darlin’? piece of your cake, or a biggest mistake?
შიშველი ფეხები იატაკს შევახე და ისე ჩუმად გავიარე მანძილი საწოლიდან საწერ მაგიდამდე, თითქოს მეშინოდა, ვინმე არ გამეღვიძებინა. არადა, ერთადერთი, ვინც ჩემს მიყრუებულ სოროში იმყოფებოდა, მე ვიყავი. სულებიც კი ვერ გამოვიძახე. მერედა, როგორ ვეცადე? რამდენი რამ წავიკითხე...
- But I’m а creep…
- ტომ? შენ საიდანღა გაჩნდი აქ? - თვალები დავაჭყიტე, როდესაც დემიენი ტომ იორკმა შეცვალა. უკვე ამდენი საათია გადაბმულად ვუსმენდი ერთ მუსიკას და ზუსტად ვიცოდი, რომ მეტი არც მომინიშნავს.
- But I'm a creep. I'm a weirdo. What the hell am I doing here? I don't belong here.
სიბრაზე იმდენად ძლიერად მომაწვა საფეთქლებში, ერთიანად ამაკანკალა და მაგიდაზე დახვავებული ნივთები ერთი ხელის მოსმით გადავუძახე იატაკზე. ყვირილით დავეცი მუხლებზე და თავზე ხელების მოჭერით ვცდილობდი ჩემი გონებიდან აჩრდილების გაგდებას. ნიკაპიც ამიკანკალდა და სულ მალე გავთხევადდებოდი, როდესაც საკუთარ თავს ვაიძულე თვალების გახელა და დავინახე ის, რამაც გადაწყვეტილება სწრაფადვე შემაცვლევინა...
ზუსტად შუაში გადაშლილი წიგნიდან ბნელი აჩრდილი მიღიმოდა ეშმაკურად, თითქოს მეპრანჭებოდა. თვალები რამდენჯემე დავხუჭე და გავახილე, მაგრამ მაინც არსად გამქრალა. ბოლოს, როგორც იქნა, გავბედე - ხელი გავიწვდინე.

ვუალა! თითებით ცივი ქაღალდის მეტი არაფერი შემიგრძვნია. არა, აშკარად არ იყო კარგი იდეა ამდენი ალკოჰოლი. იმდენად
You must have Flash Player installed in order to see this player.
გადავეშვი ჩემს ირეალურ, მისტიკურ სამყაროში, ვცდილობ, ყველაფერი მას დავუკავშირო. საბოლოოდ კი ალბათ რომელიმე სასაფლაოზე დავასრულებ, უაზრო რიტუალის ჩატარებით, რომელიც, წინასწარ მეცოდინება, რომ უშედეგო იქნება. უკეთეს შემთხვევაში, შეიძლება თეთრ კედლებში გამომამწყვდიონ ”ფრანკლინ რუზველტთან”, ”ალბერტ აინშტაინთან”, ”ჯონ კენედისა” და ”მერლინ მონროსთან” ერთად. ისე, საინტერესოა, კენედი და მონრო იქაც ერთად იქნებიან?
გეყოს, რა სისულელეებზე ფიქრობ!

- I don’t belong here… - იმეორებდა ტომი, თვალები კი დაუკითხავად გამირბოდნენ აჩრდილის ქვეშ დაწერილი სიტყვებისკენ.
ჯადოქრობასა და შელოცვებზე ამდენი წიგნი იმიტომ ვიყიდე, რომ მისთვის სამაგიერო გადამეხადა. ვიცი, სულელურად და ბავშვურად ჟღერს, მაგრამ მინდოდა, ისევე შეშინებოდა, როგორც მე, როდესაც დამტოვა. მინდოდა ეგრძნო, რა არის სიმარტოვე, როგორი გრძნობაა, როდესაც ყელში უხილავ ხელს გიჭერენ და მანამ არ გიშვებენ, სანამ ხრიალს არ დაიწყებ. მას უნდა ეგრძნო ნემსების ჩხვლეტა ხერხემალში და უნდა ენანა, რომ დამტოვა... მერედა, ვის გამო? არა, ის არაფერ შუაშია. საერთოდ არ ვერჩი. მერე რა, რომ ჩემი ადგილი დაიკავა? ეს შეიძლებოდა ნებისმიერს გაეკეთებინა. უბრალოდ, საშინლად მინდოდა სამაგიეროს გადახდა! ამჯერად იატაკზე გადავწექი და ისე დავიწყე სუნთქვის შეკავება. ყოველთვის მეხმარება იმის შეგრძნება, რომ ვიღაცას მაინც ვამარცხებ და სუნთქვას ხელახლა ვიწყებ.

- ათი, თერთმეტი, თორმეტი, ცამეტი... - მეთოთხმეტეზე გადასვლა ვეღარ შევძელი, რადგან ფეხზე რაღაც ფუმფულისა და თბილის შეხება ვიგრძენი. ამის გამო კი ისეთი შეშინებული წამოვჯექი, თითქოს მე არ ვიყავი ის, ვინც ცოტა ხნის წინ ასტრალში ცდილობდა გასვლას.
ამჯერად არაფერი მისტიკური და საშიში არ მომხდარა და ეს თბილი შეხებაც მწვანეთვალება, შავ, მსუქან კატას ეკუთვნოდა. ისე მიყურებდა, თითქოს უნდოდა, რაღაც ეთქვა. თვალს არ ახამხამებდა, თავიც კი გადახარა მარჯვნივ და ისე დამიწყო დაკვირვება.

- გშია, ფისო? - გავუღიმე, წამოვდექი და მაგიდაზე დაყრილი რამდენიმე კრეკერი მივეცი. პირი არ დააკარა, პირიქით, დამცინავად შემომხედა. გეფიცებით, არაფერი მომჩვენებია!
საერთოდაც, საიდან გაჩნდა აქ? სახლის კარი ჩაკეტილი იყო, ისევე, როგორც ფანჯარა. ჰმ, ნუთუ ჩემთვისაც მოიცალეს იდუმალმა, მოხეტიალე სულებმა? ან იქნებ ჩემმა შელოცვამ გაამართლა და თავად ის მესტუმრა კატის განსხეულებით?! საკუთარ ფიქრებზე გამეცინა და დაველოდე, კიდევ როდის იტყოდა ტომი, რომ ის სხვა იყო და აქაურობას არ ეკუთვნოდა. ან როდის მომკლავდა დემიენის ხმა... მხოლოდ მაშინ შევამჩნიე, რომ ოთახში სრულ სიჩუმეს დაესადგურებინა. ნელა გავაპარე თვალი აუდიოფლეერისკენ და შეშინებულმა წამოვიკივლე, როდესაც დავინახე, რომ გამორთული იყო. კატას კი ჩემს კივილზე შეეშინდა და ისე გაიფხორა, თავი საშინელებათა ფილმის გმირად მაგრძნობინა.
- ნუ გეშინია, ფისო, შენი ახალი პატრონი ცოტათი გიჟია, მაგრამ არაფერს დაგიშავებს, - ალერსიანად გადავუსვი თავზე ხელი, ის კი, იმის ნაცვლად, რომ გატრუნულიყო და კრუტუნი დაეწყო, მოხდენლად წავიდა და წიგნზე მოკალათდა. თათი ზუსტად იმ აჩრდილს დაადო, რომელმაც ჩემი გეგმების შეცვლა გადამაწყვეტინა.
დავიჯერო, ეს ყველაფერი დამთხვევაა? მუსიკის დამოუკიდებელი ცვლილება, ჩემი სულის ხმა ტომისა და დამიანის ტექსტებში, საჭირო გვერდზე გადაშლილი წიგნი და კატა არსაიდან. ჰო, კიდევ ერთი დამავიწყდა! კატა არსაიდან, რომელიც რიცხვ ცამეტზე გამოჩნდა... იქნებ ეს მინიშნებაა? იქნებ ვიღაცას, არ ვიცი ვის, სურს მაგრძნობინოს, რომ ჩემი გადაწყვეტილება სწორია? იქნებ... ჯანდაბა, მეტისმეტია ამდენი იქნებ! ვცდი და გავიგებ. ან შეიძლება ვერ გავიგო, რადგან თუ ყველაფერი ისე გამომივა, როგორც მინდა, უბრალოდ, გავქრები...

არ მოგესმათ, არა, არა, მაპატიეთ, უფრო სწორად, არასწორად არ წაგიკითხავთ. ნამდვილად გაქრობას ვაპირებ. მართალია, აქამდე მისი დასჯა მინდოდა, მაგრამ აჩრდილმა აზრი შემაცვლევინა. რა აზრი აქვს შურისძიებას? და საერთოდ, რა აზრი აქვს ამ ყველაფერს? უაზრო ცხოვრებას, უაზრო ცხოვრების სტილს, უაზრო რიტუალებს... საბოლოოდ ხომ მაინც გავქრები? მაშინ რა მნიშვნელობა აქვს, ეს ახლა მოხდება თუ რამდენიმე ათეული წლის შემდეგ? ასე არ ჯობია?! ახალგაზრდა და ლამაზი სხეულით. ყველას შევეცოდები, ცოტას წაუტირებენ, მერე მალევე დამივიწყებენ. ან იქნებ არც წაუტირონ. საერთოდაც, გაიგებენ კი ამ ამბავს? ცნობისმოყვარეობა მკლავს და ეს ერთადერთია, რის გამოც გაქრობა შეიძლება ვინანო. თუმცა, თუკი გავქრები, რაღას ვინანებ?
- გეყოს ამდენი ბოდიალი! ადექი და გამომყევი! - ამ ხმის გაგონებისას ჩემმა გულმა ორმაგი სალტო გააკეთა და მუცელში ისე ჩაენარცხა, ნაწლავები ჩამაწყვიტა. კატა ისეთი პრეტენზიული სახით მიყურებდა, თითქოს დაიღალა ამდენი ლოდინით და ჩემი გრძნობების ალიაქოთით. არა, ან გავგიჟდი, ან მძინავს!
ლოყის შიგნითა ნაწილი კბილებში მოვიქციე და როდესაც ტკივილისგან წამოვიკვნესე, მივხვდი, რომ არ მეძინა. გაგიჟებას რაც შეეხება, ამის ეჭვი ყოველთვის მქონდა, მაგრამ რას ვიფიქრებდი, თუ ასე მალე ამიხდებოდა? ჰმ, რა საინტერესო რამაა ეს ცხოვრება!

კატამ თვალი თვალში გამიყარა და დიდგვაროვანი ქალბატონის სახით აილოკა თათი.
- ნუ მიყურებ მასე! - თვალები ავატრიალე. - წავიდეთ, მაგრამ იცოდე, თუ მატყუებ, ვერ გადამირჩები! - თითი დავუქნიე, ფეხზე კედები ამოვიცვი, საფულესა და მობილურს ხელი დავავლე და ის იყო, კარი უნდა გამეღო, რომ წამიერად გავშეშდი. გასაქრობად მივდივარ და მობილური მიმაქვს? დარწმუნებული ვარ, იქ სულაც არ იქნება Wi-fi… რა სულელი ხარ, რა სულელი...
- წავიდეთ! - თავი დავუქნიე კატას და ისიც ზანტად წამოდგა. გინახავთ, როგორი სახით ასრულებენ უფროსის დამატებით დავალებას მომუშავეები? მობეზრებულად რომ უკაკუნებენ თითებს კლავიატურას და თან შუბლზე აწერიათ, რომ სიცოცხლე ეზარებათ. დაახლოებით მასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, როდესაც კატა წინ გამიძღვა. თითქოს, მისთვის უსიამოვნო და დამღლელ დავალებას ასრულებდა. საერთოდ ვინ სთხოვა ჩემთან მოსვლა? რა ამპარტავნებაა, თან მეხმარება და თან მაყვედრის? ჰმ, კატა მაყვედრის დახმარებას, აშკარად ცუდადაა ჩემი საქმე...
ქუჩაში რომ აღმოვჩნდით, გაოცებისგან პირი დავაღე. ჩემი სახლის შემოგარენს საკუთარ ხუთ თითზე უკეთესად ვიცნობ და შემიძლია დავიფიცო, რომ აქ არსად არაა ასეთი ვიწრო და უცნაური ქუჩა. ხის კარები ჭაობისფრად არის შეღებილი, თითოეულს კი მარცხნივ მბჟუტავი ნათურა აქვს დამაგრებული, მიუხედავად იმისა, რომ ლამპიონებიც ანათებს. თანაც აქაურობა სრულიად ცარიელია, არც ერთი სარკმლიდან არ გამოდის სინათლე. სინათლეს ვინ ჩივის, ისეთი სიჩუმეა, საკუთარი სუნთქვის ხმა ზედმეტად ხმამაღალი მეჩვენება.
სანამ მე თვალებს ვაცეცებდი, როგორც ჩანს, კატას მოვბეზრდი და წასვლა გადაწყვიტა, რადგან როდესაც გონს მოვედი, მხოლოდ მისი კუდიღა დავინახე, რომელმაც მარცხნივ შეუხვია და გაუჩინარდა.
მეტის ღირსი ვარ! ვის ვუჯერებდი? კატას?! ღმერთო დიდებულო! მე, რომელიც რამდენიმე დღეა მისტიკურ წიგნებში გადავსახლდი, გამოვყევი კატას იმ იმედით, რომ გაქრობაში დამეხმარებოდა. საკუთარ თავზე ნერვებმოშლილმა ღრმად ამოვისუნთქე და შევბრუნდი, რომ სახლში დავბრუნებულიყავი, მაგრამ... ჩემ უკანაც ზუსტად ის დავინახე, რასაც წინ ვხედავდი. აქ მოსვლისას კი ეს ასე არ იყო. ზუსტად მახსოვს, რომ შემოსახვევთან ახლოს გავჩერდი, ახლა კი შემოსახვევი საერთოდ აღარ ჩანდა. მხოლოდ მბჟუტავი შუქით განათებული ჭაობისფერი კარები იყო, რომლებიც ჯარისკაცებივით ჩამწკრივებულიყვნენ გვერდიგვერდ.
ნეწრყვი ხმამაღლა გადავყლაპე და ვეცადე, ჩემგან დამოუკიდებლად აჩქარებული გულისცემა დამემშვიდებინა. ალბათ თქვენითაც მიხვდებოდით, რომ არ გამომივიდა.
ირგვლივ უცნაური სიჩუმე იდგა. უეცრად, ლამპიონის შუქით განათებულ გზაზე ვიღაცის გრძელი ჩრდილი დაეფინა. არ გამკვირვებია. პირიქით, ველოდი, რომ ეს აქამდეც მოხდებოდა. ჩრდილი ზუსტად იქიდან გამოვიდა, სადაც წუთის წინ კატამ შეუხვია. ნელ-ნელა მიახლოვდებოდა, თუმცა სხეულის გარეშე. ჩრდილი ხომ ვიღაცას უნდა ეკუთვნოდეს, არა? ეს არ ეკუთვნოდა! იყო მხოლოდ ჩრდილი, ზუსტად ისეთი, როგორიც ჩემს წიგნში.
- რაღას უცდი? - მომესმა ბოხი, ხრინწიანი ხმა და კანზე ეკლებმა დამაყარეს. არა, ეს ისეთი ეკლები არ იყო, როგორებიც დემიენის ან ტომის მოსმენისას მაყრიდნენ. ეს უფრო შიშს ჰგავდა, მაგრამ მუხლების კანკალს ჯერ ვერ ვგრძნობდი.
- ზუსტად ერთი წუთი გაქვს, სანამ პარასკევი შაბათში გადავა, რიცხვი ცამეტი კი - თოთხმეტში. შემდეგ ძალიან ბევრი წელი მოგიწევს ლოდინი და კიდევ ათასი უსარგებლო წიგნის კითხვა. არჩევანი შენზეა...

და მართლაც, არჩევანი ჩემზე იყო. დამეტოვებინა ყველაფერი და გამერისკა? ამეხდინა ის, რასაც ამდენ ხანს ვცდილობდი? თუ სასწრაფოდ გავქცეულიყავი და შემდეგ მეგობრის კალთაში თავჩადებულს, გულამოსკვნილს მეტირა? ჰმ, რომელი მეგობრის!
ყოფნა, არყოფნა... მე ჯერ სად ვიყავი, ეს რომ იკითხა ერთმა კარგმა კაცმა... მაგრამ მან პასუხი ვერ მიიღო, მე კი ამის შანსი მაქვს. დავრჩე და გავაგრძელო ის, რაც საბოლოოდ მაინც დასრულდება, თუ ავყვე გულის კარნახს? თითქოს ორად გავიხლიჩე, ვეღარ გადამეწყვიტა, რა გამეკეთებინა.
- ექვსი წამი....
- წადი!
- ხუთი...
- დარჩი!
- ოთხი...
- შენ მაინც გაქრები!
- სამი...
- მაგრამ მანამდე შეგიძლია, შენი სახელი უკვდავყო.
- ორი...
- გავაკეთებ კიდეც ამას!
- ერთი...
- მე დავრჩები გოგოდ, რომელიც გაქრა!

დასასრული
ავტორი ნათია ჯაგოდნიშვილი

კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
შოშიას ბლოგი: ...როცა კაცს ცოლიც და საყვარელიც შვილს უჩენს
13:22 / 23-06-2017
ერთხელ, შემთხვევით, ჩემთვის უცნაურ საუბარს შევესწარი.
საქმე №109. განქორწინებული წყვილის საიდუმლოებით მოცული ამბავი. თავი 27. მოძალადე უფროსი
09:53 / 23-06-2017
სახლამდე როგორ მივიდა ელენე, ვერც გააცნობიერა კარგად. მთელი გზა დემნაზე და მათ საუბარზე ფიქრობდა.
საქმე №109. განქორწინებული წყვილის საიდუმლოებით მოცული ამბავი. თავი 26.  მკვლელობა საეჭვო გარემოებაში
17:01 / 21-06-2017
ელენეს ორსულობის პირველი თვეები სრული ჯოჯოხეთი იყო, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.
აღმოაჩინე ახალი გემო: კულინარიული მოგზაურობა ვენაში, მარსელში, ბარსელონასა და ვერონაში შინიდან გაუსვლელად
16:25 / 20-06-2017
ვინ არ ოცნებობს მოგზაურობაზე? ჩემი აზრით, ცხოვრებაში ამაზე უკეთესს ვერაფერს გააკეთებს ადამიანი.
შოშიას ბლოგი: მამაკაცები, რომლებიც ჩვენზე გიჟდებიან...
11:52 / 19-06-2017
ისინი ყველაზე მეტად განიცდიან, როცა ჩვენ ფიზიკურად გვტკივა. უზომოდ ღელავენ, როცა სიცხე გვიწევს ან გრიპით გაგუდულები ძლივს ვსუნთქავთ.
საქმე №109. განქორწინებული წყვილის საიდუმლოებით მოცული ამბავი. თავი 25. ვნებისამშლელი სიბნელე
11:08 / 16-06-2017
ლიფტის კაბინის კედელზე ზურგით აკრული იდგა ლენა და სუნთქვაც შეეკვრებოდა ალბათ, იქაურობა დემნას ჰაერით რომ არ ყოფილიყო გაჯერებული.
საქმე №109. განქორწინებული წყვილის საიდუმლოებით მოცული ამბავი. თავი 24. პაემანი ლიფტში
09:59 / 13-06-2017
ისე საცოდავად გამოიყურებოდა ელენე... თმა დაუდევრად ჰქონდა შეკრული, თვალები და ცხვირი ტირილისგან გაწითლებული, ბაგეები კი, შესიებული და აკანკალებული.
საქმე №109. განქორწინებული წყვილის საიდუმლოებით მოცული ამბავი. თავი 23. იდუმალი სტუმარი
13:52 / 09-06-2017
კვირაზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ელენემ ორი წლის შემდეგ პირველად შედგა ფეხი საკუთარ, თუმცა უკვე ყოფილ სახლში.
მშობლების ზედმეტი “მზრუნველობით” გაუბედურებული შვილები…
11:17 / 07-06-2017
დედობა და მამობა ბევრი ადამიანისთვის სტატუსია.
საქმე №109. განქორწინებული წყვილის საიდუმლოებით მოცული ამბავი. თავი 22. „შვილის მკვლელი“
10:29 / 07-06-2017
– არ დავუკრავ! – ღმერთმა უწყის, მერამდენედ გაიმეორა ლილუმ, გაბრაზებული ხმით და სრული ეფექტისათვის, ზურგიც შეაქცია დედას, მთელი მონდომებით რომ ცდილობდა მის დაყოლიებას.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი