მართლა ცუდი შეგრძნება ყოფილა, როდესაც დილით იმ ადგილას იღვიძებ, სადაც წესით, არ უნდა ყოფილიყავი და თავში ყველა მოვლენის აღდგენას ცდილობ.
მერე ნელ-ნელა ძაბავ გონებას, ყველაფერს იხსენებ და თავიდან იწყებ...
დაბადების დღის აღსანიშნად ჰოთსეილის შემოთავაზებებს ვათვალიერებდი, როცა ჩემი ყურადღება სასტუმროების - „როიალ ბატონი“-სა და „შატო მერე“-ს ფასდაკლებებმა მიიქცია. განსხვავებული და დასამახსოვრებელი დაბადების დღის აღსანიშნად ნამდვილი დასვენება და რელაქსაცია მჭირდებოდა. ბევრი ფიქრის გარეშე ვიყიდე ფასდაკლების კუპონი "ჰოთსეილზე" და ჩემს მეგობართან ერთად სასტუმრო „შატო მერე“-ში წავედი.
სამსახურის საქმეებს და თბილისის სიცივეს გამოქცეულებს აქ ნამდვილი სამოთხე დაგვხვდა, მყუდრო და კომფორტული ოთახები სასტუმროს ულამაზესი ხედებით. საღამოს, როცა ოთახში ნებივრობით და სასტუმროს ულამაზესი ადგილების თვალიერებით გული ვიჯერეთ, სასტუმროს კაფეში ჩავედით დასალევად და ჩემი დაბადების დღის აღსანიშნად. სასტუმროს პერსონალმა დაბადების დღის ამბავი რომ გაიგო, პატარა კექსი მომიტანეს ანთებული სანთლით. კექსს ახალგაზრდა ბიჭი მოჰყვა უკან.
- თუ ამ სანთლიანი ნამცხვრით ვიმსჯელებთ, დღეს რომელიმე თქვენგანის დაბადების დღე უნდა იყოს. ნება მიბოძეთ, გამოვიცნო, რომლის...
- ჰოო, მართლაც რთული გამოსაცნობია - ვუპასუხე და კექსზე, რომელიც ხელში მეჭირა, სანთელი ჩავაქრე.
- ჰო, მართლა, მე გიო მქვია - თქვა უცნობმა და მაგიდასთან ჩამოგვიჯდა.
გიო საკმაოდ საინტერესო და მხიარული ადამიანი აღმოჩნდა. სასმელზეც დაგვპატიჟა და სასტუმროს ნომერში ასვლამდე სასეირნოდაც შემოგვთავაზა წასვლა. თეო ძალიან დაღლილი იყო, ამიტომ უარი გვითხრა და დასაძინებლად წავიდა. მე და გიომ კი განათებულ „შატო მერე“-ს ტერიტორიაზე დავიწყეთ სეირნობა. აღმოჩნდა, რომ გიო ჩვენს გვერდითა ნომერში იყო დაბინავებული და თურმე, დილითვე შეგვამჩნია, როცა ჩამოვედით.
ბოლოს და ბოლოს, ამდენმა სითხემ თავისი გაიტანა და ფიზიოლოგიურმა მოთხოვნილებებმა ძალიან შემაწუხეს, თან უზომოდ დავიღალე, ვთხოვე, სასტუმროსკენ მივტრიალდეთ-მეთქი. როგორც იქნა, ოთახთან მოვედით, რამდენჯერმე ჩამოვუსვი გასაღები კარს და ვერ გავაღე.
- რა ჯანდაბა დაემართა? - ვწუწუნებ, თან გაძლებაზე ვარ უკვე.
- მოიცა, აბა, მე ვცდი - გამიღიმა გიომ და ერთი ჩამოსმით გააღო კარი. წესით, ეს ამბავი უნდა გამკვირვებოდა, მაგრამ გაკვირვების გამოხატვის თავიც აღარ მქონდა, უცებ შევვარდი ოთახში:
- იცი, მე მგონი... - რაღაცის თქმა დააპირა გიომ, მაგრამ სანამ წინადადებას დაასრულებდა, კარი ცხვირწინ მივუკეტე და აბაზანაში შევვარდი გიჟივით. მახსოვდა, რომ უნიტაზი მარჯვენა მხარეს იდგა. იქ შესულს კი არაფერი დამხვდა თავის ადგილზე.
აბაზანიდან გამოსულს ყველაზე მეტად ის მეუცნაურა, რომ თეო ოთახში არ დამხვდა.
”ნეტა სად დაბოდიალობს” - გავიფიქრე და პირდაპირ ტანსაცმლიანი შევწექი ლოგინში, რომელიც თითქოს ორსაწოლიანი მახსოვდა...
მართლა ცუდი შეგრძნება ყოფილა, როდესაც დილით იმ ადგილას იღვიძებ, სადაც წესით, არ უნდა ყოფილიყავი და თავში ყველა მოვლენის აღდგენას ცდილობ. როდესაც ასე თუ ისე ყველაფერი გავიხსენე, ოთახიდან გამოვვარდი და დაბლა ჩავედი, დავინახე, რომ გიოს ფოიეში, დივანზე ეძინა.
- რატომ არ მითხარი, რომ შენს ოთახში შევდიოდი?
- ვაპირებდი, მაგრამ ისე გინდოდა, ის ოთახი შენი ყოფილიყო, წინააღმდეგობა ვეღარ გაგიწიე - გამიღიმა გიომ.
- რა სირცხვილია, დასასვენებლად ჩამოსული ადამიანი მთელი ღამით ასე დივანზე მოკუნტული დაგტოვე.
თუმცა, გიოს ეს ამბავი დიდად არ აწუხებდა, მეორე დღეს, დაღლილობის და უძილობის მიუხედავად, მან ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად დაგვპატიჟა კახეთში. ჩურჩხელის ამოვლებაში და ხინკლის მოხვევაშიც მივიღეთ მონაწილეობა. სხვათა შორის, ეს აქტივობები თვითონ სასტუმრომ შემოგვთავაზა.
საღამოს ერთად წამოვედით თბილისში და იმაზეც შევთანხმდით, რომ ჩვენი თავგადასავლები აქ არ დასრულდებოდა.